საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეორე ტურშიც გამარჯვება იზეიმა და ლიდერობა შეინარჩუნა. თურქეთის ქალაქ მარდინში მიმდინარე ტურნირის მორიგ დღეს, ქართველებმა სომხეთის გუნდს 2.5:1.5 სძლიეს, რაშიც მთავარი წვლილი პირველ დაფაზე მოთამაშე ნანა ძაგნიძემ დაიდო.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა თეთრი ფიგურებით ელინა დანიელიანი დაამარცხა, შედეგად კი, ლელა ჯავახიშვილის, ბელა ხოტენაშვილისა და ნინო ხურციძის მიერ დაფიქსირებული ყაიმები საერთო წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ქართველთა დარად, ორ-ორი მოგება მოუგროვდათ ჩინეთსა და რუსეთს, რომლებიც ასევე სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. რუსებმა უკრაინის ძლიერი გუნდი 3:1 დაამარცხეს, ჩინელებს კი აუტსაიდერ სამხრეთ აფრიკასთან არანაირი პრობლემა არ შექმნიათ – 4:0.
მე-3 ტურში, რომელიც 20 დეკემბერს შედგება, ქართველ მოჭადრაკეებს ვიეტნამის სახით არცთუ გამორჩეული მეტოქე ეყოლებათ. ვიეტნამელებმა, რომელთა საუკეთესო მოჭადრაკეებს – ფამსა და ჰოანგს ერთნაირი რეიტინგი (2341) გააჩნიათ, პირველ ტურში რუსეთთან 1.5:2.5 წააგეს, მეორეში კი, ასეთივე ანგარიშით ბერძნებს სძლიეს.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 9 ტურად ტარდება და 27 დეკემბერს დასრულდება.
2011 წლის მსოფლიოს გუნდური საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის. მარდინი (თურქეთი)
მე-2 ტური
საქართველო – სომხეთი 2.5:1.5
ნანა ძაგნიძე (2516) – ელინა დანიელიანი (2497) 1:0
ლილიტ მკრტჩიანი (2469) – ლელა ჯავახიშვილი (2475) 0.5:0.5
ბელა ხოტენაშვილი (2497) – ლილიტ გალოიანი (2383) 0.5:0.5
მარია კურსოვა (2315) – ნინო ხურციძე (2440) 0.5:0.5
უკრაინა – რუსეთი 1:3
საბერძნეთი – ვიეტნამი 1.5:2.5
ჩინეთი – სამხრეთ აფრიკა 4:0
ინდოეთი – თურქეთი 3.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
4 – საქართველო, ჩინეთი, რუსეთი; 3 – ინდოეთი; 2 – სომხეთი, ვიეტნამი; 1 – უკრაინა; 0 – თურქეთი, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკა;
მე-3 ტური
ვიეტნამი – საქართველო
თურქეთი – უკრაინა
სამხრეთ აფრიკა – ინდოეთი
სომხეთი – ჩინეთი
რუსეთი – საბერძნეთი







