ქართველმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ (რეიტინგი 2551) ჩინებულად იასპარეზა ირანის ქალაქ მაშადში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 150 მოჭადრაკეს შორის პირველი ადგილის დაკავება შეძლო და მთავარი პრიზი ირგუნა.
შანავამ 11 ტურში 7 პარტია მოიგო, 4 კი ყაიმით დაასრულა და 9 ქულა მოაგროვა. საბოლოოდ, ასეთი შედეგი აღმოაჩნდათ ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე ჰოლანდიელ სერგეი ტივიაკოვსა (2662) და ლიტველ ვირგინიუს გრაბლიაუსკასსაც (2422), თუმცა, ქართველმა მათ დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
მხოლოდ 30-ე პოზიცია ერგო ვალერიან გაფრინდაშვილს (2433), რომელმაც 5 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი მიითვალა და ასპარეზობა 7 ქულით დაასრულა.
ცნობისთვის, მაშადი რაზავი ხორასანის პროვინციისა და მთლიანად ირანის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელშიც სამ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, წლის განმავლობაში კი 20 მილიონამდე პილიგრიმი და ტურისტი სტუმრობს.







