რაფა ნადალის შემდეგ პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში ჯერჯერობით რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩიც გავიდა. 26 წლის სერბმა დღეს კლასიფიკაციის 31-ე ადგილზე მყოფ ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს სამსეტიან მატჩში 7:5, 2:6, 6:2 მოუგო და მომდევნო სტადიაზე ამერიკელ სემ კუერის შეხვდება.
ჯოკოვიჩმა ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო და პირველ სეტში ჯერ 3:0, შემდეგ კი 4:1 დაწინაურდა. ამის მიუხედავად ვერდასკომ ბოლომდე იბრძოლა და საქმეც კინაღამ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, თუმცა საბოლოოდ საწყისი პარტია ბალკანელმა 7:5 მოიგო. მეორე სეტში უპირატესობას პირენელი ფლობდა და დამაჯერებლადაც იმარჯვა, მესამეში კი ჯოკოვიჩმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა და მეოთხედფინალში გავიდა. სერბულ-ესპანურმა პაექრობამ თითქმის 2 საათს გასტანა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში ნოვაკის ანგარიშზე 4 ბრეიკი და 5 ეისია, ჯოკოვიჩ-ვერდასკოს ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 6:4 გახდა ბალკანელის სასარგებლოდ.
ამავე ტურნირის მეოთხედფინალშია გასული რაფა ნადალი. ჩინეთის დედაქალაქის შეჯიბრების მეოთხედფინალში 27 წლის მალიორკელი იტალიელ ფაბიო ფონინის დაუპირისპირდება და აპენინელის ძლევის შემთხვევაში მსოფლიო კლასიფიკაციაში სალიდერო პოზიციას ორწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნებს.