ერთ დროს, თენგიზ სულაქველიძის აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოში. თბილისის “დინამოს” ყოფილმა ვარსკვლავმა მართლაც დიდი საქმე გააკეთა, იქ საქართველოს ეროვნულ და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს, ასევე, უცხოურ გუნდებსაც უვარჯიშიათ. სულაქველიძის აკადემიაში გაიზარდნენ ოთარ მარცვალაძე, შოთა კაშია, დავით იმედაშვილი, საბა კვირკველია, ძმები ლაშა და ნოდარ ჭელიძეები, გივი იოსელიანი და სხვები. დღესდღეობით ეს აკადემია თბილისში მოწინავე აღარაა, რადგან ინვესტორი არ ჰყავს.
აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი გახლავთ. “დინამოსა” და სსრკ-ის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის ვაჟი. “მსოფლიო სპორტი” სულაქველიძე-უმცროსს როგორც აკადემიის, ასევე ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე და კლუბ “მარკ სტარსზე” ესაუბრა. ბევრს ეცოდინება, რომ “მარკ სტარსი” წელიწადნახევრის წინ დაარსდა, ხოლო გასული წლის ზაფხულიდან საქართველოს ჩემპიონატის II ლიგაში გამოდის.
თავიდან სწორედ “მარკ სტარსზე”, რომლის პრეზიდენტიც და დამფუძნებელიც ნიგერიელი კევინ ბლეიკ ოტუსი გახლავთ:
სულაქველიძე-უმცროსი: - ბლეიკი თავად ფეხბურთელი იყო და ნიგერიის იმ თაობის მოთამაშეა, რომლებმაც 1996 წელს ოლიმპიადა მოიგეს. სხვადასხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა, მათ შორის, “შტუტგარტერ კიკერსში”. ის აზერბაიჯანშიც მუშაობდა და წარმატებული პროექტიც ჰქონდა, რომელიც მიზნად ისახავს მარკეტინგული კლუბის შექმნას. ერთხელ, როდესაც ჩვენს აკადემიაში ვარჯიშს ვატარებდი, მოვიდა და დაესწრო. სრულიად უცხო კაცი გამომელაპარაკა, ქართული ფეხბურთიოს ამბები აინტერესებდა. შემდეგ კი კლუბის შექმნის იდეაც დაიბადა. რა თქმა უნდა, მთავარი როლი მამაჩემმა შეასრულა. ის რომ არა, იდეა ვერ განხორციელდებოდა. “მარკ სტარსი” დაარსდა და კლუბის მენეჯერი გახლავთ ბექა ჭავჭანიშვილი. მან ასევე დიდი როლი ითამაშა კლუბის შექმნაში. მწვრთნელი, როგორც იცით, მე გახლავართ, ასისტენტი ზაზა ცინარიძეა, ხოლო მეკარეების მწვრთნელი ილია ხუჭუა.
- “მარკ სტარსს” 5 აფრიკელი ფეხბურთელი ჰყავს. მათზე ვრცლად გვითხარით.
- ახლა ოთხნი დარჩნენ. ერთი მცველი, განელი კოჯო ნიგერიის კლუბში გაიყიდა, რომელიც აფრიკის ჩემპიონთა თასზე გამოდის. დარჩნენ კელა კენგე (კამერუნი), ჩუკენენსო, ნვანკვო მარტინსი და კრისტიანო ჩიდი. მარტინსი მეორე ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, 15 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. 9 ბურთი აქვს ჩიდის. როგორც იცით, “ბენდელას თასზე” გამოვდივართ და ჩვენმა ლეგიონერებმა სხვა ქართული კლუბები დააინტერესეს.
- “ბენდელას თასზე”, როგორც ვიცით, მეოთხედფინალში გახვედით.
- დიახ, ჯგუფის ბოლო ტურში 4:1 მოვუგეთ რუსთავის “მეტალურგის” დუბლებს და მეოთხედფინალში “ზუგდიდს” ვხვდებით 7 თებერვალს მცხეთაში.
- როგორი პირობებია “მარკ სტარსში”?
- მეორე ლიგის კვალობაზე, მართლაც ნორმალური. პირველი ლიგის ბევრი გუნდიც ვერ დაიკვეხნის. ფეხბურთელებს 4 სხვადასხვა სათამაშო ფორმა აქვთ, პლუს, სავარჯიშო ფორმები. ხელფასები არაა, მაგრამ არის პრემიები და ბონუსები. აქვე ვიტყვი, რომ ბლეიკს პასპორტთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, გრძელვადიან ვიზას ვერ აკეთებს და კარგი იქნება, თუ დაეხმარებიან შესაბამისი ორგანოები. ცუდ საქმეს არ აკეთებს ეს კაცი, ამ კლუბს სახლში არ წაიღებს.
