ქრისტეს მიერ იუდეველთათვის აღთქმული მიწა, მთლად “ყურის ძირში” რომ არაა, რუკაზე თვალის შევლებითაც კარგად ჩანს. თუ თვითმფრინავში ჩაჯექი და თბილისიდან თელ-ავივისკენ გაემართე კაცი, ჩათვალე, იმაზე ორჯერ მეტი დრო (დაახლოებით ორსაათნახევარი) დაგეხარჯება, ვიდრე ამ ქალაქებს შორის სახაზავით რუქაზე გადაზომილის მასშტაბზე გამრავლებულის დაფარვას სჭირდება. ამ უბრალო გეოგრაფიისა და საჰაერო ნავიგაციის დაკავშირება, მარტივად მაინც შეიძლება - ისრაელისკენ მიმავლისათვის, მაჰმადიანი არაბებით დასახლებული ქვეყნების “მოკლეზე” გადაფრენა ხომ შეუძლებელი საქმეა - რუსულ “земля-воздух”-ზე თითის დაჭერა და მტრისას, ისეთი სიჩქარით დაეშვები კაცი ებრაელებისადმი მტრულად განწყობილი რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე.
სირიის უდაბნოს ციდან გადალახვაზე გაცილებით იოლი საქმეა იმ სხვაობის აღმოფხვრა, რაც ებრაული და ქართული სპორტული (კონკრეტულად საფეხბურთო) მედიელებისთვის ბოძებულ სამუშაო პირობებშია. საამისოდ, ქართული გუნდი, მინიმუმ, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მაინც უნდა მოხვდეს. აბა, ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში, “ჯვაროსნები” 1994 წლის 7 სექტემბრიდან (იმ დღეს, ქართველებმა თბილისში მოლდოვასთან 0:1 წააგეს) თამაშობენ, მაგრამ როგორ კომფორტშიც თელ ავივის “რამათ განზე” უწევს ჟურნალისტს მუშაობა, თბილისში სულიკოსავით საძებნელია. ჩემპიონთა ლიგა კი იმ შუაშია, სწორედ ამ უპოპულარულესი კონტინენტური საკლუბო ტურნირის ბოლო ჯგუფურ შეხვედრაზე დასწრების პატივი ხვდა წილად “მსოფლიო სპორტის” ჟურნალისტს.
ისრაელში ჰაიფას “მაკაბის” მეთერთმეტედ გაჩემპიონებაში, საკუთარი წვლილი ქართველმაც შეიტანა. ეს ქართველი, 40 წლის მწვრთნელი გიორგი დარასელიაა, რომელიც ჰაიფელთა მთავარი მწვრთნელის, ელიშა ლევის ასისტენტია. ეს წყვილი, უკვე მეექვსე წელია წარმატებით თანამშრომლობს და თუ ერთობლივი კარიერის საწყის წლებში “დასახრჩობთათვის” ე.წ. მაშველი რგოლების ფუნქცია ჰქონდათ (მათი მისია გასავარდნი გუნდის უმაღლეს ლიგაში დატოვებით, ან პირველიდან უმაღლესში მისი აღზევებით შემოიფარგლებოდა), პიკს 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე მიაღწიეს. ლევი-დარასელიას დუეტმა, “მაკაბი” პირველსავე ცდაზე გააჩემპიონა, მერე კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
ამ ბოლო მიღწევის “გამოჭედვისას”, გიორგი დარასელია ჰაიფური კლუბის ერთადერთი ქართველი არ იყო. ზაფხულის შეკრებაზე, გუნდში ლატვიურ “სკონტოში” თავგამოჩენილი 23 წლის ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი აიყვანეს და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ებრაელებს არც არაფერი წაუგიათ. ლადომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “მაკაბის” მიერ გამართულ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და თუ მარტო არა, ერთ-ერთი პირველი შეუძღვა მის ახალ გუნდს ბებერი კონტინენტის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე.
