ფეხბურთი

13:02 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “თუნის” წინააღმდეგ არცთუ ცუდი შანსი გვაქვს”

 

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვეიცარიის “თუნთან” სტუმრად წაგების შემდეგ, საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის არცთუ ცუდი შანსი აქვს.

“მეორე თამაშში “თუნის” წინააღმდეგ არცთუ ცუდი შანსი გვაქვს. მართალია, თბილისში ვითამაშებთ, მაგრამ უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა, ვიდრე თუნის სტადიონზე იყო”, – იუწყება ფრუიძის სიტყვებს შვეიცარიული პრესა. აქვე გეტყვით, რომ “თუნი”-“ჩიხურას” მატჩს 3114 ქომაგი დაესწრო.

“შესაძლოა, საპასუხო მატჩის წინ ეს ანგარიში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ იყოს. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან უკეთესი პოზიცია გვაქვს. სწრაფი გოლის გატანის შემდეგ კონცენტრაცია და აგრესიულობა დავკარგეთ. ეს არ უნდა განმეორდეს. წინა ხაზში ბურთს ვერ ვინარჩუნებდით, რათა მომენტები შეგვექმნა”, – განაცხადა “ჩიხურას” კარში მეორე გოლის ავტორმა ენრიკო სკირინციმ.

“თუნის” მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი 90 წუთი სათამაშოდ მზად ჯერ არაა:

“დღესდღეობით, 90 წუთის სათამაშოდ მზად არ ვართ. ჩემპიონატის დაწყებამდე გარკვეული დრო დაგვრჩა, მაგრამ არცთუ ბევრი. კვირას უკვე “სენტ-გალენს” ვეთამაშებით და ჩემპიონატში პირველი ქულების აღება გვსურს”.

“სენტ-გალენთან” თამაშიდან ორი დღის შემდეგ “თუნი” ჩარტერული რეისით საქართველოში გამოფრინდება. მართალია, საფრენი 6 საათია, მაგრამ გუნდი ბუქარესტში შეჩერდება და საერთო ჯამში, მგზავრობა 10 საათს წაიღებს.

“მე ვთქვი, რომ ევროპის ლიგაში თამაში ჩვენთვის პრობლემაა. ამას ეს მგზავრობაც ადასტურებს. თუმცა, ბედნიერი ვარ, რადგან თბილისში არასოდეს ვყოფილვარ”, – განაცხადა ფიშერმა.


0.114505