ნუ გეშინიათ მტრების. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, მოგკლან...
ნუ გეშინიათ მეგობრების. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, გიღალატონ...
გეშინოდეთ გულგრილი ადამიანებისა. ისინი არც კლავენ, არც ღალატობენ, მაგრამ მხოლოდ მათი ხელშეწყობით არსებობს ყოველგვარი ბოროტება დედამიწაზე...
ვინ იცის, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ფრაზა გაჩნდა, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო ვერც მის მოქნილობას, ვერც მის აქტუალობას - ისევ გვახსოვს, ისევ გვჯერა და ისევ ვგრძნობთ, რომ მართალია...
ეს იმიტომ, რომ ზოგადად, დრო ვერ ერევა სიმართლეს!
სიმართლეს, რომელიც ასე შორსაა დღევანდელი საქართველოდან...
იმ საქართველოდან, სავსე რომაა გულგრილი ადამიანებით. იყო დრო, დანანებით ვსაუბრობდით ამაზე.
ახლა სადღაც ვიღაცამ გააჟღერა, რომ კონფორმისტი ერი ვართ, შემგუებელი, ნაცარქექია და ეს ამბავი ისე გავითავისეთ, თითქოს რამე სასიხარულო და საქებარი ეთქვას იმ ვიღაცას. საქმე ისე მიდის, შემგუებლობა და გულგრილობა საერთო-სახალხო ზნედ გვექცევა - ქართული ხასიათის უპირველეს გამოვლინებად.
კარგი, ბატონო, ასე იყოს - ველოდოთ, როდის ჩამოჰკრავს ზებო ზარს...
მაგრამ იქამდე, კალაძის საკითხისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება - ეს ერთი კაცის, ერთი სახეობის, ფედერაციის ან სპორტის პრობლემა არ არის - ეს, ზოგადად, საქვეყნო პრობლემაა.
სისტემამ მორიგი წარმატებული ადამიანი გასწირა - ყურადღება მივაქციოთ, წარმატებული და არა ბედნიერი, არა გალაღებული, არა იღბლიანი...
ის, რასაც კახა კალაძემ მიაღწია, ნაყოფია მისი და მხოლოდ მისი ასკეცი ოფლისა, შრომისა, ხასიათისა და არამც და არამც სისტემისა, სახელმწიფოსი. პირიქითაც კია - ერთიც და მეორეც მხოლოდ ხელს თუ უშლიდნენ ამ კაცს, თორემ სასიკეთო არაფერი გაუკეთებიათ.
საქმე საზოგადოების პოზიციასა თუ აზრთა სხვაობაში არ არის - არა მარტო ჩვენში იყოფა ადამიანების აზრი. სხვას ყველას და ყველაფერს თავი დავანებოთ, პაოლო მალდინის ჩაამწარეს გამოსათხოვარი მატჩი და როგორ გგონიათ, ვინ? - „მილანის“ „ტიფოზებმა“. გამოსათხოვარი მატჩისას და მის შემდეგ, პაოლო მალდინის მილანურმა ტრიბუნებმა აგინეს.
აქედან გამომდინარე, ნურავის გაუკვირდება კალაძის განცხადებების მერე საზოგადოების ნაწილის ცუდი, არასწორი და უსამართლო პოზიცია - ასე ხშირად ხდება და არა მარტო ჩვენში.
რაც შეეხება გამოსათხოვარ მატჩს - ასეთი მატჩი კი აუცილებლად უნდა შედგეს, მაგრამ თუ არ შედგება, ნურავინ გაიკვირვებს: ქვეყანაში, სადაც მაჩაიძე, ყიფიანი, გუცაევი, ქინქლაძე და ვინ იცის, კიდევ რამდენი დიდი ფეხბურთელი არ გაუცილებიათ, შეიძლება კახა კალაძეც არ გააცილონ.
რატომ? უბრალო მიზეზის გამო - სააკაშვილის ფორმაციის საქართველოს არ აინტერესებს პიროვნებები, მას მასა სჭირია.
