ინტერვიუები

9:50 | 11.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

სტევან იოვეტიჩი: "ფინალში რიბერის არყოფნა "ინტერის" ფორაა"

ჩერნოგორიის ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას” ფორვარდი სტევან იოვეტიჩი 20 წლისაა, თუმცა, გულშემატკივართა ყურადღებას უკვე რამდენიმე სეზონია იპყრობს. ჩემპიონთა ლიგაზე მან წყვილი გოლი გაუტანა “ლივერპულსა” და “ბაიერნს” და არც სერია A-ს მცველები არიან მასთან დაპირისპირებისას “მშვიდად”. იოვეტიჩმა ინტერვიუ Corriere dello Sport-ს მისცა და საფეხბურთო თემების გარდა, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა საკითხებზე დასმულ კითხვებსაც გასცა პასუხი.
- სტევან, “ფიორენტინას” ხელმძღვანელობის გათვლით, მომავალი სეზონიდან გუნდის ლიდერი უნდა გახდეთ...
- ამის თაობაზე, საჯაროდ და ოფიციალურად არავის გაუცხადებია, თუმცა, ამგვარი საუბარი მსიამოვნებს. სერია A-ში 2008 წლის შემოდგომიდნ გამოვდივარ. პირველ სეზონში ბევრ დროს ვატარებდი სათადარიგოთა სკამზე, მიმდინარე ჩემპიონატში კი რეგულარულად ვასპარეზობ და გულშემატკივრებს ჩემს ძალასაც ვანახებ. თუკი, სამომავლოდ “ფიორენტინა” აქცენტს ჩემზე გააკეთებს, არაფერს დავიშურებ მწვრთნელებისა და ხელმძღვანელობის იმედის გასამართლებლად.
- პრესას თუ ვერწმუნებით, კლუბი მალე კონტრაქტის 2013 წლამდე გახანგრძლივებას შემოგთავაზებთ. ამბობენ, გამზადებული ხელშეკრულება უკვე მაგიდაზე დევსო...
- თუკი ასეა, მზად ვარ კონტრაქტს ხელი მოვაწერო. ფლორენცია ფანტასტიკური ქალაქია, აქაური ტიფოზები კი, ფეხბურთის კარგი მცოდნენი არიან.
- გავიხსენოთ იანვრის პერიპეტიები. მაშინ “იები” ანტონიო კასანოს გადაბირებას აპირებდნენ, რამაც გუნება-განწყობა გაგიფუჭათ. ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში კი განაცხადეთ, კასანოს მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, “ფიორედან” აბარგებულიყავით...
- გარწმუნებთ, ამგვარი რამ არცერთი ჟურნალისტისთვის არასდროს მითქვამს. უდავოა, კასანო მაღალი კლასის ფეხბურთელია და მასთან კონკურენცია იოლი საქმე არაა, მაგრამ ფლორენციიდან აბარგების თაობაზე არა მარტო არ განმიცხადებია, არც კი გამიფიქრია.
- თქვენი მეგობარი ადრიან მუტუ, სავარაუდოდ, მომავალ ზაფხულს გუნდს დატოვებს...
- სამწუხარო იქნება, ასე თუ მოხდა. ადრიანსა და კუზმანოვიჩთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს. მუტუმ ბევრი რამ მასწავლა. ვარჯიშის შემდეგ ერთად ვხვეწდით ჯარიმებისა და პენალტების შესრულებას, იგი საჭირო რჩევებს მაძლევდა, შეცდომაზე მიმითითებდა და მისი გამოსწორების გზას მაჩვენებდა. ადრიანი ბრწყინვალე და მისაბაძი ფეხბურთელია. ძალიან გულსატკენია, რაც მას შეემთხვა.
- მუტუს გუნდში დარჩენის შემთხვევაში, ცალკეულ მატჩებში სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის საშიშროების წინაშე დადგებით - თქვენ ხომ იდენტურ პოზიციაზე ასპარეზობთ...
- ოღონდ ადრიანი დარჩეს და დარწმუნებული ვარ, მინდორზე ადგილი ორივესთვის გამოინახება.
- მიმდინარე სეზონში, ყველაზე მეტად, რომელი მატჩები დაგამახსოვრდათ?
- ის შეხვედრები, რომლებშიც გოლის გატანა მოვახერხე. უპირველესად, “ლივერპულისა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩატარებულ პაექრობებს გავიხსენებ. გამოვყოფ, აგრეთვე, “კატანიასთან” საგარეო და “ჯენოასთან” საგარეო დაპირისპირებებს.
- რომელი სათამაშო კომპონენტების გაუმჯობესება და დახვეწა გმართებთ?
- მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე თამაში, უფრო ეფექტური უნდა გავხადო. ამ მიმართულებით წინ წავიწიე, თუმცა, მომატების რეზერვიც საკმაოა.
- გული არ გწყდებათ, “ფიო¬რენტინა” მომავალ სეზონში ევროთასებს მიღმა რომ დარჩა?
