ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგში, ანა ტატიშვილის მოწინავე ასეულთან კიდევ უფრო მიახლოებას ველოდით, თუმცა, პირიქით კი მოხდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ორი პოზიციით უკან დაიხია და 648 ქულით, 105-ედან 107-ე საფეხურზე გადაინაცვლა.
მიმდინარე კვირაში ტატიშვილი არცერთ ტურნირზე არ ასპარეზობს, ოქსანა კალაშნიკოვამა და მაკა ჩახნაშვილმა თამაში უკვე დაასრულეს, ამდენად, მთავარი ყურადღება სოფო შაფათავას, სოფო ქვაცაბაიასა და თათია მიქაძის გარჯაზე იქნება გადატანილი.
სამივე ქართველი თურქეთის ქალაქ იზმირში იმყოფება, სადაც 25-ათასიან ტურნირში იასპარეზებენ. აღსანიშნავია, რომ პირველ ნომრად განთესილი შაფათავა, საწყის რაუნდში ქვაცაბაიას დაუპირისპირდება, მე-4 რეიტინგის მქონე მიქაძე კი, ჩეხ ევა ჰრდინოვას გაეჯიბრება.
წყვილებში შაფათავა და მიქაძე პირველ ნომრად არიან მიჩნეულნი და ძალებს სლოვენიელ იაკუპოვიჩთანა და ებრაელ გლუშკოსთან მოსინჯავენ.
მექსიკაში რჩება ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. იგი მეხიკო სიტის 10-ათასიან ტურნირზე ძირითად ბადეშია დაშვებული და პირველ ნომრად განთესილ მოლდოველ რომან ბორვანოვთან ჭიდილი ელის.
წყვილთა გათამაშებაში, ბასილაშვილი და ამერიკელი რაჩი, მე-3 რეიტინგის მქონე ფილიპინელ გონსალესსა და ამერიკელ კოუნს დაუპირისპირდებიან.
ქართველები WTA-ს რეიტინგში
107 (105). ანა ტატიშვილი – 648 ქულა; 180 (189). ოქსანა კალაშნიკოვა – 316; 232 (224). მაკა ჩახნაშვილი – 237; 285 (274). სოფო შაფათავა – 182; 308 (306). თათია მიქაძე – 161; 385 (412). სოფო ქვაცაბაია – 106; 493 (492). ეკატერინე გორგოძე – 72; 911 (780). მანანა შაფაქიძე – 14;
ქართველები ATP-ს რეიტინგში
664 (665). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 25 ქულა; 825 (828). ლადო ჩიხლაძე – 13;







