ინტერვიუები

22:10 | 20.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

სერგო კვარაცხელიას არჩევანი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე XVII ყრილობაზე, ერთ-ერთ საკვანძო საკითხად აღმასკომის წევრთა არჩევნებია გამოტანილი. დელეგატებმა 25 კანდიდატიდან 18 უნდა შეარჩიონ და დაამტკიცონ. სწორედ აღმასკომი იქნება (ან უნდა იყოს) ის ორგანო, რომელიც ფეხბურთის განვითარების ძირეულ მიმართულებებს განსაზღვრავს და მათ ისეთ კალაპოტში მიუშვებს, რომელსაც წყალდიდობისგან ნაპირებიდან გადმოსვლა არ დაემუქრება. ეს რომ მოხდეს, მინიმუმ, ფეხბურთის განვითარების დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს და მასში ის თანხაც ეწეროს, რომელიც წყლის (თუნდაც სათამაშო) დონის მომატებას თუ არა, პატარა ღელვას მაინც გამოიწვევს ჭაობადქცეულ საფეხბურთო მეურნეობაში.
“მსოფლიო სპორტი” ესაუბრა აღმასკომის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატს, სერგო კვარაცხელიას. ჩვენი ინფორმაციით, სფფ-ს პრეზიდენტად ზვიად სიჭინავას დანიშვნის დღიდან, იგი ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების უფროსის პოსტზე უმთავრეს პრეტენდენტად სახელდება. წარსულში ცნობილი მსაჯი, ფიფას არბიტრი კვარაცხელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტია და სწორედ ამ ორგანომ დაასახელა იგი აღმასკომის წევრობის კანდიდატად.
- ბატონო სერგო, თქვენი მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლების განყოფილების უფროსობა უკვე გადაწყვეტილია? 
- არა მგონია, ხვალ რაიმე დანიშვნები მოხდეს იქიდან გამომდინარე, რომ დღის წესრიგი ამას არ ითვალისწინებს. საერთოდ კი, მოვიაზრები თუ არა ამ პოსტზე, ჩემთვის უცნობია. თუ სურვილი აქვს ვინმეს, რომ მე ეს პოსტი ჩავიბარო და ამას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ამჟღავნებდა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. ეს იმ გუნდის გადასაწყვეტია, რომელიც ხვალ აირჩევა. სწორედ აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს განყოფილებების, კომიტეტების უფროსები.
- ფაქტია, ამ განყოფილების უფროსის კანდიდატურა აღმასკომს ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს.
- პრეზიდენტმა, ან იმ ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც შესაბამის სამსახურებს გაუწევს კურირებას ფედერაციაში.
- დავიჯეროთ, ზვიად სიჭინავას თქვენთან საუბარი ერთხელაც არ ჰქონია აღნიშნულ საკითხზე?
- არც ჩემთან და არა მგონია, საერთოდ სხვა ვინმესთან ჰქონოდა ამის შესახებ საუბარი. ეს საკითხი არაა ისე მომწიფებული, რომ რომელიმე კანდიდატურაზე ხმამაღლა მსჯელობა შეიძლებოდეს.
- სამაგიეროდ, თქვენი ვინაობა აღმასკომის წევრობის კანდიდატთა შორის სახელდება. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ ფედერაციის მმართველ ორგანოში შესვლით, უარს ამბობთ მსაჯთა განყოფილების უფროსობაზე?
- ფიფას და უეფას წესდებები ასეთ შეთავსებას არ კრძალავს. აღმასკომის წევრი იმ საქმის შემსრულებელი უნდა იყოს, რასაც პრეზიდენტი და მისი გუნდი დაავალებს.
- შეთავსება რომ იკრძალებოდეს, თქვენ რომელს აირჩევდით - აღმასკომს თუ განყოფილებას?
- რა უფლება მაქვს, ასეთი არჩევანი გავაკეთო. რა დავალებასაც მომცემენ მმართველ ორგანოში, როგორც რიგითმა ჯარისკაცმა, ვალდებული ვარ ყველაფერი შევასრულო.

ფრიდონ კერვალიშვილი



       









































 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094847