ჭადრაკი

1:28 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

შანსი კიდევ არის

პოლონეთში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა ევროპირველობაზე შვიდმა ტურმა განვლო, ერთპიროვნულად უკრაინელი ალექსანდრ მოისეენკო ლიდერობს 6 ქულით. მას 5,5-5,5 ქულით 7 მოჭადრაკე მიჰყვება. 5-5 ქულა უკვე დიდ ჯგუფს აქვს, რომელთა შორის ავსტრიის წარმომადგენელი დავით შენგელიაა. მან მეშვიდე ტურში აზერბაიჯანელ რაუფ მამედოვთან გაიყო ქულა. ბაადურ ჯობავას 4,5 ქულა აქვს - ის გუშინ თურქ დრაგან სოლაკს დაუზავდა. ასევე ნახევარი ქულა აიღო მერაბ გაგუნაშვილმა ბერძენ ადანასიოს მასტროვასილისთან. ქართველ მოჭადრაკეს ჯერჯერობით 4 ქულა აქვს. ასევე 4 ქულა გაუხდა თორნიკე სანიკიძეს, რომელმაც ავსტრიელ რაფალ ლუბჟინსკის სძლია. აუტსაიდერთა შორისაა დავით ლომსაძე, რომელიც მერვე ტურს 2 ქულით ხვდება.

შეჯიბრება ორშაბათს განახლდება. ჯობავა თეთრი ფიგურებით ეთამაშება ჩეხ ვლასტიმილ ბაბულიას, სანიკიძე კი შავებით ითამაშებს რუს ვლადიმირ პოტკინის წინააღმდეგ. მერაბ გაგუნაშვილის მეტოქე გერმანელი ბათიას ბლუებაუმია, რაც შეეხება ლომსაძეს, მის წინააღმდეგ ამჯერად სუსტი სქესის წარმომადგენელი - უკრაინელი ელენა ჩერედნიჩენკო ითამაშებს.

„ავსტრიელი“ დავით შებგელიას მეტოქე რუსი იან ნეპომნიაშჩია. და კიდევ ერთი დეტალი - ამ ტურნირში ჩეხეთის სახელით ასპარეზობს და 5 ქულით ლიდერთა შორისაა სერგეი მოვსესიანი, რომელიც თბილისში გაზრდილია.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 16 მაისს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა, საიდანაც გამარჯვებული 14 ათასს მიიღებს. ერთი საინტერესო დეტალიც. ევროპის ჩემპიონატის 23 მოწინავე მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091647