ალბათ უკვე დაიღალეთ კრიშტიანუ რონალდუსა და მისი საცოლის – ირინა შეიკის ურთიერთობასთან დაკავშირებული ჭორ-მართალის კითხვით, მაგრამ მეტი რა ჩარაა, როდესაც ამ ჭორების საბაბს თავად კრიშტიანუ და მისი უცნაური ცხოვრების სტილი გამუდმებით გვაძლევს. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ”მოდარაჯე კაცის თვალი” მივადევნოთ რონალდუს სისხლსავსე და ქარიშხლიან ცხოვრებას.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, პორტუგალიელი ფეხბურთელი სტამბოლში იყო ჩასული, სადაც სასტუმროში ჩასაფრებულმა თურქმა ჟურნალისტებმა კრიშტიანუ ერთ-ერთ საზოგადოებისათვის უცნობ ლამაზმანთან ხელგადახვეული დაინახეს და ის-ის იყო, ამ ღირსსახსოვარი მომენტის გადასაღებად ფოტოკამერები იშიშვლეს, რომ რონალდუ ელვის უსწრაფესად ლიფტში შევარდა და პაპარაცებს ხელში მხოლოდ მისი თანმხლები მანდილოსანი შერჩათ, რომელმაც ერთი ღერი თურქული და ინგლისურიც კი არ იცოდა და ჟურნალისტების დასმულ კითხვებზე მხოლოდ მორიდებულ ღიმილს იმეტებდა. შემდეგ კი, მანაც სასტუმროს ლიფტს მიაშურა.
რა თქმა უნდა, ეს ამბავი უკვე მივიდა რონალდუს საცოლის – ირინა შეიკის ყურამდე. ახლა უკვე ჯერი ესპანელ ჟურნალისტებზეა, რომლებსაც ამჯერად ირინა შეიკი ეყოლებათ მიზანში ამოღებული და უხერხული კითხვებითაც გვარიანად გააბრუებენ. ფაქტი კი ისაა, რომ შესაძლებელია, შეიკისა და რონალდუს დაშორებასთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორები სულაც არ იყოს სიმართლისგან მთლად შორს და თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, რონალდუ-შეიკის გარშემო ტყუილ-მართალი ამბების ცვენა თქვენ მერე ნახეთ...







