საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობამ, ხუთშაბათს, “დინამო არენაზე” ახალწვეულები წარადგინა.
მასმედიის წარმომადგენლების თვალწინ, ზამთრის სატრასფერო პერიოდში შეძენილ ფეხბურთელებს, მუდმივნომრიანი მაისურები კლუბის გენერალურმა დირექტორმა სანდრო შახოვმა, სპორტულმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩეხმა დუშან უჰრინმა გადასცეს. მედიასთან კომუნიკაციას ტრადიციულად კლუბის პრესატაშე გიგა გვენცაძე უზრუნველყოფდა.
33 წლის მცველი გიორგი შაშიაშვილი, რომელსაც “დინამოში” არაერთი სეზონი გაუტარებია, 37-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მან გორის “დილაში” გაატარა.
“დინამოს” დაუბრუნდა 29 წლის ცენტრალური თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელმაც სეზონი რუსთავის “მეტალურგში” დაიწყო. ის თბილისელთა რიგებში 18-ნომრიანი მაისურით იასაპრეზებს.
ზამთარში “დინამოს” დაემატა ლაშა შინდაგორიძე, რომელიც ბოლოს დანიის “ორჰუსის” ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. 20 წლის შემტევი ნახევარმცველს 29-ნომრიანი მაისური ერგო.
“დინამოს” შეემატა 30 წლის ბასკი მცველი უსტარიცი, რომელიც წლების განმავლობაში ბილბაოს “ატლეტიკში” გამოდიოდა და ასევე, “ბეტისში” უთამაშია. იგი 4-ნომრიან მაისურს მოირგებს.
29 წლის სლოვაკი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი, საქართველოში ჩამოსვლამდე, ჩეხეთის წამყვან კლუბებში “სპარტასა” და “სლავიაში” ასპარეზობდა. მან 27-ნომრიანი მაისური მიიღო.
გერმანელი მარცხენა მცველი პატრიკ მილხრაუმი, ამ სეზონის პირველ ნახევარში “ზესტაფონში” გამოდიოდა. 29 წლის ფეხბურთელი “დინამოში” 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
22 წლის სენეგალელი განაპირა მცველი ემანუელ მენდი, აქამდე ინგლისის “ლივერპულის” სარეზერვო გუნდში ირჯებოდა. ამჯერად, “დინამოს” ღირსებას 20-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
ბადრი კეთილაძის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია