ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაციის მიერ 2009 წლის საუკეთესო მეკარედ დასახელებულმა იკერ კასილიასმა, ჟურნალ “ჩემპიონების” საშუალებით ისაუბრა ფეხბურთის ისტორიაში მისი აზრით 10 საუკეთესო კიპერზე.
ზეპ მაიერი. “თავისი დროის კანი”
“მას შეგვიძლია ვუწოდოთ თავისი დროის კანი, რადგან მან გერმანული ფეხბურთის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. იმ კადრების მიხედვით, რაც მე ნანახი მაქვს, მას ძალზე კარგი რეაქცია ჰქონდა. მიუხედავად მისი სიმაღლისა, მაიერი მაინც ძალზე მოქნილი იყო. სწორედ ამიტომ ეძახდნენ მას მეტსახელად კატას. იგი ჩემზე ერთი თაობით ადრე თამაშობდა და მის შესახებ ბევრი რამ მსმენია მამაჩემის თაობის ხალხისგან. როგორც ამბობენ, იგი იყო სტაბილური და თითქმის არ უშვებდა შეცდომებს. ეს მეკარისთვის ორი ძალზე მნიშვნელოვანი თვისებაა”.
ოლივერ კანი. “ცოტათი ექსცენტრიული”
“მას უწოდებდნენ მეფე კანს, ან ტიტანს და ამით ყველაფერია ნათქვამი. მე მას საერთოდ არ ვგავარ და ვეთანხმები მათ, ვინც აცხადებს, რომ კანი ცოტათი ექსცენტრიული იყო. ვერ გეტყვით, ეს ზოგადად მეკარეებს ეხმარება თუ ხელს უშლის, მაგრამ კანს ნამდვილად ეხმარებოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მატჩისთვის ფსიქოლოგიური მომზადება ბევრად მნიშვენლოვანია ფიზიკურზე. ყველაზე მთავარი კი, ჩემთვის სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნებაა. კანს ამგვარი რამ არ ახასიათებდა და მიუხედავად ამისა, მოიპოვა იმაზე მეტი ჯილდო, ვიდრე ფეხბურთის ისტორიაში სხვა რომელიმე მეკარემ”.
ჯანლუიჯი ბუფონი. “უნაკლო მეკარე”
“ვერ ხვდები, რით უნდა დაიწყო, როდესაც მის თვისებებზე საუბრობ. მას არ გააჩნია ნაკლი. მეკარის ერთ-ერთ მთავარ თვისებად ითვლება სიმშვიდე. როდესაც შენზე დიდი ზეწოლაა, უნდა შეგეძლოს არ ინერვიულო. თუ ამას ახერხებ, დადებით გავლენას ახდენ თანაგუნდელებზე. ბუფონის თამაში მთელს მის გუნდს დამაჯერებლობას ჰმატებს. დღესდღეობით, ის მეკარეებისთვის მაგალითია და ყველას სურს მასთან შედარება”.
პეტერ შმეიხელი. “დაუმარცხებელი”
“ყველა დროის საუკეთესო მეკარედ ჩემთვის პეტერ შმეიხელი რჩება. როდესაც იგი პირველად ტელევიზორით ვნახე, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ვთქვი: “ეს ადამიანი დაუმარცხებელია”. მაშინ 11 წლის ვიყავი, შმეიხელი კი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა. იმ დღიდან მოყოლებული, ვიცოდი, რომ მას უნდა დავმსგავსებოდი – იგი ჩემი კერპი გახდა. როგორც კი საშუალება მომეცემოდა, მისი თამაშის ყურების შანსს ხელიდან არ ვუშვებდი. მსურდა, მისგან ბევრი რამ მესწავლა”.
ლევ იაშინი. “ჰოკეის მეკარე საფეხბურთო მოედანზე”
“ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეკარე. ჩანაწერებში ნანახი მაქვს მის მიერ აკრობატული ნახტომებით მოგერიებული ბურთები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ილეთები მან ჰოკეის გუნდში ისწავლა. იაშინი ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელსაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული. მისი მეტოქეებს ეშინოდათ, ხოლო ფსიქოლოგიური ფაქტორი, თავდამსხმელების წინააღმდეგ სათამაშოდ მნიშვნელოვანია”.
ხოსე ანხელ ირიბარი. “ძალა და მოქნილობა”
“ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მისი მოედანზე გამოჩენა მეტოქეს შიშის ზარს სცემდა. მისი წარმატებული თამაში მხოლოდ დიდი გაბარიტების დამსახურება არ ყოფილა, მაგრამ ესეც გარკვეულ როლს თამაშობდა. იგი ერთმანეთს უზავებდა ძალას და მოქნილობას. მასთან საერთო ის მაქვს, რომ ორივე ჩვენგანმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი”.
დინო ძოფი. “მე მისი მშურს”
“კანი და მაიერი ტიპიური მეკარეები არიან – ძლიერები და ვნებით მოთამაშენი. ძოფი კი განსხვავებულია. მოედანზე იგი ყოველთვის მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. მას შესაშური რეაქცია ჰქონდა, რისი წყალობითაც დაუჯერებელ ბურთებს იგერიებდა. იგი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც მინდა ვგავდე. მშურს იმ მეკარის, რომელიც 40 წლის ასაკში გუნდის კაპიტანი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე”.
ხოსე ლუის ჩილავერტი. “ჯარიმების შესანიშნავი შემსრულებელი”
“იგი უნიკალურია. ჩილავერტი შესანიშნავად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს. მან 60-ზე მეტი გოლი გაიტანა. მაგრამ უსამართლობა იქნებოდა მასზე საუბრისას მხოლოდ ამის აღნიშვნა, რადგან იგი, ამავე დროს, დიდებული მეკარე იყო. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში იგი სამჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე. ძალიან კარგად მახსოვს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი, როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშე (ესპანეთმა 3:1 მოიგო). რაულის დარტყმის მოგერიების დროს მან შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა. მე კი გამოვცადე, თუ რა არის ჩილავერტის საჯარიმო და გამიმართლა, რომ მისი მოგერიება შევძელი”.
რიკარდო ზამორა. “ინგლისთან მატჩის გმირი”
“მისი თამაში ცოცხლად არასდროს მინახავს, მხოლოდ ჩანაწერები მაქვს ნანახი. იგი ესპანური ფეხბურთის ლეგენდაა, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ შიდა ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლის გამშვებ მეკარეს, “ზამორას პრიზი” გადაეცემა. როგორც ამბობენ, იგი დაუჯერებელი სირთულის ბურთებს იგერიებდა. ერთხელ მან, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, მკერდის გატეხილი ძვლით ითამაშა. მის თამაშს თვალს ადევნებდნენ როგორც “ბარსელონას”, ასევე “რეალის” გულშემატკივრები, რადგან მან ორივე ამ კლუბში მოახერხა თამაში”.
ლუის მიგელ არკონადა. “ამბობენ, რომ მე მას ვგავარ”
“მას რვაფეხას ეძახდნენ, რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. მან საკმაოდ სწრაფად მოახერხა ნაკრებში მოხვედრა. როგორც მეუბნებიან, მის მსგავს თამაშს ვაჩვენებ. განსაკუთრებით გამოყოფენ ფეხით თამაშს. სამწუხაროა, რომ არკონადამ ვერ მოახერხა ესპანეთთან ერთად გაჩემპიონება. იგი ხალხს დაამახსოვრდა იმით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთისგან გოლი გაუშვა, მაგრამ ჩვენი ნაკრები ხომ მის გარეშე ფინალამდე ვერ გააღწევდა. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ უსამართლობა მეკარეების მიმართებაშიც შეიძლება მოხდეს”.
მიშა ზაქარეიშვილი







