ფეხბურთი

19:10 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” ზედიზედ მეშვიდედ მოიგო

 

წყვილში უპირობო ფავორიტი ბოლნისის “სიონი” იყო, რომელსაც თამაში აშკარად მისდის და ქულას ქულაზე აგროვებს, ხოლო ლანჩხუთელები, ფინანსური პრობლემების გამო, მატჩისთვის ხეირინად ვერც მოემზადნენ. პროგნოზი გამართლა და ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვეს. ამის საპირისპიროდ, დავით მახარაძის შეგირდებმა მიჯრით მე-8 თამაში წააგეს.

მატჩი რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიგა ჭეიშვილმა შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ბოლნისელთა კარს მცირე მანძილით ასცდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მარჯვენა ფლანგზე დანიშნული “ჯარიმიდან” ალექსანდრე გოგობერიშვილმა ბურთი “გურიას” კართად ჩაჰკიდა და ზვიად ლობჟანიძის თავურის მერე, სტუმრები გოლის გაშვებისგან მინდია ბობღიაშვილმა იხსნა.

მე-16 წუთზე, გიორგი კახელიშვილმა “გურიას” საჯარიმოში “კედელი” გიორგი ადამიასთან გაითამაშა და მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა – 1:0. 30-ე წუთზე, სამხარაძის პასის მერე, ლანჩხუთელთა საჯარიმოში მარცხნიდან კვლავ კახელიშვილი შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბობღიაშვილმა ამჯერად ბურთი მოიგერია.

35-ე წუთზე, ალექსანდრე შენგელიამ, რომელიც სტუმრებში ყველაზე მეტად აქტიურობდა, შორიდან “გაისროლა” და მირზა მერლანმა “ცხრიანში” წასული ბურთი ნახტომში მოიგერია. ეს ლანჩხუთელთა მიერ შეხვედრაში შექმნილი ერთადერთი სახიფათო მომენტი იყო. ტაიმის მიწურულს, გოგობერიშვილმა “ცაციათი” ძლიერად დაარტყა და ბობღიაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.

მეორე ტაიმში მოედანზე მთავარი მოვლენები ბოლო 10 წუთში განვითარდა. მე-80 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა უგულავამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში თორნიკე აფციაური მოძებნა, რომელმაც ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. 88-ე წუთზე, გიორგი განუგრავას მიერ სახიფათოდ დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. 90-ე წუთზე, უგულავამ თორნიკე აფციაურის კარგი პასი ვერ გამოიყენა და ახლო მანძილიდან თავით ააცილა. თუმცა, შეცდომა მალევე გამოასწორა და მარცხნიდან გიორგი კახელიშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, კარის წინ მარტო მყოფმა თავით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

3 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

სიონი: მერლანი, აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, ფოფხაძე, ცხადაია (განუგრავა, 71), კახელიშვილი, გოგობერიშვილი (კ), ლობჟანიძე, სამხარაძე (აფციაური, 46), ადამია (უგულავა, 62).

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

გურია: ბობღიაშვილი, ზარნაძე, ქურდაძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ნიკა კილაძე (ერეკლე კილაძე, 46), ბენჟამინ ტეიდი, შენგელია, გაჩეჩილაძე (ინგოროყვა, 62), კვირტია, კუკულაძე (კ) (ძამსაშვილი, 46).

მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე

გოლები: 1:0 კახელიშვილი (16), 2:0 უგულავა (90).

გაფრთხილება: ჭეიშვილი (42), ლობჟანიძე (58), ცხადაია (71), ძამსაშვილი (84).

მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია.

0.181264