სტატიები

10:49 | 7.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტაიგერ, შეგირცხვა უჩიტელი

იმერეთში რომ იტყვიან, ჩუმალა ეშმაკიო, სწორედაც რომ მსოფლიო გოლფის უპირველეს ვარსკვლავ ტაიგერ ვუდსზეა ზედგამოჭრილი. მთელი მსოფლიო იმას ფიქრობდა, რომ ამ მუდამ პირღიმილიან ახალგაზრდა კაცს, ყველაზე მეტად, გოლფის ჯოხის ქნევა და მილიონების ხვეჭა ემარჯვებოდა და... საქმეში ხარ?! კი, გოლფიც იცის და უყვარს, ამაზე კამათი ზედმეტია, მაგრამ ხომ არსებობს ნამეტნავი სიყვარული (აი, ბიძია-ბაბუასი და თამუნიასი), ეგეთი ნამეტნავი სიყვარულით გოლფის ვეფხვს გოლფი და მინდორი კი არა, ქალი და ლოგინი ჰყვარებია და...
ახლა იმდენ ისეთ სექს-სკანდალებშია გახვეული, იმდენი ფრონტიდან უტევენ მკერდ და გავაგანიერი, ტუჩ და გულგასიებული ქალები, რომ მის, სხვებზე არანაკლებ ეშხიან ცოლს, შვედ სუპერ-მოდელ ელინ ნორდეგრენს გულში ოჯახის დანგრევა ამოუჭრია...
არადა, პირველი მეგოლფის საქმე ასეა - თუკი ახლა ეს სკანდალი აუგორდება და ოჯახს ვერ შეინარჩუნებს, უარი უნდა განაცხადოს  შვიდწლიან პროგრამაზე, ასე ვთქვათ, კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც, საბოლოო ჯამში, 85 მილიონ დოლარს ჩაიჯიბავს. ამიტომაა, გოლფის ჯოხი მოისროლა, მის მაგიერ ქისა იშიშვლა ტაიგერ ვუდსმა და ცოლს, პატიების სანაცვლოდ, 5 მილიონი დოლარი აუჩხრიალა (აუფრიალა, აუტკაცუნა) - ანგარიში რომ ნამდვილად ემარჯვება, არც ესაა საკამათო...
რამდენად საკმარისი იქნება ეს თანხა შეურაცხყოფილი ელინისათვის, მომავალი გვიჩვენებს და მანამდე კი, უახლესი სექს-სკანდალი, სადაც რომეოსა და ჯულიეტას, ტრისტანისა და იზოლდას, ზესნახესა და ბუძგურიას როლში ერთდროულად გვევლინებიან ვუდსი და ნიუ იორკის ერთ-ერთი ცნობილი ღამის კლუბის დიასახლისი, რეიჩელ უჩიტელი...
ქალი რომ არ დაიწუნება, სურათიდანაც კარგად ჩანს, მაგრამ მთავარი სულ სხვაა: მიუხედავად ასეთი გვარისა, ლამაზმან დიასახლისს, სიყვარულს რომ მალვა უნდა, დავიწყებია და ვისაც კი იცნობს, ყველას მოუყვა გოლფის ვარსკვლავთან მისი "ბრის ილი მიაუს" ამბები...
ვარსკვლავი რის ვარსკვლავია, ასეთ რაღაცებზე შესაბამისი რეაქცია არ გამოავლინოს და კეთილშობილ ასულთა სასწავლებლის კურსდამთავრებულზე უმანკოდ არ გვეჩვენოს. მაგრამ ციხე ხომ შიგნიდან ტყდება?! სწორედ ასე დაემართა ტაიგერსაც: ამერიკულმა ტაბლოიდებმა მოახერხეს და გაიგეს, რომ მისმა მეგობარმა ბაირონ ბელმა, საკუთარი საფულიდან გადაიხადა იმ ავიაბილეთის ფასი, რომლითაც რეიჩელ უჩიტელი ფლორიდაში ვუდსთან ჩაფრთხიალდა...
