როგორც ვიუწყებოდით, ს/კ ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორატმა 18 დეკემბერს დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი სპეციალისტი, რომან პოკორა. ბატონი პოკორას მთავარი მწვრთნელობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა მისი ხელმძღვანელობით გუნდის ბოლო დროინდელი წარუმატებელი თამაში, რაც აისახა შედეგში და სატურნირო მდგომარეობაში. აგრეთვე, კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გახდა მთავარი მწვრთნელის მიერ ეთიკური ნორმების დარღვევა (1.9 მუხლი). ბატონმა პოკორამ, გათავისუფლებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ფინანსურ პოლიციაში სარჩელი შეიტანა კლუბის დირექტორის, ბატონი კობა მირზაშვილის სახელზე, რომელშიც იგი დირექტორს ადანაშაულებს კლუბის ფინანსების გაფლანგვაში. ვფიქრობთ, აქ კომენტარი ზედმეტია.
19 დეკემბერს ინტერნეტ საიტ sportall.ge-ზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ლანჩხუთის „გურიას“ ექს დამრიგებელის, რომან პოკორას კომენტარი.
გვინდა ხაზი გავუსვათ რამდენიმე უზუსტობას, შეიძლება ითქვას ტყუილსაც, რასაც ბატონი პოკორა გაზეთ „ლელოს“ ჟურნალისტთან კომენტარის დროს მიმართავს:
- „პირადად მე ფული არ ამიღია, ისევე, როგორც ფეხბურთელებს. უფულობის გამო ლანჩხუთი ვიტალი შუმეიკომაც დატოვა. ორივემ უკვე მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს, რომ კუთვნილი ხელფასი ავიღოთ“ - ბრძანებს ბატონი პოკორა. რომელსაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გასტუმრება თავის თავზე აიღო ს/კ ლანჩხუთის „გურიას“ დამფუძნებელმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რასაც ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, რომელშიც შავით თეთრზე, ნათლადაა დაფიქსირებული, რომ 2014 წლის 15 იანვრისათვის გუნდის ყველა წევრი (ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი) აიღებს სახელფასო დავალიანებას. გამომდინარე აქედან, ვიტალი შუმეიკო და რომან პოკორა აღნიშნულ „კუთვნილ ხელფასს“ აიღებენ.
- "მატჩის შემდეგ "გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა მითხრა, რომ პოსტზე ვეღარ დამტოვებდა. ცხადია, მიზეზით დავინტერესდი და ამიხსნა, რომ, თურმე, ბოლო 5 მატჩიდან ოთხის წაგება ჩემი ბრალი იყო“. კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ „გურიას“ მთავარი მწვრთნელი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა მის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგის- ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხში განცდილი მარცხის გამო, რამაც „გურიას“ ზედა ექვსეულში შესვლის საკითხი ძალიან გაართულა. გუნდი ამ დროისათვის მე-5 პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრიშლი და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ზესტაფონის „ზესტაფონს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაძლებელია ერთი ადგილით დაქვეითდეს. ამ დროს და ასეთ ვითარებაში კლუბის დირექტორატის პოზიცია, არა გვგონია უცნაური და გასაკვირი იყო.
- „არადა, ჩემი ბრალი კი არა, ჩემი დამსახურებაა, "დინამოსთან" ბიჭები მოედანზე რომ გავიდნენ და სეზონი ჩაამთავრეს.“ - იმედია, საზოგადოებას კარგად ახსოვს (ეტყობა, ბატონ პოკორას უკვე დაავიწყდა), რომ ფეხბურთელები აღნიშნულ თამაშზე გასვლა არა მთავარი მწვრთნელის „დამსახურებით“, არამედ, პრემიალური თანხების გაცემის შემდეგ მოხერხდა (ამაზეც არაერთხელ აღინიშნა, რომ პრემიალური თანხის გადახდა მოხდა კლუბის დირექტორის, ბატონი კობა მიზაშვილის დის, ქალბატონი მარინა თოთლაძის მიერ).
- „კარგად იცით, რაც ამ გუნდში ხდება. ამის მიუხედავად, მე-9 ადგილზე მყოფი "გურია" მესამეზე დავაწინაურე და არა მგონია, უფულო გუნდისთვის ეს ცუდი შედეგი იყოს. - აქვე ექს-თავკაცს (რომელსაც ალბათ ისევ დაავიწყდა) შევახსენებთ, რომ მისი ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური თამაში გუნდმა ჩაატარა VII ტურში ზესტაფონის „ზესტაფონთან“. აღნიშნულ ტურამდე ლანჩხუთის „გურია“ სატურნირო ცხრილში იკავებდა მე-5 პოზიციას და არა მე-9, როგორც ყოფილი მწვრთნელის განცხადებაშია ნათქვამი და ჩემპიონატის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ გუნდი ისევ მე-5 პოზიციაზეა.
გამომდინარე ზემოთაღნიშნული კომენტარებისაგან, ბატონი პოკორა მიმართავს დეზინფორმაციას და რბილად რომ ვთქვათ, იტყუება.