66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანელი ნიჰათ შიხალიზადა იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეტოქე შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ვაზარზე დააგდო და შებოჭა.
შიხალიზადასთან დაჭიდებამდე შავდათუაშვილი ბუტაპეშტურ ტატამზე სამჯერ გავიდა. ტურნირი ბელგიელი იასპერ ლეფევრის შებოჭვით გახსნა, რუმინელ რემუს მირჩა ლაზეას ერთი იუკოთი გასცდა, ხოლო უნგრელი ბენც ზამბორი ულამაზესი გდებით დაამარცხა. ფინალში ლაშას მეტოქე რუსეთის ნაკრების წევრი კამალ ხან-მაგომედოვი იქნება.
შეგახსენებთ, დღეს ევროპირველობაზე მედლები კაცთა ორ უმსუბუქეს წონაში თამაშდება. 60 კილოგრამში საქართველოს სახელით ამირან პაპინაშვილი ჭიდაობს და ჩემპიონის ტიტულს მასაც ერთადერთი გამარჯვება აშორებს. გადამწყვეტ შეხვედრაში პაპინაშვილი შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინს დაუპირისპირდება.