იური როსტმა დაწერა ყიფიანზე მაგარი წერილი - „Инакомыслящий“ ერქვა და იქ ამბობდა ეს ქართველების პატივისმცემელი კაცი: არიან ადამიანები, ქვეყნის სახეს რომ განსაზღვრავენ და ყიფიანიც საქართველოს სახეაო...
ჩვენი დროის საქართველოს არ სჭირდება საუკეთესო რეჟისორი...
ჩვენი დროის საქართველოს არ სჭირდება საუკეთესო წიგნის ავტორი...
როგორც აღმოჩნდა, არც საუკეთესო ფეხბურთელი სჭირდება.
მე არ ვიცი, რატომ ხდება ასე და ზოგადად, ძნელი გასაგებია წარმატებული პიროვნებებისადმი ამგვარი დამოკიდებულება. ნურავინ იტყვის, რომ პრობლემა ამირეჯიბის, სტურუას და კალაძის პიროვნებებშია საძებარი, რომ რუსეთი, რომ ქსენოფობია, რომ ბიზნესი და ვინ იცის, კიდევ რა...
სისტემის მიერ ამ ადამიანების გაწირვას სულ სხვა საფუძველი აქვს - მათ პროტესტი და განსხვავებული აზრი გაუჩნდათ.
ახლა ჩვენს ქვეყანაში მოდერნიზებული ბოლშევიზმია - შეიცვალა საუკუნე და უფროსი ძმის ენა (XX век იყო, ახლა XXI century-ია), თორემ იდეაში არაფერი შეცვლილა:
ლენინი ამბობდა, რომ ინტელიგენცია უნდა ჩაირეცხოს, ჩვენი პრეზიდენტიც იგივე ტერმინოლოგიითა და რიხით დაენთო მათ, ხრუშჩოვის „ოტტეპელი“ სიმინდის ყანებამდე მივიდა და აგერ, ქართულ პარლამენტშიც ხომ იმღერეს „დრიხტიტარო-დრახტიტარო“...
ბანანის რესპუბლიკაო? არა, რესპუბლიკა სიმინდისაა და არა მარტო ბანანი, ადამიანიც ვერ ხარობს აქ...
ასე ხდება ხოლმე, დემოკრატიის მატარებელი საბოლოოდ სწორედ ყანასა და ბოსტანში დაბუქსავდება.
არაფერი დემოკრატია არ ჰქვია ამას - ეს განსხვვავებული აზრის ვერატანა და ადამიანის ჭანჭიკად ქცევის მორიგი მცდელობაა. როგორ გგონიათ, ძალიან უნდა აინტერესდებდეს კახა კალაძის ჩემპიონთა თასები და 83 მატჩი ნაკრებში იმ კაცს, რომელიც ნაკრების გასახდელში ჩავიდა და „ლივერპულს“ 2:1 მოვუგეთო, „გაიხსენა“?
მისთვის ხომ კახა კალაძე მხოლოდ სამშვენისი იყო, ეგებ, სხვაზე ბრჭყვიალა, მაგრამ მაინც ერთი ნათურა საშობაო ნაძვის ხეზე და როცა დაინახა, რომ ეს კაცი მისთვის აღარ ციმციმებდა, მოიცილა, მოიძულა, მოინელა.
სადაც სეთურია, იქ ასინეთა, სპირიდონა სულანჯია და კაკოია თაბაგარიც უთუოდ იარსებებენ - სწორედ მათ ყბაში ჩავარდა კახა კალაძე და გასაცილებელ მატჩს ვინ დაეძებს, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ავადსახსოვარ მომენტად აგვისტოს ომი კი არა, იტალიასთან კალაძის ავტოგოლები აქციეს.
ვისიმე პიროვნულმა ტრაგედიამ შეიძლება კმაყოფილებაც კი მოგგვაროს - ხომ ნათქვამია, მტრის გვამს სასიამოვნო სუნი ასდისო, მაგრამ წაქცეულ კაცს არ უნდა დასცინო.
