კვირადღე თბილისში სპორტული და საინტერესო გამოდგა. ჯერ დიღომში საზეიმოდ გაიხსნა ვიტალი დარასელიას სახელობის “დინამოს” აკადემია, რომელსაც მსოფლიოს 2 ლეგენდარული ფეხბურთელი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და უკრაინელი ანდრეი შევჩენკო დაესწრნენ, შემდეგ კი, თბილისის და მოსკოვის დინამოელთა ამხანაგური მატჩი გაიმართა. მოსკოველები სეზონს უკვე 14 ივლისს იწყებენ. ამიტომ, ეს მატჩი მათთვის ბოლო საკონტროლი სპარინგი იყო. აკი, თქვა კიდეც მათმა მთავარმა მწვრთნელმა დან პეტრესკუმ, მატჩი ამხანაგური კია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მალე რუსეთის ჩემოპიონატი იწყებაო. მისმა ოპონენტმა დუშან უჰრინმა კი დასძინა, ვეცდებით მეტოქეს ტოლი არ დავუდოთო.
ვერ ვიტყით, რომ თამაში კარგი საცქერი იყო. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და გუნდებიც ჩვეულ ფორმაში არ არიან. დასაწყისშივე სტუმრები დაწინაურდნენ. მოსკოველთა შეტევისას, თბილისელთა დაცვის ცენტრი “ჩავარდა” და ვლადიმერ სობოლევს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. მალევე, სობოლევი ისევ სახიფთოდ ურტყამდა, მაგრამ ლორიამ იყოჩაღა. ჩვენიანებიც ცდილობდნენ, თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ სადღაც მე-14 წუთისთვის, მოსკოველთა კართან პიველი სახიფათო მომენტი შეიქმნა - მერებაშვილმა მოხდენილაედ აუარა რამდენიმე მოწინააღმდეგეს გვერდი და შუნინთან პირისპირ დარჩა, თუმცა შეტევის წარმატებით დასასრულებლად ძალა აღარ ეყო. ამის შემდეგ, მასპინძლებმა მცირე ტერიტორიული უპირატრსობა მოიპოვეს, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. 30-ე წუთზე კი, დინამოელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, მერებაშვილი ამჯერად მარცხენა ფრთიდან შეიჭრა, ჩააწოდა და გრაიციარის სახიფათო დარტყმა შუნინმა კუთხურზე მოიგერია. 39-ზე, ისევ მერებაშვილმა დაარტყყა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და ხარიხას მოხვდა.
მეორე ტაიმი ჩვენებმა უკეთ ჩაატარეს. ჩისკო, რომელიც თავიდან ცოტა დამძიმებული გვეჩვენა, გამოცოცხლდა და რამდენჯერმე ორთაბრძოლების შუაში მოექცა, 73-ე წუთზე კი “თავისი” გოლიც გაიტანა. აქტიურობდა შეცვლაზე შესული ირაკლი ლექვთაძეც. თბილისელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. ისიც აღსანიშნავია, რომ მოსკოველებმა უხეშობას უმატეს და საქმე იქამდეც მივიდა, რომ პეტარ გრაიციარი საკაცითაც გაიყვანეს.
საბოლოოდ, 1:1. ანგარიში, რომელიც ამ გუნდების ისტორიაში ყველაზე პოპულარულია.
დინამო (თბილისი) – დინამო (მოსკოვი) 1:1 (0:1)
7 ივლისი. თბილისი. “დინამო არენა.”
დინამო (თბ): ლორია, კვარაცხელია (შაშიაშვილი 80), უსტარიცი, სეთურიძე, კვირკველია (გლიშიჩი 69), ძარია, ხმალაძე, გრაიციარი (პაპავა 73), მერებაშვილი (ლექვთაძე 65), დვალი (ელგუჯა გრიგალაშვილი 58), ჩისკო (ხოჭოლავა 88)
მწვრთნელი: დუშან უჰრინი
დიმამო (მ): შუნინი, ფერნანდეზი, იუსუპოვი (ფლორესკუ 46), სმოლოვი (პანიუკოვი 79), ეპურეანუ, ნობოა (ზობნინი 74), ვორონინი (ჯუჯაკი 75), უილკშირი (შიტოვი 46, ჩიჩერინი 88)), ლომიჩი, სობოლევი (გატაგოვი 46), სოლომატინი (ტაშაევი 61)
მწვრთნელი: დან პეტრესკუ
გოლები: 0:1 სობოლევი (3), 1:1 ჩისკო (73)
გაფრთხილება: სმოლოვი (65), ფერნანდეზი (69), ზობნინი (79), ფლორესკუ (84), გატაგოვი (90)
მსაჯი: ლაშა სილაგავა