იქ, ჰაიფელებს ე.წ. სიკვდილის ჯგუფში თამაში მოუწიათ - ისეთში, სადაც “ჩარჩენის პატივი” ჩემპიონთა თასის (ასე ერქვა გასულ საუკუნეში ჩემპიონთა ლიგას) 2-გზის, უეფას თასის (ასეთია ევროლიგის ძველი დასახელება) 3-გზის და თასების თასის ერთგზის გამარჯვებულ (იტალიის სერია A-ს 27-ჯერ მოგებაზე რომ არაფერი ვთქვათ) ტურინის “იუვენტუსს” ხვდა წილად. აქ, პირველ ადგილზე ფრანგული “ბორდო” გავიდა. სწორედ ჟირონდელების თელ ავივში სტუმრობას დაამთხვია “მსოფლიო სპორტმა” ჟურნალისტის ისრაელში მივლინება, რომლის ყველა ორგანიზაციული საკითხი, კლუბში ყველაზე ავტორიტეტული ქართველის, გიორგი დარასელიას რეკომენდაციით, “მაკაბიმ” გადაწყვიტა.
თბილისიდან “აირზენასა” და მარსელიდან “ეარფრანსის” კუთვნილი ბოინგების “ბენ გურიონზე” დაფრენა დროში დაემთხვა. იყო ერთი დამთხვევაც - ქართველ ჟურნალისტს და ფრანგულ ჩემპიონს, უშველებელი აეროპორტის ერთი და იგივე თანამშრომელი, შუახანს გადაცილებული მამაკაცი სახელად ალექსი დაგვხვდა. როცა სასტუმროებში გვანაწილებდნენ, ერთი დამთხვევაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ერთმანეთს 100 მეტრით ავცდით - “ბორდო” “კარლტონში” დაბინავდა, ჩვენ კი “მორია პლაზაში” (იქ, სადაც მატჩის წინა დღეს “მაკაბი” დასახლდა). ორივე ხმელთაშუა ზღვის პირასაა და ორთავეს, მეპატრონემ მასზე 5 ვარსკვლავის მინიჭებას ბევრი მილიონი (თუ მილიარდი არა) შეკელი დაახარჯა.
“მაკაბი”-“ბორდო” 8 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 21.45 საათზე დაიწყო, თამაშამდე ერთი დღით ადრე კი, გუნდებმა ევროპული საფეხბურთო ეტიკეტის ყველა წესი დაიცვეს. საღამოს 6 საათზე, 40-ათასიანი “რამათ განის” ჟურნალისტებისთვის გამოყოფილ უშველებელ დარბაზში, ფრანგების თავკაცი ლორან ბლანი პუნქტუალურად გამოცხადდა და კითხვებს უპასუხა. ზიხარ მწერალი ჟურნალისტი და იცი, რომ რესპონდენტის სახის ახლომახლო, საკუთარი არხის ლოგოიანი “ღრუბელის” ჩაკვეტებას არავინ შეეცდება; არც არავინ ჩაუცუცქდება მაგიდასთან ბლანს და ფოტოაპარატს არ დაუჩხაკუნებს – ამისათვის, დარბაზის მარჯვენა კუთხეში სპეციალური კუთხეა გამოყოფილი და იქიდან, რამდენიც გინდა აკეთე კაცმა ეგ საქმე. და რაც ყველაზე მთავარია, არსად ჩანან ვიდეოოპერატორები, რომლებმაც საქართველოში აუცილებლად ჟურნალისტების წინ უნდა გაშალონ შტატივები და იდეალურ შემთხვევაში, იღლიის ჭურჭუტანიდან გაცქერინონ ინტერვიუერიც და მთარგმნელიც. ამ ყველაფრის ადგილი, მსხდომი მედიელების ღრმა “ზურგში”, 2-3 იარუსიან შემაღლებულ ფიცარნაგზეა. მოკლედ, ელექტრონულ მედიასაც მისი წილი დაფასება აქვს და ბეჭდვითსაც.
