ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მოთამაშე საჭადრაკო კლუბმა “სამაიამ” ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და ტურნირის სათავეში რუსულ AVS-თან ერთად მოექცა.
მე-3 ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქე ინდოელი დრონავალი ჰარიკათი გაძლიერებული სომხური “მიკა” გახლდათ, რომელიც დღევანდლამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა, თუმცა, ამჯერად წაგების გემო შეიგრძნო.
ქართულ-სომხური დაპირისპირებისას ყაიმით სალომე მელიასა და ხსენებული ჰარიკას პარტია დასრულდა, რის შემდეგაც მაია ჩიბურდანიძემ ელინა დანიელიანს სძლია, ხოლო ნინო ხურციძემ ლილიტ მკრტჩიანს აჯობა. ბოლოს ლილიტ გალოიანისა და ბელა ხოტენაშვილის პარტია დასრულდა, რომელშიც თეთრებით მოთამაშე სომეხმა ქალბატონმა იმარჯვა, თუმცა, ამას საერთო შედეგზე გავლენა აღარ მოუხდენია.
აღნიშნული წარმატების წყალობით, “სამაიას” 6 ქულა მოუგროვდა და მე-2 ადგილზე დამკვიდრდა, პირველზე კი რუსული AVS-ი იმყოფება, რომელსაც უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აქვს.
მე-4 ტურში ცენტრალური სწორედ ქართულ-რუსული შერკინება იქნება. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 რეიტინგის მქონე AVS-ის ღირსებას ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2551), უკრაინელები კატერინა ლაჰნო (2539) და მარია მუზიჩუკი (2464) და რუსები – ნატალია პოგონინა (2491) და ანასტასია სავინა (2404) იცავენ.
გასულ ტურებში AVS-მა ებრაული “აშდოდი” (3:1), სერბული BAS-ი (3:1) და რუსულივე “გიპრორეჩტრანსი” (2.5:1.5) დაამარცხა. ევროპის საკლუბო პირველობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობს და 23 ოქტომბერს დასრულდება.
ევროპის მე-15 საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. პლოვდივი (ბულგარეთი). 16-24 ოქტომბერი
მე-3 ტური
“სამაია” (საქართველო, 4) – “მიკა” (სომხეთი, 5) 2.5:1.5
მაია ჩიბურდანიძე (2500) – ელინა დანიელიანი (2466) 1:0
დრონავალი ჰარიკა (2515) – სალომე მელია (2439) 0.5:0.5
ნინო ხურციძე (2435) – ლილიტ მკრტჩიანი (2484) 1:0
ლილიტ გალოიანი (2373) – ბელა ხოტენაშვილი (2464) 1:0
AVS (რუსეთი, 2) – “გიპრორეჩტრანსი” (რუსეთი, 6) 2.5:1.5
“მონტე კარლო” (მონაკო, 1) – “ფიშერ ჩიეტი” (იტალია, 10) 3.5:0.5
BAS (სერბეთი, 7) – “ვოლკსბანკ ჰალე” (გერმანია, 8) 3:1
“სანკტ პეტერბურგი” (რუსეთი, 3) – “ჰერცლია” (ისრაელი, 12) 3.5:0.5
“ლოკომოტივ 2000” (ბულგარეთი, 11) – “კომარნო” (სლოვაკეთი, 13) 2:2
“ოსლო” (ნორვეგია, 14) – “აშდოდი” (ისრაელი, 9) 1.5:2.5
სატურნირო მდგომარეობა
6 – AVS, “სამაია”;
4 – “მონტე კარლო”, ”მიკა”, ”გიპრორეჩტრანსი”, BAS, “სანკტ პეტერბურგი”;
2 – “ლოკომოტივ 2000”, “აშდოდი”, “ფიშერ ჩიეტი”, ”ვოლკსბანკ ჰალე”;
1 – “კომანო”, “ჰერცლია”;
0 – “ოსლო”;