- საქართველოს II ლიგის გუნდიდან ფეხბურთელის გაყიდვა – ძალიან რთული უნდა იყოს.
- გეტყვით, რამდენი ფეხბურთელია ასეთი. ლერკი და ალენი, დღეს “საბურთალოში” რომ თამაშობენ, ჩვენგან წავიდნენ. მარტვილის “მერანში” რაფაელი გავუშვით. მეკარეები, ბუცა კოტრიკაძე “შუქურაში”, გივი გაგნიძე კი “ვიტ ჯორჯიაში” გადავიდნენ. ასევე, მამუკა რამიშვილი “გაგრაში” და კიდევ, “ბახმაროში” გადავიდა ორი ფეხბურთელი. განელზე უკვე ვთქვი, რომელიც ნიგერიის კლუბში გავყიდეთ. “მარკ სტარსში” ისე არაა, რომ მაინცდამაინც ლეგიონერებზე კეთდებოდეს აქცენტი. ძირითად ბირთვს ქართველი ახალგაზრდები შეადგენენ და მეამაყება, რომ მათი 75 პროცენტი ჩვენს აკადემიაში გამოვლილი მოთამაშეები არიან. მათთან ერთად ვმუშაობდი, როცა ბავშვები იყვნენ. ჩემპიონატის პარალელურად, რამაზ შენგელიას სახელობის თასი იმართება მეორელიგელ გუნდებს შორის. 8 გუნდია დარჩენილი, მათ შორის ჩვენც და ძალიან მინდა, ეს თასი მოვიგო. შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ოცნებაა და მიხვდებით, რატომაც: შენგელია ხომ მამაჩემის თანაგუნდელი და ახლო მეგობარი გახლდათ.
- აფრიკელ ლეგიონერებს არ უჭირთ საქართველოში ცხოვრება?
- გარკვეულწილად, უჭირთ. აი, მაგალითად, ბენდელას თასზე “ცხუმთან” 2:3 წავაგეთ ჯგუფში და დიდწილად იმიტომ, რომ თოვლიან ამინდში აფრიკელები გაჩერდნენ. თოვლი კი ენახათ, მაგრამ ასეთ ამინდში თამაში ვერ წარმოედგინათ. ისე კი, ქართველ ფეხბურთელებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვთ. საერთოდ, საქართველო მოსწონთ.
- სულ ფეხბურთში ტრიალებთ, ბავშვებთანაც მუშაობდით და საინტერესოა, როგორ შეაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას?
- სანამ ბავშვთა ფეხბურთს საფუძვლიანად არ მიეხედება, ძალიან გაგვიჭირდება. წინ ხომ უნდა გავიხედოთ. “დინამო” და “საბურთალო” – ფაქტობრივად, ეს ორი სკოლაა, რომლებიც მართლაც მაღალ დონეზე მუშაობენ და ბავშვებს პირობებს უქმნიან. ორი ძალიან ცოტაა. დიდი მადლობა ეკუთვნით ამ ხალხს, რომ ფეხბურთში ამხელა ფულს დებენ და ღმერთმა ქნას, გასაქცევად არ გაუხდეთ საქმე. მართალი თქვა ბატონმა ლევან ყიფიანმა, ბავშვთა ფეხბურთისადმი მეტი ყურადღებაა საჭირო. სკოლების დახარისხება უნდა მოხდეს.
- დახარისხება რა მხრივ? კონკრეტულად გვითხარით.
- აუცილებლია მწვრთნელების გადამზადება და და იმ პირობების შექმნა, რომელიც ან გადასახადს დასწევს ბავშვისთვის, ან სულაც მოუხსნის. ყველამ ვიცით, რომ მშობელს ბავშვის ფეხბურთზე ტარება უჭირს. დახარისხებაში იგულისხმება ის, რომ ყველას არ უნდა ჰქონდეს ბავშვთან მუშაობის უფლება, არადა, რამდენი მინი-გუნდია თბილისში... ეზოს მოედნებზე ავარჯიშებენ.
- ეს მშობლის ბრალია: არ უნდა მიიყვანოს ბავშვი ასეთ გუნდში.
