ჭადრაკი

1:51 | 30.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

“შავი” დღე პლოვდივში

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართველი მოჭადრაკეებისთვის ევროპის ჩემპიონატის მე-9 ტური ყველაზე დანავსული გამოდგა. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ტურნირის მორიგ სათამაშო დღეს, ქართველთა უმეტესობამ მარცხი განიცადა და იმის შანსი, რომ რომელიმე მათგანი საპრიზო სამეულში მოხვდება, პრაქტიკულად აღარ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მე-9 ტურის წინ ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას (2706) გააჩნდა, რომელიც ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა, თუმცა, რუსეთის სახელით მოთამაშე მიხეილ ქობალიასთან (2666) მარცხის შემდეგ, 33-ე ადგილამდე დაქვეითდა.
ბაადურს 6.0 ქულა შერჩა და ევროპის პირველობის სათავეში მყოფ შვიდეულთან – ლორენ ფრესინე (საფრანგეთი, 2693), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი, 2695), ვლადიმირ მალახოვი (რუსეთი, 2705), მიხეილ ქობალია (რუსეთი, 2666), დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2689), მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი, 2632), ვლადიმირ აკოპიანი (სომხეთი, 2684) – უკვე ერთქულიანი სხვაობა აქვს.
მარცხიანი დღე ჰქონდათ შოთა აზალაძეს (2419), მიხეილ მჭედლიშვილსა (2626) და ლევან ფანცულაიასაც (2595), რომლებიც ასევე სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იყვნენ, ახლა კი, შესაბამისად, 53-ე, 65-ე და 104-ე პოზიციებზე დამკვიდრდნენ. აზალაძესა და მჭედლიშვილს 5.5-5.5 ქულა აქვთ, ფანცულაიას კი – 5.0; ტურნირზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 151. დავით ლომსაძე (2338) – 4.5; 170. დავით ბენიძე (2530) – 4.5; 179. გაიოზ ნიგალიძე (2472) – 4.5; 199. ლუკა პაიჭაძე (2491) – 4.0; 329. გიორგი ხელაია (2080) – 2.5;
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 31 მარტს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, საიდანაც ჩემპიონი 14 ათასს მიიღებს, სულ კი თანხა მოწინავე 25 მოჭადრაკეზე გადანაწილდება. სათქმელია ისიც, რომ ევროპის პირველობის საუკეთესო 23 მონაწილე მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093068