ჭადრაკი

1:12 | 17.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამეული ქართველთა გარეშე დაკომპლექტდა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2559) სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი) ევროპის ჩემპიონატის სასტარტო დღის შემდეგ, პირველ ადგილზე კი გახლდათ, თუმცა, გუშინ წარუმატებლად ითამაშა და სამეულშიც ვეღარ მოხვდა.
ძაგნიძეს საწყის ექვს ტურში მარცხი არ ჰქონდა განცდილი, მეორე საშეჯიბრო დღეს კი ორჯერ წააგო და საბოლოოდ, ჩემპიონ ტატიანა კოსინცევას (რუსეთი, 2513), რომელმაც თავი 9.0 ქულას მოუყარა, 2.0 ქულით ჩამორჩა. ნანამ კიდევ ხუთ მოჭადრაკესთან ერთად, რომელთა შორის ნინო ბაციაშვილიც (2438) მოხვდა, მეოთხე-მეცხრე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-4 გახლდათ. რაც შეეხება ბაციაშვილს, მას მე-7 პოზიცია ერგო.
პირველი ადგილის მფლობელმა კოსინცევამ საპრიზო ფონდიდან 2 ათასი ევრო მიიღო, მეორეზე გასულმა ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი, 2448) და მე-3 ადგილის მფლობელმა გერმანელმა ელიზაბეტ პაეტმა (2459), თითოეულმა – 1250 ევრო, ძაგნიძესა და ბაციაშვილს კი 650-650 ევრო ერგოთ.
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარე ევროპის პირველობაზე სხვა ქართველი მოჭადრაკეებიც თამაშობდნენ, რომელთაც ასეთი შედეგები აჩვენეს: 14. ნინო ხურციძე (2447) – 6.5; 16. სოფიო გვეტაძე (2334) – 6.0; 20. ნაზი პაიკიძე (2406) – 6.0; 22. სოფიკო გურამიშვილი (2395) – 5.5; 23. ბელა ხოტენაშვილი (2490) – 5.5; 26. მერი არაბიძე (2337) – 5.0; 33. ლელა ჯავახიშვილი (2448) – 5.0;
17 მარტი ევროპის ჩემპიონატზე დასვენების დღედაა გამოცხადებული, 18 მარტს კი მოჭადრაკეები ერთმანეთს უკვე ბლიცში გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098692