- ჩვენი გულშემატკივრები კონტინენტის წამყვან კლუბებთან მატჩების ცქერას შევაჩვიეთ, ამჯერად კი, საუკეთესო შვიდეულში შესვლა ვერ მოვახერხეთ, ამიტომ მათ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, სერია A-ს მომდევნო გათამაშებას სტაბილურად ჩავატარებთ და ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოვიპოვებთ. მძაფრი კონკურენცია გველის, მაგრამ საწადელს უნდა მივაღწიოთ.
- მაინც, რა აკლდა “ფიორენტინას”, ყველაზე მეტად, ამ სეზონში?
- მარტამდე, როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო არენაზე კარგად მივდიოდით. მაგრამ, ჯერ იყო და, “ბაიერნთან” დაგვჩაგრეს მსაჯებმა, შემდეგ კი, იტალიის თასის ნახევარფინალში სამუელ ეტოოს გოლმა კალაპოტიდან ამოგვაგდო. ამ მატჩებმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა.
- “ინტერისა” და “ბაიერნის” მადრიდულ ფინალში, ალბათ, “ნერაძურის” უგულშემატკივრებთ...
- საამისო საბაბიც საფუძვლიანი მაქვს – “ინტერის” ღირსებას ხომ ჩემი მეგობარი დეიან სტანკოვიჩი იცავს. ჟოზე მოურინიოს გუნდს ევროთასის დაუფლებას ვუსურვებ.
- სკუდეტოსათვის ბრძოლაშიც “ინტერს” ქომაგობთ?
- არა. გულით მეწადა, პირველობა “რომას” მოეგო. დედაქალაქელთა შორის ხომ ჩემი სანაკრებო პარტნიორი და მეგობარი მირკო ვუჩინიჩი ასპარეზობს. “სამპდორიასთან” წაფორხილებამ, კლაუდიო რანიერის გუნდის საჩემპიონო შანსი ძალიან შეამცირა, თუმცა, არავინ იცის, რა მოხდება ბოლო ტურში.
- მიუნხენის “ბაიერნს” 2 გოლი გაუტანეთ. ბავარიელთა წინააღმდეგ კარგად ითამაშეთ. რა რჩევას მისცემდით მოურინიოს?
- “ინტერმა”, უპირველესად, არიენ რობენის განეიტრალება უნდა შეძლოს. მოჭარბებული ყურადღებაა მისაქცევი ივიცა ოლიჩისთვისაც. თუკი, “ნერაძურიმ” ლეო მესი შეზღუდა, რობენისა და ოლიჩის არტახებში მოქცევა არ გაუჭირდება. მილანელთათვის დიდი ფორაა, “ბაიერნს” ფრანკ რიბერი რომ არ ეყოლება.
- 21 წლამდე ფეხბურთელთაგან, ვის გამოარჩევდით? სჯობს რომელიმე, იოვეტიჩს?
- ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს ჩემი თანატოლების ასპარეზობას და მათგან საუკეთესოდ, ბრაზილიელი პატო მიმაჩნია. მის შემდეგ ბალოტელის დავაყენებდი, ძალიან მომწონს პალერმოელების, ერნანდესისა და პასტორეს თამაშიც.
- მონტოლივო და ჯილარდინო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან?
- ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მონტოლივომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, ჯილარდინო კი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მიზანმიმართული და შედეგიანი თამაშით გამოირჩა.
- რამდენიმე არასაფეხბურთო კითხვასაც დაგისვამთ. ჩოგბურთსაც ურიგოდ არ თამაშობთ. სპორტის სხვა სახეობებიდან რომელი მოგწონთ?
- ყოველთვის ვცდილობ, საინტერესო საჩოგბურთო მატჩი არ გამოვტოვო. ძალიან მომწონს რაფა ნადალის, როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის ასპარეზობის ცქერა. მძლეოსნობაში უსეინ ბოლტს ვქომაგობ, მოტოსპორტში – ვალენტინო როსის.
- თავისუფალ დროს, ალბათ, მხოლოდ, სპორტული ასპარეზობების თვალის მიდევნებით არ იზღუდებით. კინოფილმებიდან რომლები მოგწონთ?
- “როკი ბალბოასა” და “როკის” სტილის კინოსურათები მომწონს. ამას წინათ, ლაიამ ნისონის “ტიტანთა შეჯახება” ვნახე. ძალიან მომეწონა.
- როგორი ტიპის ქალი მოგწონთ?
- როგორიც ჩემი საცოლეა. 3 წელია ერთად ვართ და მასთან ერთად თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ
- საუბრის ბოლოს, ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ. რას უსურვებდით საკუთარ თავს მომავალ სეზონში?
- ჯანმრთელობას. ტრავმის გამო წელს ბევრი მატჩი გამოვტოვე. თუკი, ტრავმების თავიდან აცილებას შევძლებ, დარწმუნებული ვარ, მაღალ დონეზე გამოვალ. “ფიორენტინას” ევროთასებზე დაბრუნების სურვილზე უკვე მოგახსენეთ. ვისურვებდი შედეგიანობის გაზრდასაც.

 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095732