გვერდით დარბაზში ყველა პირობაა შექმნილი, რომ ოპერატიულადვე გადასცე რედაქციას თუ კიდევ სხვა დამკვეთს ფოტო და ტექსტური მასალა - ქსელი არ მუშაობს, ან “შტეკერში” დენი არ შედის - “რამათ განზე” წარმოუდგენელია. ჰაიფელთა პრეს-ატაშე დუდუ ბაზაკი, კონვერტების დასტიდან იღებს შენს გვარ-სახელიანს და მასში აღმოაჩენ - კისერზე ჩამოსაკიდ ლამინირებულ ფლაერს და ბილეთს. ამასთან ერთად, მაგიდებზე აწყვია დამდეგი მატჩის მონაწილეთა უსრულესი სტატისტიკურ მონაცემებიანი “მეგზურები”, პროგრამები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32-ივე მონაწილის სკურპულოზური დახასიათება.
რაოდენობას არ იკითხავთ? მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ, გახარებულმა ფრანგმა ფანებმა (“მაკაბიმ” ამჯერადაც წააგო - 0:1 - და ჯგუფური ტურნირი უქულომ და გოლგაუტანელმა ჩაამთავრა), როგორღაც მედიის ზონაშიც შემოაღწიეს და იქიდან ამ ჟურნალებით დატვირთულების გამოსვლის შემდეგ, კიდევ ბევრი დარჩა. თან გაითვალისწინეთ, რომ მწერალი ჟურნალისტებისთვის კუთვნილი 80-კაციანი ვიპ-ლოჟა გადაჭედილი (სამმაგი კონტროლის წყალობით, იქ არაჟურნალისტის შეღწევა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო) გახლდათ. ასეთივე დღეში იყო მათ უკან განლაგებული ტელე (მათგან ყველაზე სახელიანი, 1998 წელს სამფეროვნების მსოფლიოზე გამჩემპიონებელი მწვრთნელი ემე ჟაკე იყო) და რადიოკომენტატორების საჯდომი ადგილები.
კომპაქტურად განთავსებულ ჟურნალისტებს, თავს ზემოთ, დაახლოებით, 2 მეტრში, ერთი დიდი ტელევიზორი უდგათ, სადაც სახიფათო, სადავო, თუ კიდევ სხვა კრიტერიუმით გამორჩეული ეპიზოდი, მინიმუმ, სამჯერ მეორდება. ე.ი. თუ მხედველობის პრობლემა არ გაქვს კაცს, აღარ გჭირდება გვერდით მჯდომი კოლეგისთვის “ტვინის ბურღვა” - ვინ დაარტყა, ვის მოხვდა ხელზე ბურთი, თამაშგარე იყო და ა.შ.
ვიდრე მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის მოსასმენად პრეს-ბლოკის შესაბამის დარბაზში შეაღწევ, მაგიდებზე გხვდება ფერად (ჯანდაბას, შავ-თეთრზეც ყაბულს ვართ) პრინტერზე ამობეჭდილი განვლილი მატჩის სრული სტატისტიკური მონაცემები - ვინ რამდენი ირბინა, კარში დაარტყა, დაჯარიმდა, თუ მრავალი სხვა. თავად პრესკონფერენციას რაც შეეხება, მას აუცილებლად ესწრება სტუმარი გუნდის მშობლიურ ენაზე (ჩვენს შემთხვევაში ფრანგულზე) მოსაუბრე თარჯიმანი, რომელიც ფრანგი ჟურნალისტებისთვის ივრითზე დასმულ კითხვასაც თარგმნის და გაცემულ პასუხსაც.
არადა, არც ისე შორია ისრაელამდე.
ფრიდონ კერვალიშვილი, თელ ავივი – თბილისი







