საბჭოეთის დროიდან მოყოლებული, თემურ ლორთქიფანიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. მის ხელში არაერთ ძლიერ მოთამაშეს გაუვლია, თუმცა ერთი მაინც განსაკუთრებული გახლდათ – გიორგი ქინქლაძე. ლორთქიფანიძეს “ქინქის” ბავშვობაზე ვესაუბრეთ: როგორ იზრდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, რა თავისებურებები ჰქონდა...
ლორთქიფანიძე გია ცეცაძის თანაშემწე გახლავთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში და რა თქმა უნდა, მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ ამ ბიჭებმა მთელი ქვეყანა გაახარეს და ევროპის 8 საუკეთესოს შორის გავიდნენ.
აქვე, “მსოფლიო სპორტის” ინტერვიუ ლორთქიფანიძესთან.
- ქინქლაძით დავიწყოთ. როგორც ვიცით, რამდენიმე წლის განმავლობაში წვრთნიდით.
- 1983-დან 1987 წლამდე ვწვრთნიდი “ნორჩ დინამოელში”. ანუ, გიორგი 10 წლის იყო, ჩემს გუნდში რომ მოხვდა და 14 წლამდე ვავარჯიშებდი. მისი პირველი მწვრთნელი ავთო ხელაშვილი გახლდათ, შემდეგ ოთარ გეგეჭკორი ავარჯიშებდა. მე როცა მივედი, 1973 წელს დაბადებულთა გუნდი დაშლილ მდგომარეობაში იყო, სულ 6 ბავშვი ვარჯიშობდა. დიდი ნაწილი 35-ე საფეხბურთო სკოლაში გადავიდა. ერთ ბავშვზე მითხრეს, ფეხბურთს თავი დაანებაო. სხვა ბავშვებს ვთხოვე, მომიყვანეთ-მეთქი. მოიყვანეს, თან დედა მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ ცეკვაზე დადიოდა. მამამისი, ბატონი რობინზონი იმ დროს მოსკოვში იყო სამუშაოდ, დედამ, ქალბატონმა ხათუნამ კი მითხრა, ცეკვაზე მინდა იაროს, სუხიშვილების ანსამბლში ყველა აქებსო. ვთხოვე, 3 დღე ცეკვაზე იაროს და 3 დღე ფეხბურთზე-მეთქი. შევთანხმდით. აი, ასე მოვახერხეთ ქინქლაძის ფეხბურთში მობრუნება. გუნდი შეიკრიბა, სხვა ბავშვებიც მოვიყვანეთ.
- პირველად რომ ნახეთ ვარჯიშზე, რა შთაბეჭდილება მოახდინა?
- მივხვდი, ვისთანაც მქონდა საქმე. გამორჩეული იყო. ძალიან იოლად ატყუებდა მეტოქეს. ლიდერის თვისებები ჰქონდა.
- თუმცა, ჩუმი ლიდერი ყოფილა - ხმას არ იღებდაო. ასე იყო?
- დიახ. წყნარი ბავშვი იყო. ძალიან თავდაჯერებული თამაშობდა. ყოფილა შემთხვევები, 4 წლით დიდებთან გვითამაშია და მოგვიგია. ჩემს გუნდში თავდამსხმელად ვათამაშებდი და თავისუფლებას ვაძლევდი. თავისი თამაშით ის იმსახურებდა, რომ თავისუფალი ყოფილიყო. ასეთი ჩარჩოში არ უნდა ჩასვა. ძირითადი სიმძიმე გიოზე გადადიოდა. ვატყობდი, რომ მაგარი ბიჭი დადგებოდა. შაბათ-კვირას ქალაქგარეთაც გამყავდა ბავშვები, ხან იპოდრომზე ვავარჯიშებდი პატარა ჩოგბურთის ბურთით, რათა ტექნიკა უფრო დახვეწოდათ.
- საქართველოს გარეთ ტურნირებზე რა შედეგები ჰქონდათ?
- სადაც ჩავედით, ყველგან მოიგეს ტურნირები. ნალჩიკში, ერევანში... სხვადასხვა ქალაქებში.
- ქინქლაძე ვარჯიშებს ხომ არ აცდენდა?
