ფეხბურთი

22:55 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო გურულმა ბელარუსის თასი მოიგო, ბეგლარიშვილმა ესტონეთში გაიტანა

სანდრო გურულმა ბელარუსის თასი მოიგო. ფინალში სოლიგორსკის “შახტიორმა” 1:0 სძლია “ნემანს”, ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში გახლდათ და 65-ე წუთზე შეცვალეს. გურულმა ორჯერ სცადა გოლის გატანა, მაგრამ ერთხელ კარს ააცილა, ერთხელაც მეკარემ აუღო.

შეხსენებისთვის, 28 წლის გურული წლეულს იანვარში “ზესტაფონიდან” გადავიდა ბელარუსის “შახტიორში”.

ესტონეთის ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა. მისმა “ფლორამ” გასვლაზე 2:1 სძლია “კალევ სილამაიეს” და მეორე ადგილზეა. ბეგლარიშვილმა 43-ე წუთზე გახსნა ანგარიში.

პოლონეთში ლადო დვალიშვილის “ლეგიამ” გასვლაზე 1:0 აჯობა გდანსკის “ლეხიას” და დამაჯერებლად ლიდერობს, 8-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს, თუმცა მდევრებს თითო მატჩი მარაგში აქვთ. დვალიშვილი სათადარიგოთა შორის იყო.

3 ტურით ადრე, მოლდოვის ჩემპიონი გახდა “შერიფი”, სადაც სპორტულ დირექტორად კლუბის ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილი მუშაობს. მოლდოვაში “შერიფის” ჩემპიონობა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა.

იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” გასვლაზე 3:1 სძლია “ბრეშას” და სერია A-ს მიუახლოვდა: მეორე ადგილზეა და 4 ქულით უსწრებს მესამეზე მყოფ გუნდს, წინ კი 5 ტურია. ლევან მჭედლიძე სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო ირაკლი შეყილაძე განაცხადს მიღმა.

რუსეთში ალეკო ამისულაშვილის “კრილიამ” გასვლაზე 0:4 წააგო “ყუბანთან” და ბოლოდან მესამე პოზიციაზეა. ამისულაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

0.132612