ფეხბურთი

15:36 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძისთვის მსაჯის ქმედებები გაუგებარი დარჩა

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-7 ტურში “ბაქისთან” ფრედ  (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ, ბაქოს “ინტერის” მცველმა ლაშა სალუქვაძემ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ განვლილ მატჩში, მთავარი მსაჯის ზოგიერთი ქმედება მისთვის გაუგებარი დარჩა.

- “ბაქისთან” მატჩი საკმაოდ საინტერესო და რთული აღმოჩნდა. მის შესახებ რას ფიქრობთ?

- ჩვენ გვესმოდა, რომ წაგება დაუშვებელი იყო. გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იყო და ეს მდგომარეობა, ქულების აღებას კიდევ უფრო მეტად გვაიძულებდა. მსაჯობაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლი იმ მომენტებს, როდესაც ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნეს და ასევე, წესის დარღვევის ეპიზოდს, რომლის შემდეგაც გოლი გავუშვით. ასეა თუ ისე, თამაში ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში ვაგებდით, მაგრამ ანგარიში გავათანაბრეთ და თამაშის ბოლოს, დაწინაურების შანსიც გვქონდა.  

- მეორე გოლის გაშვების ეპიზოდი მართლაც არაერთგვაროვანია. გვერდითი მსაჯი მიუთითებდა, რომ თამაშის წესი მეტოქემ დაარღვია, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ბურთი “ბაქის” გადასცა და დააფიქსირა, რომ უხეშად თქვენ ითამაშეთ..

- მართლაც, ასე მოხდა. გვერდითმა მსაჯმა ალამი ასწია, რადგან დაინახა, რომ ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა, რომელიც ამ ეპიზოდის დროს გაცილებით შორს იდგა, საწინააღმდეგო დააფიქსირა. მისი აზრით, თამაშის წესი მე დავარღვიე. ამ ეპიზოდს გვერდითი მსაჯი უკეთ ხედავდა და ჩემთვის გაუგებარია, მთავარმა მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო.

- პირველ ტურში მიღებული ტრავმის შემდეგ, გამოჯანმრთელებულმა პირველი თამაში ჩაატარეთ. მოედანზე დაბრუნება, რთული იყო?

- ვაღიარებ, რომ რთული იყო. ჯერ კიდევ ბოლომდე ფორმაში არ ვარ. თამაშის მსვლელობისას ფეხში ტკივილს კიდევ ვგრძნობდი და სწორედ ამის გამო, მატჩის მიწურულს, ერთ-ერთ ეპიზოდში შეცდომა დავუშვი. თუმცა მჯერა, რომ შემდეგ შეხვედრებში თავს კიდევ უფრო კარგად ვიგრძნობ და გუნდს დავეხმარები.  

 - “ბაქის” წინააღმდეგ მატჩში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, გუნდი სამი ცენტრალური მცველით ათამაშა. ამ სქემით მოქმედება, რამდენად მისაღები იყო?

- ცოტა უცხო იყო, რადგან ჯერ კიდევ 100 პროცენტით არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ვფიქრობ, მომდევნო მატჩებში, მოედანზე ჩვენი ურთიერთგაგება, უფრო კარგი იქნება. მთავარმა მწვრთნელმა უკეთ იცის, როგორ უნდა ვითამაშოთ. რადგან მან ჩათვალა, რომ ასე თამაში იყო საჭირო, ე.ი. ეს ტაქტიკური სქემა მეტ სარგებლობას მოგვიტანს.

- “ინტერისთვის”, სეზონის სტარტი ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. გუნდი რთული ვითარებიდან გამოსვლას და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ადგილის დაკავებას, შეძლებს?

- ამ სიტუაციიდან აუცილებლად გამოვალთ. “ინტერი” ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. უბრალოდ, ასეთია ფეხბურთი და ზოგჯერ შესაძლოა, მსგავსი წარუმატებელი მატჩების სერიაც გქონდეს. ამისგან დაზღვეული არავინაა. ჩვენი გუნდი საკუთარ თამაშს აუცილებლად იპოვის და გულშემატკივრებს გაახარებს.

0.117921