საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშო მასპინძელ საფრანგეთს მსაჯებიანად მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრაში შარშანდელის მსგავსად, რუსეთის ნაკრებს შეერკინება.
საწყის დაპირისპირებაში ირაკლი უზნაძის შეგირდთა მეტოქე ჩეხეთი იყო და ჩვენს გუნდს არანაირო პრობლემა არ შექმნია. შალვა ქარდავამ, ზებედა რეხვიაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ლევან მატიაშვილმა ჩეხები უშანსოდ დატოვეს – 5:0.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს მასპინძელი საფრანგეთი გადაეყარა და არბიტრებმა “სამფეროვანთა” ფინალში გასაყვანად ყველაფერი იღონეს, თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
მსაჯების მიკერძოება განსაკუთრებით ავთანდილ ჭრიკიშვილის და ლორიკ პიეტრის დაპირისპირებაში იგრძნობოდა, რომელშიც ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონ ფრანგს კიდევ ერთხელ აჯობა.
არბიტრებმა ჭრიკიშვილს 2 ვაზარი (!) გაუუქმეს, თუმცა, ბრძოლის მიწურულს ქართველის იუკოს ვეღარაფერი მოუხერხეს და ამ გამარჯვებით, ავთომ ნაკრები 2:1 დააწინაურა.
მანამდე, შალვა ქარდავა კორვალთან იუკოთი წააგო, ნუგზარ ტატალაშვილმა კი ფლორინ უჯრანი დააიპონა.
გადამწყვეტი ვარლამ ლიპარტელიანის და ბუფეს შერკინება გამოდგა, რომელშიც ქართველმა ძიუდოისტმა იუკოთი იმარჯვა, ბოლო შეხვედრაში კი ადამ ოქრუაშვილი ლეგენდარულ ტედი რინერს ამჯერადაც ყოჩაღად დაუდგა, თუმცა, საბოლოოდ იპონზე მაინც დავარდა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 3:2 იმარჯვა და როგორც აღვნიშნეთ, ფინალში რუსეთის გუნდს შეხვდება, რომელსაც შარშან ასევე გადამწყვეტ შერკინებაში აჯობა.
რუსებმა ფინალამდე სლოვენიას და გერმანიას აჯობეს.
ახლა, ევროპის ჩემპიოინატზე მე-3 ადგილისთვის მატჩები აიRებს სტარტს, შემდეგ კი ვაჟთა და ქალთა ტურნირების ფინალები შედგება.