ჩოგბურთი

17:17 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი გამოეთიშა, კალაშნიკოვა წყვილებში იასპარეზებს

 

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში 3 გამარჯვება იზეიმა და 50 სარეიტინგო ქულაც მიითვალა, ძირითად ბადეში კი პირველივე თამაში დათმო.

პუერტო-რიკოელ მონიკა პუიგთან მატჩი საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ქართველი ჩოგბურთელი 2:6, 4:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ანამ 8 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 1 გამოიყენა, მისი მეტოქე კი საჭირო ჟამს გაცილებით კონცენტრირებული იყო: 5 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი.

ტატიშვილს ეისი არ მოუწოდებია და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 10 “ვინერი” ჰქონდა, 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ჯამში კი პუერტო-რიკოელზე ოცით ნაკლები გათამაშება (48:68) მოიგო.

როგორც აღვნიშნეთ, ანას სამომავლოდ 50 ქულა შეემატება, დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში კი მას 499 ქულით ისევ 126-ე ადგილი უკავია. სულ განახლებულ რეიტინგში 8 ქართველი ჩოგბურთელია:

126 (126). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 214 (214). სოფო შაფათავა – 288; 317 (318), ოქსანა კალაშნიკოვა – 150; 418 (419). ეკატერინე გორგოძე – 97; 453 (456). მაკა ჩახნაშვილი – 81; 743 (743). სოფო ქვაცაბაია – 28; 1206 (1212). მარიამ ბოლქვაძე – 4; 1234 (1238). თამარ ჭალაგანიძე – 3;

დასასრულ დავძენთ, რომ მართალია, ტატიშვილი “აუსტრალიან ოუფენს” გამოეთიშა, მელბურნულ კორტებზე ქართველ ჩოგბურთელს მაინც ვიხილავთ.

საქმე ის გახლავთ, რომ წყვილთა გათამაშებაში მოსინჯავს ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. იგი უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში რუს სვეტლანა კუზნეცოვას და ავსტრალიელ სამანტა სტოსურს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ კალაშნიკოვას გააჩნია – იგი 1632 ქულით 57-ე ადგილზეა. ტატიშვილს 1085 ქულით 84-ე პოზიცია უკავია, ხოლო შაფათავა 382 ქულით 178-ე გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.072356