ხორვატიის ქალაქ ოპატიაში სტარტი აიღო სენიორ მოჭადრაკეთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც სამი ქართველიც ჩაება: ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ვეტერანთა პირველობის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი, სენიორთა ჩემპიონატის არაერთგზის პირველადგილოსანი თამარ ხმიადაშვილი და საქართველოს ჩემპიონი ნინო მელაშვილი.
ხორვატული ტურნირის პირველ ტურში სამივე ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება იზეიმა. გაფრინდაშვილმა (2360) და მელაშვილმა (2106) თეთრი ფიგურებით, შესაბამისად, მარგარიტა კომიშევასა (რუსეთი, 2081) და ტატიანა შმირევას (რუსეთი, 1755) სძლიეს, ხმიადაშვილმა კი შავებით კიდევ ერთ რუს ნინა შუშპანოვას (1946) მოუგო.
მეორე ტურში ქართველები ისევ რუსებს გაეჯიბრებიან. გაფრინდაშვილი ნატალია ტიტორენკოს (2143) შავი ფიგურებით ეთამაშება, მელაშვილი ასევე შავებით გალინა სტრუტინსკაიას (2277) დაუპირისპირდება, ხოლო ხმიადაშვილი თეთრებით ნატალია ჩერნოვას (2095) პირისპირ დაჯდება.
11 ტურად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 15 ათასი ევროა, რომელიც ძალიან უცნაურადაა გადანაწილებული: ვაჟთა ტურნირისთვის 12 ათასია გამოყოფილი, ქალებისთვის კი – 3 ათასი. შესაბამისად, თუკი ვაჟებში ჩემპიონი 2 100 ევროთი დაჯილდოვდება, ქალებში უძლიერესს 800 ევროთი დაკმაყოფილება მოუწევს.







