ფეხბურთი

19:43 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია" – აბურდული და გაუგებარი კონტრაქტების წინააღმდეგ

კარგი წამოწყებაა. ქართველი პროფესიონალი ფეხბურთელებისა და მოქმედი ადვოკატების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაფუძნდება „საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია“, რომლის უმთავრესი მიზანი ფეხბურთელის უფლებების დაცვა იქნება. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელების უფლებები ილახება მათი დამსაქმებელი კლუბებისა თუ სხვა პირთა მიერ და მათ არ აქვთ ინფორმაცია დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. სწორედ ამიტომ „საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია“ მოწოდებული იქნება, რომ მის რიგებში გააწევრიანოს ფეხბურთელები და უზრუნველყოს მათი კანონიერი ინტერესების დაცვის ხელშეწყობა.

„საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის“ ძირითადი მიზნებია:

       1. საზოგადოებაში ფეხბურთელის, როგორც პროფესიის პოპულარიზაცია.

       2. ფეხბურთელების (მათ შორის, ყოფილი ფეხბურთელების) უფლებების დაცვა, რაც აგრეთვე მოიცავს მათი ინტერესების დაცვას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე და ამ მიზნით ფეხბურთელების წარმომადგენლობას საფეხბურთო კლუბებთან, ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სფფ-ში, UEFA-სა და FIFA-ში, ასევე ნებისმიერ სასამართლოსა თუ არბიტრაჟში.

       3. ფეხბურთელების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

       4. ფეხბურთელების ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ), საქართველოს მთავრობისა თუ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობა და ფეხბურთში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ დონეზე დამკვიდრების ხელშეწყობა.

       5. საქართველოს საგამოძიებო ორგანოებთან და სფფ-სთან აქტიური თანამშრომლობის გზით, გარიგებული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ საქმიანობაში ჩართული ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობის მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას აქვს „პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის“ - International Federation of Professional Footballers’ Associations (FIFPRO) საერთაშორისო მხარდაჭერა.

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ფეხბურთელს 14 წლის ასაკიდან, რისთვისაც საჭიროა განცხადების წარდგენა ზეპირი თუ წერილობითი გზით.

საკონტაქტო პირები: ბესო აბაშიძე 577446985, ლექსო ინწკირველი 571272080

ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან: აგენტი ბესარიონ აბაშიძე, იურისტები იმედა დვალიძე და ზვიად კორძაძე, ყოფილი ფეხბურთელები ლექსო ინწკირველი, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი და ასევე, ეროვნული ნაკრების მოქმედი მოთამაშეები: ზურაბ ხიზანიშვილი, ბუბა დაუშვილი, გია გრიგალავა, გურამ კაშია, ალეკო ამისულაშვილი და სხვები. ორგანიზაცია ჯერ ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, მაგრამ ეს მალე მოხდება და კიდევ არაერთი ადამიანი გაწევრიანდება.

ორგანიზაციის რამდენიმე წევრი და დამფუძნებლები სპორტის სამინისტროში შეიკრიბნენ და ისაუბრეს. FA Players Agents-ის წარმომადგენელმა ბესარიონ აბაშიძემ მკაფიოდ მოგვიყვა, თუ რას მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობა. 

ზემოთ წერია, თუმცა კონკრეტული ფაქტები, აგერ თუდაც დაუშვილის მაგალითიდან ავიღოთ. მას ორი კონტრაქტი აქვს გაფორმებული "კარპატისთან":

I – ფიქტიური, რომელშიც მხოლოდ 500 გრივნაა ხელფასად აღნიშნული და კლუბს სწორედ ეს კონტრაქტი აქვს დარეგისტრირებული უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში; II – რეალური კონტრაქტი, რაზეც ფეხბურთელს შეუთანხმდა. და ეს მეორე კონტრაქტი არაა დარეგისტრირებული. "კარპატი" დაუშვილს უკვე 4 თვეა ხელფასს არ უხდის.

"ჩვენი ორგანიზაცია ამ საკითხს მიხედავს. უკრაინაში უკვე არის ასეთი ორგანიზაცია და საკმაოდ ძლიერიც, რომლებმაც იგივე "კარპატი" ადრე დაჯარიმებამდე მიიყვანეს. ეს ორგანიზაცია შესაბამის ცნობებს აწვდის ფედერაციასა და სხვა ორგანიზაციებს, რათა მათ შეისწავლონ და კლუბს პასუხი მოსთხოვონ" – გვითხრა აბაშიძემ.

სიახლე არაა, რომ საქართველოში ამ მხრივ უმართავი სიტუაციაა. ზოგიერთ ფეხბურთელს მონური კონტრაქტი აქვს და ხმას იმიტომ ვერ იღებენ, რომ ვერაფერს მიაღწევენ. იმედია, ასე აღარ იქნება და ორგანიზაციაც სწორედ ამიტომ ფუძნდება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა ითანამშრომლოს ჩვენთან. ვესაუბრე რევაზ არველაძეს და ის საამისოდ მზადაა. კერძოდ, იქნება განსაზღვრული მინიმალური ხელფასით გათვალისწინებული ხელშეკრულება და კლუბს უფლება არ ექნება, მასზე ნაკლები გადაუხადოს მოთამაშეს. ვიმოქმედებთ კაბალური კონტრაქტების წინააღმდეგ. ასევე, ხშირია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ტრავმას იღებს და კლუბი არც აქცევს ყურადღებას, სადაც გინდა იქ იმკურნალეო. ასევე, გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით როცა გვექნება ინფორმაცია, მასაც მივაწვდით ფედერაციასა და შესაბამის ორგანოებს. ჩვენი ორგანიზაცია, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებს საქმეს" – გვითხრა აბაშიძემ.

 

0.140486