ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც აგერ უკვე ორი წელია, სამშობლოში დაბრუნდა და იქაურ ”ფლამენგოში” ირჯება, ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება მისთვის სწორედაც რომ ბედნიერება იყო, მაგრამ ბოლო დროს კვლავ გაუჩნდა ევროპისადმი ნოსტალგია. განსაკუთრებით კი, იტალიური სამზარეულო მოენატრა.
როგორც ფეხბურთელი ირწმუნება, ბრაზილიაში საკმაოდ ბევრი იტალიელი ცხოვრობს და მის სამშობლოში იტალიური კვების ობიექტებიც მრავლადაა, მაგრამ ბრაზილიაში მცხოვრები იტალიელები ბოლომდე არიან ადაპტირებულნი ბრაზილიურ კულტურასთან და მათ მიერ მომზადებული კერძებიც, როგორც წესი, უფრო მეტად ბრაზილიურია, ვიდრე ის, რაც რონალდინიოს მილანში და იტალიის სხვა ქალაქებში აქვს გასინჯული.
”იტალია მართლაც რომ საოცარი ქვეყანაა. როგორც იცით, იტალიაზე ბევრად მეტი დრო ესპანეთში გავატარე და ესპანეთიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ბრაზილიის გარდა თუკი სადმე ვიცხოვრებდი, ეს იტალიაა. იტალიელი მზარეულები მართლაც რომ სასწაულებს ახდენენ და ერთი თავი ხახვისგან და ორი პომიდვრისგან ისეთი გემრიელი საჭმელის მომზადება ეხერხებათ, ფეხბურთელი რომ არ იყო და დიეტაზე ყოფნა რომ არ გჭირდებოდეს, ალბათ ერთ თვეში 100 კილო გახდები.
ერთხელ, ქალაქ ფოჯაში ”მილანის” ფეხბურთელები რაღაც წვეულებაზე მიგვიწვიეს და თავად ვნახე, იქაურმა მზარეულმა მხოლოდ მცირეოდენი ხორცისა და ბოსტნეულისაგან როგორ მოამზადა ისეთი გემრიელი წვნიანი, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა მესამედაც კი მოითხოვა დამატება”, – ამბობს იტალიაზე შეყვარებული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც აპენინებზე საფეხბურთო კარიერა მაინცადამაინც ვერ აეწყო, მაგრამ როგორც ჩანს, გემრიელმა იტალიურმა სამზარეულომ რონალდინიოსათვის ფეხბურთიც კი გადასწონა.







