18 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” შეკრებილ 500 გულშემატკივარს შორის მაღალი აღნაგობის, მღვდლის ანაფორით შემოსილი მამაო გამოირჩეოდა, გულმხურვალედ რომ ქომაგობდა პატარა ქართველებს ჰოლანდიელებთან და ჩვენების შეტევებისას ლოცვებსაც ბუტბუტებდა-ხოლმე. სამწუხაროდ საფეხბურთო თემი ძალიან შეცოტავდა საქართველოში და ეროვნულ ჩემპიონატზე მოსიარულე ქომაგი ლამის ყველა ერთმანეთის ნაცნობია, ჰოდა ჩვენს მიერ ზემოთხსენებული სასულიერო პირი, მამა ანთიმოზიც ეროვნული ჩემპიონატის ერთგული ქომაგია, “დინამო არენაზე” ხომ მუდმივი სტუმარი და თბილისის “დინამოს” მხარდამჭერია.
მამა ანთიმოზს ქართველი საზოგადოება უფრო ლგბტ-სთან მებრძოლად იცნობს, 17 მაისის კადრებმა, სადაც იგი გარყვნილი ცხოვრების მიმდევართ ვითომდა ემუქრება და აგინებს, ინტერნეტი ლამის ააფეთქა და აკი ამის გამოც სასამართლოში მოხვდა, თუმცაღა ხელმოსაჭიდი ვერაფერი უპოვეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მამა ანთიმოზი, ერისკაცობაში …თამაზ ბიჩინაშვილი თბილისის “ნორჩ დინამოელში” დადიოდა ფეხბურთზე, ტექნიკურ თავდამსხმელად მიიჩნეოდა, ტყავის ბურთის პრიზზე არაერთხელ გამხდარა საქართველოს ჩემპიონი და ბომბარდირი, მისი მწვრთნელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი გრიშა გაგუა იყო, თანაგუნდელები კი – მამუკა აბუსერიძე, გოჩა ტყებუჩავა, საშა მეშკოვი... დიდი ფებურთი არ უთამაშია, მაგრამ დიდი ქომაგი კი გახდა. აფხაზეთის ომში უფროსი ძმა დაკარგა და მისი ობლების მოვლა ითავა, ძმისშვილები გზაზე დააყენა... … მერე გულმა ეკლესიისკენ გაუწია, ამ ცამეტი წლის წინათ კი ბერად აღიკვეცა და ნაციონალების მოსვლის შემდეგ დავით გარეჯს მიაშურა. იქ მსახურობდა სხვა ათიოდ ბერთან ერთად და ჩუმად, ლოცვითა და მარხვით ეხვეწებოდა უფალს საქართველოს გაბრწყინებას. თუმცა, როცა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გარეჯის სამანებს მოადგებოდნენ, ლოცვად დაჩოქილი მამა ანთიმოზი მრისხანედ წამოიმართებოდა და შიშველი ხელებით იცავდა ქართველების სისხლით გაპოხილ მიწას. სამჯერ ავტომატიც გადაუტენიათ მესაზღვრეებს აბეზარი მამაოს დასახვრეტად, მაგრამ არ ეპუებოდა და უფრო ჯიქურ მიიწევდა მათკენ – ქართულად უძახდა: მესროლეთ თქვენი, ექვსიათას მეერთე ვიქნებიო! ასე, მკერდით ეფარებოდა ათასწლოვან ქართულ ქრისტიანულ ძეგლებს და რა გასაკვირია, ქართული ტრადიციების დასაცავად ქუჩაში რომ გაიჭრა... წერა ყოველთვის უყვარდა, "უცნობი ბერის" ფსევდონიმით ესსეებს წერდა "კვირის პალიტრაში". გარეჯში მარტვილობისას კი მამაომ თხელყდიანი ნაწარმოები "თეთრი, შავი, წითელი..." დაწერა, სადაც, პატარ-პატარა ესეები სახარებისეული სიბრძნითაა გაჯერებული და სიმდაბლისა და სინანულისკენ მოგვიწოდებს. მოკლედ, ჩვენი მამა ანთიმოზი, საერო ცხოვრება იქნება, ფეხბურთი თუ ლიტერატურა – ყველაფერში ქრისტიანობის დამცველთა მეოხია...
19 წლამდელთა თბილისური ტურნირის წინ ჩვენი ჭაბუკების დამრიგებელ ვასილ მაისურაძესთან შეთანხმებით მამა ანთიმოზმა ნაკრების წევრების შეხვედრა მოაწყო საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. უწმინდესმა და უნეტარესმა დალოცა ბიჭები და წარმატება უსურვა, მეუფე იობმა კი ზეთი აცხო და ბიჭები საქართველოს სახელისთვის საბრძოლველად განაწყო. ჭაბუკები მერე ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ – ეს რა ძალა ჰქონია პატრიარქის დალოცვასო და რაღა გასაკვირია, ბდღვირი რომ ადინეს მეტოქეებს...
43 წელია, მამა ანთიმოზი თბილისის “დინამოს” გულშემატკივარია. რომან ფიფიას განსაკუთრებით სცემს პატივს და მის სახელზეც ლოცულობს – თბილისის “დინამოს” პრეზიდენტს დიდი შეწევნა გამოუჩენია სამების ტაძრის მოხატვისას და ქრისტიანული ვალი მოუხდია. სწორედ ბატონი რომანის თაოსნობით მიაღწევს “დინამო” საოცნებო ჩემპიონთა ლიგასო, იმედოვნებს მამაო...
როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, მამა ანთიმოზი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს და არც ქართული ფეხბურთი ავიწყდება. ტაძრის ეზოში არაერთხელ გავესაუბრე და მითხრა – სანამ ერი და ბერი ერთად არ ვიქნებით, სანამ ქართული ფეხბურთი ქრისტიანული სარწმუნოებით არ გაჯერდება, წარმატებებს ვერ მივაღწევთ, მიხედოთ ფეხბურთს ნაღდი, ქრისტიანული გულით და ღმერთიც შეგვეწევაო...…
მამუკა კვარაცხელია