იმ გოლებს გიორგი ლომაიამ ვერ გაუძლო და წავიდა ნაკრებიდან - კალაძეს კი ეყო ძალა და დარჩა. ვისაც უთამაშია, კარგად იცის, ეს მარტო აზარტი არაა, ამას რეაბილიტაციის მცდელობას თუ დავარქმევთ, თორემ კახას დასამტკიცებელი ნამდვილად არაფერი ჰქონია და ნაკრებში თამაში ხეირისთვის გააგრძელაო, ვერც ამას დააბრალებს ვინმე.
და მაინც ის ორი გოლი ტრიალებს წაღმა და უკუღმა - ის ორი გოლი ექცა კალაძეს დანაშაულად და ძალიან ცოტა ხვდება, რომ ეს დანაშაული კი არა, სასჯელია, ამაზე დიდ განსაცდელს ფეხბურთელს კარიერაში ვერავინ და ვერაფერი შეამთხვევდა.
თუმცა, რა სოლიდარობა, რა წარსული დამსახურება - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია და მორჩა.
მერე კი „არ არის კაცი, არ არის პრობლემა"-ო, ამის დროც მოვა. და ეს მარტო ბოლო კი არა, მარტო კონფორმიზმი კი არა, უდიდესი სირცხვილიც იქნება - მემკვიდრის, მომავლის წინაშე სირცხვილი.
რომელიც ადრე თუ გვიან, დასვამს შეკითხვას - რატომ, რის გამო გეშინოდათ ასე?
გვქონდა ქართულ ფეხბურთში ბრძოლის მცდელობა - რამდენჯერმე: ქომაგთა ლიგა, „ჩვენი ფეხბურთი“, პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია, რამდენიმე ჟურნალისტი არცთუ იშვიათად „ვურტყამდით სპილოს რბილოში“ ანუ სისტემას ფეხბურთის ფედერაციაში, მაგრამ...
ვერ იქცა ის გამოსვლები სახალხო საქმედ - ტრიბუნებიდან გინებას ვერ გასცდა საკეთებელი და პოზიცია, ვერა და ვერ შედგა ნაცრისფერი მასა მოაზროვნე მასად!
აკაკი ბაქრაძე წერდა, ქართველებისაგან მოაზროვნე მასა მხოლოდ ერთი მახსოვს და ისიც ფილმშიო („ფატიმადან“ მოჰყავდა ეპიზოდი) - ვინ-ვინ და ბაქრაძე ჰაიჰარად არაფერს დაწერდა.
ტოპმიოლერი წასული არ იყო, „რუსთავი 2"-ის სტუდიაში ვისხედით და მაშინ ვთქვი, რომ კლაუსი წასულია - საქმე კონტრაქტში და ხელმოწერაში არ არის, პროცესი წააგო და ამიტომაა წასული-მეთქი...
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ - კვირაზე ნაკლებ დროში წავიდა - რაღაცით ბულგაკოვის პასაჟს ჰგავს ასეთი ამბები, ანუშკამ ზეთი რომ დაღვარა, აი, იმას...
აქაც ასეთი ამბავია - ანუშკამ ზეთი უკვე დაღვარა. სააკაშვილი და ეს სისტემა უკვე წასულია: მათ წააგეს პროცესი და როდის წავლენ, წლეულს, გაისად თუ ოცი წლის მერე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეგ არის, დრო ჩვენზე არ მუშაობს, რაც მეტს იარსებებს ასეთი სისტემა, უფრო ცოტა და უფრო ცუდები დავრჩებით.
კალაძის (სტურუას, ამირეჯიბის) გაკვეთილი კი გასათვალიწინებელია: ამათ რომ ასე ექცევიან, სხვებს რა შანსი გვაქვს? კარგად დავფიქრდეთ, საქმე არითმეტიკაში კი არა, ყოფნა-არყოფნაშია...
კონსტანტინე გოგიშვილი