- კი, მაგრამ მიდგომა ასეთი აქვს მშობელს: “მირჩევნია, აქვე შედარებით იაფად ვატარო და ფანჯრიდან ვუყურო”. ეს ვითომ მასობრიობაა? პირიქით, კლავს მასობრიობას.
- თენგიზ სულაქველიძის აკადემია თავიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ახლა კი ვიცი, რომ ისეთი პრესტიჟული ვეღარ არის. მთავარი მოედნების პრობლემაა?
- დიახ. მოსაგვარებელია ხელოვნური მოედნის საკითხი, რათა უამინდობაში ბავშვს შეეძლოს იქ ვარჯიში. დიდ თანხას საჭიროებს ამის გაკეთება. საკმაო ფული უნდა ბუნებრივი მინდვრების მორწყვას. ასე რომ, დახმარება გვჭირდება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთლიანად ბავშვთა ფეხბურთს. წეღან “დინამო” და “საბურთალო” გამოვარჩიე: მათთვისაც ცუდია, როცა კონკურენტი არ ჰყავთ. 10:0-ს რომ მოუგებ და წელიწადში სულ 3-4 თამაშს ჩაატარებს ბავშვი, რომელშიც წინააღმდეგობას გრძნობს, იქ გაუჭირდება წინსვლა. 0:10 წაგებული გუნდის ბავშვი უფრო ისწავლის, ვიდრე ის, რომელმაც 10:0 მოიგო.
- დღესდღეობით რამდენი ბავშვი ვარჯიშობს თქვენს აკადემიაში?
- 150-დან 180-მდე. ყველა ასაკობრივი ჯგუფი გვყავს. ჩამორჩენილები სულაც არ ვართ და შარშან 2002 წელს დაბადებულთა შორის ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალიც მოვიგეთ. გვყავს კარგი სპეციალისტები ვახტანგ კოპალეიშვილის, ზაზა ცინარიძის, რეზო სანთელაძის, ავთო ნებიერიძის სახით. ჩვენი ფეხბურთელები გადადიან უმაღლესი ლიგის კლუბებში, ხოლო საბა კვირკველია ცალკე თემაა... ის ჩვენთან გაიზარდა, კოპალეიშვილს მისი ბოლომდე სჯეროდა და ამბობდა, დიდ ფეხბურთს ითამაშებსო. ისე მოხვდა “რუბინში”, საქართველოს ჩემპიონატში ერთი წუთიც რომ არ უთამაშია. საამაყოა, გუშინ შენთან იზრდებოდა, 2 თვეში კი ხედავ, “ლიონისა” და კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გამოდის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. და მაინც, სულ ასე ვერ გაგრძელდება. ბავშვთა ფეხბურთს პროგრამა სჭირდება, ჩვენ ეს შემუშავებული გვაქვს და ლევან ყიფიანთან შევიტანეთ. იმედია, რეაგირება შესაბამისი იქნება. სახელმწიფოს თანადგომა გვჭირდება, რათა ბიზნესმა ქართულ ფეხბურთსაც მიხედოს.
- ქართულ ფეხბურთში იკლო ლაღად მოთამაშეთა რიცხვმა, ინდივიდუალისტები თითქმის გაქრნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- გეთანხმებით, ასეა. საქართველოს ადრე ყოველთვის ჰყავდა ტექნიკურად დახვეწილი ფეხბურთელები, თავისუფალი, ლაღი მოთამაშეები. ჩემი აზრით, ქართველ ჭაბუკს ან ბავშვს თავისუფლად თამაში არ უნდა დაუშალო. ჩვენ გვაქვს თავისებურებები და ზედმეტია უცხოური მოდელები. ხშირად მოისმენთ, რამაზ შენგელიას და დავით ყიფიანს დღეს თამაში გაუჭირდებოდათო, რაც უბრალოდ, სასაცილო მოსაზრებაა. არ დაგვავიწყდეს, “დინამოს” ოქროს ხანა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა მსოფლიო ფეხბურთში ვარსკვლავების ინდივიდუალისტების ხანა იდგა და არ იყო დღევანდელივით, როცა ყველგან მხოლოდ მესი და რონალდუ ისმის. თუმცა, ჩემი აზრით, იბრაჰიმოვიჩი მათზე არანაკლები და მეტიც, მათზე ძლიერია. და იმ ვარსკვლავურ პერიოდში ქართული ფეხბურთი თავის სიტყვას ამბობდა.