ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში საყაიმო ანგარიში ნარჩუნდება. ინდოელი ვიშვანათჰან ანანდი და ბულგარელი ვესელინ ტოპალოვი მე-10 პარტიაშიც ყაიმზე შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ანგარიში 5:5 გახდა.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე დაპირისპირების დღევანდელ პარტიაში თეთრი ფიგურებით ტოპალოვი თამაშობდა, ფრე კი მე-60 სვლაზე დაფიქსირდა.
საჩემპიონო შეხვედრაში ორი პარტია დარჩა გასამართი. 9 მაისს თეთრებით ანანდი იასპარეზებს, ხოლო 11-ში – ტოპალოვი.
სატიტულო შეხვედრა დროის კლასიკური კონტროლით მიმდინარეობს: 2 საათი 40 სვლაზე, საათი მომდევნო 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 61-დან თითო სვლაზე 30 წამის დამატებით.
მატჩის ყაიმით დასრულების შემთხვევაში, მეტოქეები სწრაფ ჭადრაკში ტაი-ბრეიკსა და ბლიცს ითამაშებენ. საჩემპიონო შერკინების საპრიზო ფონდი 2 მილიონი ევროა. აქედან გამარჯვებულს 1 200 000 ერგება, ხოლო დამარცხებული კი 800 000-ს მიიღებს.







