ფეხბურთი

16:37 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკმა" სეზონი ანანიძის გოლით დაასრულა

ქართველთა გუნდები პლეი ოფში განლაგდნენ 

რუსულ პრემიერლიგაში ბოლო ტური გაიმართა და ქართული გოლიც გავიდა, კერძოდ, ჯანო ანანიძემ გაუტანა "ალანიას". ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი 54-ე წუთზე შევიდა მინდორზე, გოლი კი 79-ეზე მიითვალა, როცა თანაგუნდელთა კომბინაცია 13-14 მეტრიდან ერთი შეხებით, ზუსტი დარტყმით დაასრულა. მოსკოვის "სპარტაკმა" 2:0 მოიგო, მე-4 ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.   

ეს ჯანოს მე-3 გოლი იყო (15 მატჩში) აწ დასრულებულ პრემიერლიგაში. "ალანიის" განაცხადში, ბუნებრივია, არ გახლდათ გიორგი ჭანტურია (8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია), ხოლო მამუკა კობახიძე სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია. ალანია" ბოლო ადგილზე გავიდა.

გავარდნილმა "მორდოვიამ" მოსკოვში 1:2 წააგო "ლოკომოტივთან". აკაკი ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა. დარჩება თუ არა აკაკი "მორდოვიაში", ჯერ უცნობია. ისე კი, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აქვს.

"რუბინი"-"კრასნოდარი" 2:0 დასრულდა. მასპინძელთა განაცხადში იყო საბა კვირკველია, თუმცა არ უთამაშია. "კრასნოდარის" რიგებში კი, ნუკრი რევიშვილი კვლავაც განაცხადს მიღმა დარჩა. ყაზანელები მეექვსეზე გავიდნენ, "კრასნოდარი" კი - მეათეზე.

ალქსანდრე ამისულაშვილის "კრილიამ" გროზნოში 1:4 წააგო "ტერეკთან" და ბოლოდან მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფში მოუწევს თამაში. ამისულაშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.

გადარჩა გია გრიგალავას "ვოლგა", რომელმაც მოსკოვში 0:0 ითამაშა "დინამოსთან". გრიგალავა კვლავ არაა გამოჯანმრთელებული და შესაბამისად, განაცხადშიც არ ყოფილა.

საბოლოოდ, ცნობილი გახდა, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ პლეი ოფში: "როსტოვი"_"სკა-ენერგია", "კრილია"_"სპარტაკი" (ნალჩიკი). როგორც იცით, "სკა- ენერგიას" მწვრთნელი გიორგი დარასელიაა, ხოლო მის გუნდში თამაშობენ ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, გოჩა ხოჯავა, ოთარ მარცვალაძე და შოთა გრიგალაშვილი. ამისულაშვილის "კრილიას" კი დავით სირაძისა და გუჯა რუხაიას "სპარტაკი" (ნალჩიკი) გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში გამარჯვებულები პრემიერლიგაში ითამაშებენ.

ანანიძის გოლი

http://www.youtube.com/watch?v=Vi7CcWS4k1U

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113176