საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ბ ჯგუფში მოასპარეზე სტუ-მ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პირველი ჯგუფური ეტაპი 6 მოგებითა და 4 წაგებით მესამე ადგილზე დაასრულა და მომდევნო ეტაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველ კალათბურთელებთან ერთად მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება პირველ ადგილზე გასულმა ხსპუ-მ (ხარკოვის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი), მსუ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი -2) და კპი (კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი - 4) მოიპოვეს, ხოლო რესუ (როსტოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და რსფუ (როსტოვის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი) ჯგუფში ჩარჩნენ.
ბოლო ტურში ქართველი კალათბურთელები ჯგუფის ლიდერ ხსპუ-ს სპორტკომპლექს არენაში მასპინძლობდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა სტუმრებმა ხარკოვში ხუთი ქულის სხვაობით 67:62 მოიგეს. მართალია, ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ქართველი კალათბურთელები რევანშისთვის იბრძოდნენ. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც მალე ანგარიშში გამოიხატა და პირველი მეოთხედი 9 ქულის სხვაობით 26:17 მოიგეს. მართალია, ამის შემდეგ სტუმრებმა თამაში გამოასწორეს, რამდენჯერმე ანგარიშიც გაათანაბრეს, მაგრამ წინ გასვლა ერთხელაც კი ვერ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელებმა იმავე სხვაობით შეძლეს რევანშის აღება, როგორც ხარკოვში დამარცხდნენ. მატჩის საბოლოო ანგარიშია 80:75 სტუ-ს სასარგებლოდ. ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი სტუმართა კალათბურთელი ანტონ როჩნიაკი იყო, რომელმაც 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 18 ქულა ირაკლი ალხანაიძემ დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი ავთანდილ ლომინაშვილი, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 11 მოხსნაა.
სტუ-ს ხელმძღვანელების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია როდის გაგრძელდება საერთაშორისო ლიგის ტურნირი.
საერთაშორისო სტუდენტური ლიგა. ბ ჯგუფი. VI ტური
სტუ - ხსპუ 80:75 (26:17, 17:21, 17:19, 20:18)
თბილისი. 25 დეკემბერი. სპორტკომპლექსი „არენა“
სტუ: გრძელიძე (12ქ), ანთაძე (9ქ), ჯიქია (2ქ), ლომინაშვილი (15ქ, 11მ), მათიაშვილი (7ქ); ცირეკიძე (2ქ), ალხანაიძე (18ქ), ქორიძე (4ქ), დეკანოიძე (11ქ)