მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს რიგის “სკონტოს” ოფიციალური საიტი. აღმოჩნდა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ თამაზ პერტიას, ლატვიაში ხშირად ანონიმურ წერილებს უგზავნიან, რომელშიც ემუქრებიან. ამის შესახებ, პოლიციაც ინფორმირებულია.
საიტზე წერია, რომ პერტიას საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სხვანაირად მოქცევას ჰპირდებიან. პერტიას “სკონტო” მოლდოვაში “ტირასპოლს” ეთამაშა ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I მატჩში და 1:0 დაამარცხა, რიგაში დაბრუნებულ მწვრთნელს კი, საკუთარი მანქანა აჭრელებული დახვდა ნახატებითა და უცენზურო წარწერებით.
თავად პერტია მშვიდადაა: “ასეთი რაღაცით ვერ დამაშინებენ. ეს ყველაფერი გასართობად უფრო მეჩვენება. ვინ იცის, კიდევ რას მოიფიქრებენ”.