სხვათა შორის, ის ღამე, სადაც უჩიტელს ტაიგერ ვუდსის ზურგის ქარი ანანავებდა, წყვილს "ნეიტრალურ არენაზე" - "ნიუ იორკ იანკისის" კაპიტნის, დერეკ ჯეტერის სამყოფელში გაუტარებია...
ამას გარდა, გასკდა კიდევ ერთი ისტორია - ქელიკ მაკუინისა. ეს გოგონა, ამ ეტაპზე, ლას ვეგასის ერთ-ერთ ცხელსისხლიან გადამფრენ ჩიტად ითვლება და ერთხანს, მსოფლიოს უპირველესი მეგოლფის ერდოზეც მჯდარა. ის კი არა, მისი უცნობი დაქალიც აჭიკჭიკდა: სანამ მაკუინი ასე ცნობილი გახდებოდა, ვუდსის კოკობი ვარდი მე გახლდით და ჩემი გულისთვის ცოლის მიტოვებასაც კი აპირებდაო...
ყველაზე ცუდი და გულისგამგლეჯი კი ის არის (რა თქმა უნდა, ვარსკვლავისთვის), რომ თითქმის ყველა ისტორიას შესაბამისი ფოტო-ფაქტი მოსდევს თან და რაგინდ ლავე ადვოკატები დაიქირაოს, ტაიგერ ვუდსი განწირულია სასამართლოში მარცხისათვის ერთ რომელიმე შემთხვევაში მაინც. ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ცოლმა ხუთ მილიონზე გაცილებით მსუყე ლუკმა მოსთხოვოს...
კიდევ ერთი "სიყვარულის ქალი", ჯეიმი გრუბსა დეტალებამდე წვრილმანდება და ამბობს, რომ ტაიგერი ლოგინშიაც ისევე დიდებულია, როგორც გოლფის მინდორზე და რაკი, რაოდენობა და ხარისხი ამგვარად შეახამა ამ კაცმა სექსშიც, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაეხვივნენ ქალები...
სხვამხრივ, მონანიე სამარიტელივით რომ არ ცხოვრობს, ფლორიდაში დატრიალებული სხვა ამბებიც ადასტურებენ - ერთხელ ავარია გააკეთა, მეორედ მეზობლები დააზიანა, 26 ნოემბერს, "თენკსგივინგის" (მადლიერების) დღესასწაულზე, როცა დედამისი და სიდედრი მისსავე სახლში ელოდებოდნენ, პატრულმა "კადილაკ ესკალადთან" აღმოაჩინა ნასვამ მდგომარეობაში...
ყველაფერთან ერთად კი, მოიმდურა მაჭანკალიც - მასავით მეგოლფე და მისგან განსხვავებით, ცხოვრების ზომიერი წესის მიმდევარი ჯესპერ პარნევიკი. სწორედ ამ კაცის დამსახურება გხლებიათ ვუდსისა და მისი ამჟამინდელი ცოლის შეკავშირება. პარნევიკმა სხარტად და მკაცრად მოჭრა: "ძალიან ვნანობ, ასე რომ მოხდა და ყველაფერთან ერთად, მე მისი პიროვნების მიმართ პატივისცემა და ინტერესი დავკარგეო"...
ჩვენში ამას ვარსკვლავურ ავადმყოფობას ეძახიან, ამერიკაში ათას ჯანდაბას და დოზანას... თუმცა, რაც გინდა დაარქვა, ეს არაფერს უშველის ვუდსის აწეწილ ცხოვრებას - თუკი საკმარისად გადაიხდის, ყველას ყველაფერი დაავიწყდება: ეს ხომ მონიკა ლევინსკისა და ბილ კლინტონის ქვეყანაა...

კონსტანტინე გოგიშვილი
სპეციალურად “მსოფლიო სპორტისთვის” ნიუ იორკიდან



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08616