ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე, მამაკაცთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა. ესპანელმა რაფა ნადალმა სამ სეტში შოტლანდიელ ენდი მარეის 6:4, 7:5, 6:4 მოუგო და “როლან გაროსის” ბოლო შვიდ გათამაშებაში მეექვსედ გავიდა ფინალში. დღეს რაფას დაბადების დღე აქვს და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი საკუთარ თავს მანვე გაუკეთა.
პირველ სეტში ნადალის უპირატესობა თვალნათელი იყო, მეორეში მარეიმ ორი ბრეიკი განახორციელა, მაგრამ მალიორკელმა სამჯერ მოიგო ბრიტანელის მოწოდება და მეორე სეტშიც იმარჯვა – 7:5. მარეიმ მესამეშიც გაიბრძოლა, მაგრამ იუბილარი რაფას (დღეს იგი 25 წლისა გახდა) წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 4:6 – ასე დასრულდა მესამე სეტი, მთლიანად მატჩმა კი სამ საათსა და ჩვიდმეტ წუთს გასტანა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ნადალისა და მარეის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 11:4 გახდა პირენელის სასარგებლოდ.
და ბოლოს, ერთზეც გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, თუკი ქალთა ტურნირში პირველ ნომრებად განთესილი მოთამაშეები საფრანგეთის ღია პირველობას ნახევარფინალამდე ჩამოშორდნენ, მამაკაცთა შორის ნახევარფინალში პირველ ოთხ ნომრად განთესილები – რაფა ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და ენდი მარეი გავიდნენ.
ხუთ ივნისს, “როლან გაროსის” მამაკაცთა შეჯიბრების ფინალი ჩატარდება. რაფა ნადალის მეტოქე ამ საღამოს ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის შეხვედრაში გაირკვევა.