- არა. საერთოდ, რთული ხასიათისა არ იყო. პირიქით, იმდენად წყნარი გახლდათ, როცა გაიზარდა, გუნდშიც კი ვერ მოხვდა. ალბათ, იცით, რომ თავიდან "მრეტებში" იყო და მერე გადაიყვანა თბილისის "დინამომ". იმ დროს უკვე 35-ე სკოლაში ვიყავი. ფინეთში მივდიოდი, გუნდი მიმყავდა და ქინქლაძის მამა შემხვდა, "მრეტებშია" და ეგებ, სადმე სხვაგან გადავიყვანოთო. რეზო ძოძუაშვილმა გადაიყვანა "დინამოში". რეზოს ტალანტების ამოცნობის ნიჭი ჰქონდა, გიოსნაირს ხელიდან არ გაუშვებდა.
- ანუ, ქინქლაძე და თვითრეკლამა წარმოუდგენელი იყო, ხომ?
- არანაირი თვითწარმოჩენის უნარი. ხასიათით იყო მშვიდი და თავმდაბალი. ზოგი ისეთია, ათჯერ უკეთესად მოგაჩვენებს თავს, ვიდრე სინამდვილეშია, გიო - პირიქით. მგრძნობიარე ბიჭი იყო: გერმანიის "ზაარბრიუკენში" თავი ვერ წარმოაჩინა, იმიტომ, რომ თუ სითბოსა და სიყვარულს ვერ იგრძნობდა, თუ თავისი თამაშის სტილს არ უფასებდნენ, არც ეს იჩენდა ინიციატივას. "მანჩესტერ სიტიში" პირიქით, ფრენსის ლიმ დაინახა, რასაც წარმოადგენდა და გიომაც სასწაულები აკეთა.
- მას შემდეგ გყოლიათ ქინქლაძის დარი ტალანტი?
- როგორ გითხრათ. ბევრი ნიჭიერი მყოლია, მაგრამ გიოს თვითნაბადი ტალანტი ჰქონდა. მაგალითად, 1973
- ამჟამად ისევ 35-ე სკოლაში ავარჯიშებთ?
- უკვე აღარ, რადგან 19-წლამდელთა ნაკრებში ვარ და ორივე ერთად არ შეიძლება. ინდივიდუალურად ვავარჯიშებ ბავშვებს.
- 19-წლამდელთა ნაკრებზე ვთქვათ. მთავარი, რამაც ეს წარმატება მოიტანა, რა იყო?
- ერთიანი სისტემა, ერთი ხედვა. ბიჭები დავაჯერეთ, რომ მეორე ნომრად კი არა, პირველ ნომრად უნდა თამაშობდნენ და ეს შედეგის მომტანი იქნებოდა. გარდამტეხი იყო პორტუგალიური ოთხთა ტურნირი, სადაც პირველი თამაში პორტუგალიასთან წავაგეთ, მაგრამ თანაბარი თამაში იყო და მომენტები გვქონდა. ბიჭებმა დაიჯერეს, რომ ამ ასაკში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთანაც კი შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში. ანუ, ფსიქოლოგიური მომენტი იყო, შემდეგ კი ამ ყველაფრის დახვეწა დაიწყო.
- პირველ ნომრად თამაში სასიამოვნოცაა და რთულიც. ადვილად დასძლია ნაკრებმა?
- დაცვა მეტოქის ნახევარზე იწყება. როცა ამას ახერხებ და მეტოქეს მისსავე ნახევარზე ზღუდავ, ბურთის კონტროლის მეტი საშუალებაც გაქვს. ბურთი წინ მოიგერიო და იქ ერთმა კაცმა რაღაცა ქნას - ჩვენთან ასე არაა. ბურთს ვინც ფლობს და მეტოქის ნახევარზე აქტიურია, მეტწილად ის იგებს. ეს მე არ მომიგონია, ფაქტია, ასეა. "ბარსელონას" საქმე გააგრძელა "ბაიერნმა", წინ აგრესიული თამაში დაიწყო და ყველამ ნახა, რასაც მიაღწია.
- რა თქმა უნდა, ასეა. ისევ ბავშვთა ფეხბურთზე: ქინქლაძეზე ბევრი რამ თქვით და შედარება თქვენთვის იოლი იქნება - იმ დროს უფრო იყო ბავშვებში ხარისხი თუ ახლა?
- სხვა და სხვა სისტემაა, რადგან ადრე ბავშვები გადასახადებისგან თავისუფალნი იყვნენ, ოღონდ ყველას როდი იღებდნენ. არჩევა ხდებოდა. ახლა კი აქცენტი რაოდენობაზეა გაკეთებული, რადგან ამ შემთხვვაში ბევრ ფულს აიღებ. სისტემაა შესაცვლელი. სანამ ეს გადასახადები იქნება, ტყუილია, არაფერი შეიცვლება მნიშვნელოვნად. სისტემა იგივე იქნება.