ფეხბურთი

12:54 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირცხვილს გადარჩენილი ჰოლანდია და რონალდუს ბენეფისი

პარასკევს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რიგი მატჩები ჩატარდა. თქვენს ყურადღებას მოახლოებული მუნდიალის ფავორიტი გუნდების ასპარეზობაზე შევაჩერებთ.

ყველაზე დიდი სენსაცია ესტონეთში მწიფდებოდა, სადაც მასპინძელი გუნდი ჰოლანდიის ნაკრებს მატჩის უკანასკნელ წუთამდე ამარცხებდა. საბოლოოდ, „ნარინჯისფერებმა“ ქულა გადაარჩინეს, მაგრამ მათთვის არც ფრეა საამაყო შედეგი.

არადა, ჰოლანდიელთათვის მატჩი ჩინებულად დაიწყო – არიენ რობენმა, როგორც სჩვევია, მარჯვენა ფრთიდან მარცხნისაკენ შეიწია, ბურთი დასატყმელად გაისწორა და ესტონელები დაამწუხრა. გოლმა მასპინძლები ვერ გატეხა. მეტიც, სულ რაღაც 15 წუთში, კონსტანტინ ვასილიევმა წონასწორობა აღადგინა, მე–2 ტაიმში კი, დუბლიც გაიფორმა და ესტონელები დააწინაურა. ცხადია, სტუმრები მატჩის ასეთ სცენარს არ ელოდნენ. უკანასკნელმა წუთებმა ჰოლანდიელთა აქტიური შეტევებით ჩაიარა, რამაც შედეგი უკანასკნელ წუთზე მოიტანა – რობინ ვან პერსიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტაბლოზე 2:2 „ააციმციმა“.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩში, პორტუგალიელთა ლიდერის – კრიშტიანუ რონალდუს ბენეფისი შედგა. შეიძლება ითქვას, ამ მატჩშიც, საქმე სენსაციამდე მიდიოდა, რადგან 52–ე წუთისთვის, მაიკლ ო’ნილის შეგირდები 2:1 იგებდნენ. 42–ე წუთზე, მსაჯმა პორტუგალიელთა ფორვარდი ელდერ პოშტიგა გააძევა, რამაც მატჩზე დიდი გავლენა იქონია. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა რიცხვობრივი უპირატესობა 61–ე წუთზე დაკარგა, როდესაც კრის ბრანტიც დაითხოვა არბიტრმა. რონალდუს ჯერიც ამის შემდეგ დადგა – 68–ე და 77–ე წუთებზე, პორტუგალიელთა კაპიტანმა ორი ზუსტი თავური შეასრულა და სტუმრები წინ გაიყვანა.

მე–80 წუთზე, მსაჯმა მასპინძელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი – კაილ ლაფერტი გააძევა, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ პორტუგალიელები 3 ქულას აღარ დათმობდნენ. მეტიც, კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმო დარტყმით ჰეთ–თრიქი გაიფორმა და მასპინძელთა იმედებიც საბოლოოდ დაასამარა.

ყოველგვარი პრობლემების გარეშე იმარჯვა გერმანიის ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც „ალიანს არენაზე“ ავსტრიელებს დამაჯერებლად სძლია. 33–ე წუთზე, ვეტერანმა მიროსლავ კლოზემ ალემანები დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლებს უპირატესობა აღარ დაუთმიათ. იოხიმ ლიოვის გუნდმა მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიშში სხვაობა გაზარდა. თანაც, ძალზე ლამაზი გოლით – მარკო როისმა ტონი კროოსს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი, შორი მანძილიდან, ერთი შეხებით დაჰკრა და სტუმრების იმედებს ცივი წყალი გადაასხა. მატჩში წერტილი ტომას მიულერმა დასვა – 3:0.

