ყაზანის “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სავსე ტრიბუნები მას დამატებით ძალას აძლევს. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ განვლილ ტურში მოსკოვის “სპარტაკის” დამარცხების შემდეგ, ყაზანელები ცსკა-სთან მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან.
“ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, არცთუ კარგი ფსიქოლოგიური განწყობა გვქონდა. “როსტოვთან” და “ყუბანთან” ჩატარებულ მატჩებში, ალბათ, 50 საგოლე მომენტი მაინც შევქმენით. არ ვიცი, ისინი როგორ ვერ გამოვიყენეთ. “სპარტაკთან” გამარჯვების შემდეგ, სხვა განწყობა გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვიდა, რომლებიც გუნდს შეტევაში თამაშს “აიძულებდნენ”. როდესაც ქომაგები ბევრნი არიან და ტრიბუნები სავსეა, ეს დამატებით ძალებს მმატებს.
ცსკა კარგი გუნდია. მოსკოვოლებს ჩინებული შეტევის ხაზი აქვთ. დუმბია, ძაგოევი, მუსა და ტოშიჩი ძლიერი მოთამაშეები არიან. სატურნირო ცხრილში გუნდების მდგომარეობას არ ვუყურებთ. ჩვენი საქმეა, რომ ვითამაშოთ და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ” – თქვა 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.