საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე, “მენეგინ დე სილვესტრო დომეჯეზე” პირველი მატჩი გამართა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. დავით უსტიაშვილის გუნდმა საკმაოდ ძლიერი, “ა“ დივიზიონის წევრი უკრაინა დაამარცხა და ეს მთავარი ლიდერის – ბექა ბურჯანაძის გარეშე მოახერხა.
ქართველებმა სამიოდე დღის წინ დასრულებული სანტ ანჯელოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის ბექა ბურჯანაძის გარეშე ითამაშეს, რომელმაც ვარჯიშისას ნეკა თითი დაიზიანა.
“როგორც ექიმებმა მითხრეს, მარცხენა ხელის ნეკის ძვალია გაბზარული. დამაიმედეს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე (9 ივლისს იწყება – რედ.) ტრავმა მოშუშდება და ესტონეთში თამაშს შევძლებ, მაგრამ ვარჯიში ხომ მინდა, ევროპისთვის ფორმაში რომ ვიყო?! – გვითხრა ბექამ, იტალიაში რომ შევეხმიანეთ.
უკრაინელებთან მატჩში ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია და პირველი მეოთხედი 22:14 მოიგო. მას მერე დავით უსტიაშვილის შეგირდებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და საბოლოოდ 8-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს.
ქართველებს გამარჯვებისკენ ოთარ ფხაკაძე გაუძღვა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 7-დან 3 სამქულიანია. პერიმეტრიდან ტყორცნებში ქართველებმა უკრაინელებს ორით აჯობეს – 7 სამიანი გამოიყენეს, მოხსნებში კი მეტოქეს რვით ჩამორჩნენ - 43:51.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ტურნირის მეორე მატჩს მასპინძელ იტალიელებთან გამართავს, რომელთანაც 5 დღის წინ, სანტ ანჯელოში 23 ქულით დამარცხდნენ.
საქართველო – უკრაინა 63:55 (22:14, 12:12, 14:15, 15:14)
საქართველო: ორმოცაძე, ო.ფხაკაძე (24), გრძელიძე (7), მიქელაძე (9), კვანტალიანი, ცირეკიძე (6), როგავა (11), გელაზონია (4), ჯინჭარაძე (2).
უკრაინა: არტამონოვი (10), ლუტსენკო, სმირნოვი, ზაგრება (1), კორენიუკი (9) ზუიკოვი (2), კობეტსი (5), შუნდელი (10), ფურსი (14), ჟუკოვსკი (4).
www.gbf.ge