იოლი მატჩი ჰქონდა ინგლისის ნაკრებსაც, რომელმაც მოლდოვა გაანადგურა. „უემბლიზე“, ანგარიში მე–12 წუთზე გაიხსნა – ვეტერანმა სტივენ ჯერარდმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაჰკრა და ულამაზესი გოლის ავტორიც გახდა. რამდენიმე წუთში, ტეო უოლკოტის დარტყმული სტუმართა მეკარემ უხეიროდ მოიგერია, რითაც რიკი ლამბერტმა ისარგებლა და დამატებაზე ივარგა – 2:0. ამის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა დენი უელბეკმა დუბლი მიითვალა და, საბოლოოდ, ინგლისელებს 4:0 მოაგებინა.

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ბულგარეთის დასამარცხებლად გოლიც ეყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მატჩის ბედი 38–ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ანტონიო კანდრევას ჩაწოდებულ ბურთს ალბერტო ჯილარდინომ თავი დაჰკრა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

 

ტალინი. „ლე კოკ არენა“.

ესტონეთი – ჰოლანდია 2:2

ჰოლანდია: ვორმი, იანმატი, დე ვრეი (ბრუმა 68), ვილემსი (დე გუზმანი 75), ინდი, სხარსი, ლენსი (კუიტი 67), სტროტმანი, სნეიდერი, ვან პერსი, რობენი.

გოლი: 0:1 რობენი (2), 1:1 ვასილიევი (18), 2:1 ვასილიევი (57), 2:2 ვან პერსი (90)

გაფრთხილება: პიროია (71), იაგერი (90), დმიტრიევი (90), ვასილიევი (90), პარეიკო (90) – ინდი (72), რობენი (86), კუიტი (90)

გაძევება: პიროია (90)

 

ბელფასტი. „უინზორ პარკი“. 12000 მაყურებელი

ჩრ.ირლანდია – პორტუგალია 2:4 (1:1)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე, ბრუნუ ალვეში, ფაბიუ კოენტრაუ, პერეირა, რაულ მეირელეში (ნანი 55), მიგელ ველოზუ, ჟოაუ მოუტინიუ, ვიეირინია (ოლივეირა 65), რონალდუ (ამორიმი 90), პოშტიგა.

გოლი: 0:1 ბრუნუ ალვეში (21), 1:1 მაკაული (36), 2:1 უორდი (52), 2:2 რონალდუ (68), 2:3 რონალდუ (77), 2:4 რონალდუ (83).

გაფრთხილება: დევისი (32), ბრანტი (39), კეროლი (62), ნორვუდი (82) – პეპე (7), რონალდუ (43), ფაბიუ კოენტრაუ (53)

გაძევება: ბრანტი (61), ლაფერტი (80) – პოშტიგა (42)

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 68000

გერმანია – ავსტრია 3:0 (1:0)

გერმანია: ნოიერი, ლამი, მერტეზაკერი, ბოატენგი, შმელცერი (ჰიოვედესი 46), იოზილი, ხედირა, კროოსი, როისი (დრაქსლერი 90), მიულერი, კლოზე (ბენდერი 82).

გოლი: 1:0 კლოზე (33), 2:0 კროოსი (51), 3:0 მიულერი (88)

გაფრთხილება: როისი (44), ხედირა (59), კლოზე (81) – ვაიმანი (37), კავლაკი (80), პოგატეცი (81), კლაინი (83)

 

პალერმო. „რენცო ბარბერა“. 28662

იტალია – ბულგარეთი 1:0 (1:0)

იტალია: ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, აბატე (მაჯო 80), ანტონელი (ჯაკერინი 64), დე როსი, პირლო, მოტა, კანდრევა, ინსინიე (ასტორი 66), ჯილარდინო.

გოლი: 1:0 ჯილარდინო (38)

გაფრთხილება: ჯაკერინი (84)

 

ლონდონი. „უემბლი“. 62000

ინგლისი – მოლდოვა 4:0 (3:0)

ინგლისი: ჰარტი, უოკერი, კოული (ბეინსი 45), იაგიელკა, კეჰილი, ჯერარდი, ლამპარდი, უილშირი (ბერკლი 60), უოლკოტი, უელბეკი, ლამბერტი (მილნერი 71).

გოლი: 1:0 ჯერარდი (12), 2:0 ლამბერტი (27), 3:0 უელბეკი (45), 4:0 უელბეკი (51)

გაფრთხილება: უელბეკი (45)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106285