კალათბურთი

16:36 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

„სთრითბოლის“ ტურნირს 3X3-ზე ბათუმი უმასპინძლებს

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, კალათბურთის საერთაშორისო ტურნირის - Euro Basketball Batumi 2013-ისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ეს იქნება მეორე ტურნირი, რომელიც ფიბა-ს ეგიდით ჩატარდება საქართველოში. ბათუმი Euro Basketball Batumi 2013-ს 26 ივლისს უმასპინძლებს.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და აჭარის კალათბურთის ფედერაცია.

„ივენთი“ „ევროპა-ბეთის“ ფესტივალში დაიკავებს ადგილს, რომელიც 4-დღიანია და კალათბურთის გარდა ნარდისა და პოკერის საერთაშორისო ტურნირებს მოიცავს.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც ფიბას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა, 23 ივლისს დასრულდა და უკვე ცნობილია, რომ ტურნირში 34 გუნდი შეერკინება ერთმანეთს. მონაწილეთა შორის არ დაიშვებიან მოქმედი პროფესიონალი კალათბურთელები.

სუპერლიგის პრეზიდენტი გიორგი ზაბახიძე მადლობას უხდის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისთვის და აცხადებს: „ეს უკვე მეორე მსგავსი ღონისძიებაა, რომლის ორგანიზებაშიც დიდი ხელშეწყობა გვაქვს სპორტის სამინისტროსგან. ასევე მოხარული ვარ, რომ მეორე ტურნირი რეგიონში გაიმართება, რაც რეგიონული განვითარების საწინდარია. პირველი ასეთი ღონისძიება 6-7 ივლისის სთრითბოლის ტურნირი იყო, რომელსაც დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. ფიბამ ოფიციალურად მიიღო ეს ტურნირი საერთაშორისო ჩემპიონატისწინა ეტაპად და შესაბამისად, უფლება გვაქვს, საქართველოდან ნაკრები გავუშვათ სამონაწილეოდ“.

ირაკლი დოლაბერიძე (სპორტის დეპარტამენტის უფროსი): „მივესალმებით ასეთი ღონისძიებების პოპულარიზაციას საქართველოში. სთრითბოლი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მოხარულები ვართ, რომ ტურნირს გარე ინვესტორებიც გამოუჩნდნენ. ღონისძიება ბათუმში ტარდება, აჭარის კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით. წარმატებებს ვუსურვებ ორგანიზატორებს“.

კოტე მჭედლიძე („ევროპა-ბეთის“ წარმომადგენელი): „ევროპა-ბეთის“ სახელით ვაცხადებ, რომ მოხარულები ვართ, სპონსორობა გავუწიოთ ამ ღონისძიებას, ჩვენთვის სასიხარულოა სპორტის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. გამარჯვებულებს უამრავი საინტერესო პრიზი ელით:

გამარჯვებული ფიბას ევროტურის ლიცენზირებული ტურნირის საგზურებს მიიღებს და 11 აგვისტოს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, გაემგზავრება.

მეორე ადგილის მფლობელი ერთ კვირას კურორტ „ლოპოტის ტბაზე“ დაისვენებს.

საუკეთესო მოთამაშე (MVP) პლანშეტურ კომპიუტერს მიიღებს.

ხოლო რაც შეეხება სამქულიანების და ჩატენვების კონკურსების გამარჯვებულებს, ისინი ფოტოაპარატებით დაჯილდოვდებიან.

წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს!

0.121734