შეხვედრა ნაცვლად 17:00 საათისა, ხუთი წუთით დაგვიანებით დაიწყო, რითაც მასპინძლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გორის „დილას“ და ამით, ყველა იმ გუნდის მიმართ გააკეთეს გზავნილი, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებაზე იმყოფება. თამაში კი ზუსტად იმგვარი გამოდგა, როგორსაც ადგილობრივი ქომაგები საკუთარი გუნდისგან ელოდნენ. მასპინძლები, რომელთათვის ამ მატჩის შედეგს პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მინდორზე რევანშის წყურვილით გავიდნენ და შეხვედრის ბოლო წუთებამდე, თამაშსაც იგებდნენ, თუმცა უკანა ხაზზე დაშვებული ბავშვური შეცდომის შედეგად თავად დაისაჯნენ.
შეხვედრის პირველივე წუთებზე სტუმრებმა შეუტიეს და მეოთხე წუთზე სახიფათოდ, რამოსმა დაარტყა, მაგრამ ააცილა. შემდეგი ჯერი უკვე მასპინძლების იყო და ეხვაია დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ შეყრილაძემ ზუსტად ითამაშა. ზუგდიდელებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ ანგარიშის გასახსნელად. მათი ერთ-ერთი შეტევისას, სტუმართა მცველებმა ითამაშეს უხეშად და გორელთა კარის მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა. სტანდარტულის შესრულება გაბედავამ ითავა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, გადმოვარდნილზე კი ყველას სიხარულიამ დაასწრო და შეყრილაძეს აუღებელი დაურტყა - 1:0. სამ წუთში სტუმრებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს და მწვავე იერიშიც გამოუვიდათ - გორელიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის კარის ბაქანთან ჩაჰკიდა, გადაცემას დროულად რამოსი გამოეხმაურა და თავურით კარში გადაგზავნა, თუმცა მცირედით ააცილა. 26-ე წუთი მიმდინარეობდა მატჩისა, როცა მასპინძლებმა მორიგი შეტევა წამოიწყეს, როინ ონიანმა კი შორეული მანძილიდან მეტოქის კარისკენ ყუმბარისებური გაუშვა და რომ არა შეყრილაძის აკრობატული ნახტომი, ზუგდიდი სოლიდურად დაწინაურდებოდა. გორელთა მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ჩინებული რეაქცია გამოავლინა. პირველი ნახევრის მიწურულს უკვე ძაგანია დადგა მოწოდების სიმაღლეზე, როცა გორელიშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ბოლო წუთებზე ხუბუამ აანერვიულა სტუმრები, მაგრამ მისმა ძლიერად დარტყმულმა ბურთმა სტუმართა კარს, მცირედით ჩაუქროლა. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ნახევარში ზედა ექვსეულის აუტსაიდერმა „ზუგდიდმა“, მეტოქე აშკარად დაჯაბნა.
მეორე ტაიმი კი სტუმრებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს და საწყის წუთებში, გოგუა საკუთარ გუნდს კინაღამ გოლით შეეწია, მაგრამ აქ ონიანის თავდადებული თამაშიც აღსანიშნავია. ზუგდიდელთა გამოცდილმა მცველმა, კარისკენ მიმავალი ბურთი გაანეიტრალა და ანგარიშიც უცვლელი დატოვა. რაც უფრო მცირდებოდა დრო, მასპინძლები მით უფრო კონტრშეტევაზე იყვნენ ორიენტირებული და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდათ შეტევები, თუმცა როგორც აღვნიშნეთ უკანა ხაზზე დაშვებულმა მიუტევებელმა შეცდომამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. გორელებმა შეტევა გრძელი გადაცემით წამოიწყეს და იერიშში ნათან ჟუნიორი ჩაერთო, ამ უკანასკნელმა გადაცემა არაბულის მისამართით გააკეთა, თუმცა იქ არაბულს მასპინძელთა მცველმა დაასწრო და ის-ის იყო, მას სიტუაცია უნდა განემუხტა, ბურთზე ფეხი აუცდა და არაბული დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა. სტუმართა ახალბედა შემტევმა იდეალური შანსი ხელიდან არ გაუშვა და წონასწორობა აღადგინა. არაფრისგან მიღებულმა გოლმა მასპინძლები მთლიანად მოშალა და ოთხ წუთში უკვე სტუმრები იგებდნენ შეხვედრას. გოგუას მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, მოდებაძემ თავით გადაგზავნა და იქ მასპინძელთა მცველს ხელზე მოხვდა, არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა თერთმეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა. პენალტი თავად მოდებაძემ დაარტყა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. დარჩენილ დროში მასპინძლები მიეძალნენ მეტოქის საჯარიმოს, თუმცა სტურებმა შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულეს.
ვალდას ივანაუსკასი (დილა): „საუბარი მინდა დავიწყო სამადლობელი სიტყვით ადგილობრივი გულშემატკივრების მიმართ, რომლებმაც დღეს ჩვენს გუნდს სოლიდარობა გამოუცხადეს ამ მძიმე პერიოდში. რაც შეეხება თამაშს-დღეს ჩვენ ერთ-ერთი რთული შეხვედრა მოვიგეთ. მასპინძლები პირველ ტაიმში დომინირებნენ მინდორზე და ვერაფრით წარმოვიდგენდი ამ თამაშის წარმატებით დასრულებას. მეორე ტაიმში თამაში დავალაგეთ და უფრო გააზრებულად ვმოქმედებდით. მოხარული ვარ, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გავიმარჯვეთ. ზუგდიდს კი წარმატებებს ვუსურვებ. მთლიანად ქართველებს კი დამდეგ აღდგომას მივულოცავ“.
ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი): „ვუერთდები ყველა იმ გულშემატკივარის გულისტკივილს, რომლებმაც დღეს გორის „დილას“ სოლიდარობა გამოუცხადეს. მიუხედავად დასანანი მარცხისა, ჩემს ფეხბურთელებს უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ვინაიდან მათ ბოლომდე გაიღეს ძალი და ენერგია, მაგრამ ბოლოს ძლიერმა მაინც იმარჯვა. გადავხედოთ შემადგენლობას-მეტოქე გუნდს დღეისათვის ბევრად გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავს და ზოგიერთი მათგანი ეროვნული ნაკრების წევრიცაა, ხოლო ჩვენ შეიძლება ითქვას, ერთი ქალაქის გუნდი გაგვყავს მინდორზე. ალბათ გამოუცდელობა თავის როლს თამაშობს, როცა მერამდენე ტურია დასანანი მარცხით ვასრულებთ შეხვედრას“.
ზუგდიდი - დილა 1:2 (1:0)
4 მაისი. ზუგდიდი, „განმუხურის“ სტადიონი
ზუგდიდი: ძაგანია, რ.ონიანი, აფაქიძე, აქუბარდია, კანკია, ხუბუა, სიხარულია (თოლორაია 84), წურწუმია (ფარჯიკია 62), ლომია, ეხვაია (67), გაბედავა
მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი
დილა: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, კვირკველია, თომაშვილი, გოგუა, გვალია, გორელიშვილი (ილურიძე 58), მოდებაძე, რამოსი (არაბული 72), ჟუნიორი (ბეჭვაია 90)
მთავარი მწვრთნელი: ვალდას ივანაუსკასი
გოლები: სიხარულია (17), არაბული (77), მოდებაძე (პენ: 81)
გაფრთხილება: კვახაძე (16), გაბედავა (40), ონიანი (51), გორელიშვილი (58)
მსაჯი: მალხაზ ბექულიშვილი







