"მილანის" ბრაზილიელმა შემტევმა რონალდინიომ ხუთშაბათს ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც გასახდელში ნაადრევად დაბრუნება მოუწია. კლუბის სამედიცინო შტაბს თავიდან ეჭვი გაუჩნდა, რომ სამხრეთამერიკელ ვარსკვლავს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი, რაც მინიმუმ ერთი თვის გაცდენას ნიშნავდა. თუმცა, საფუძვლიანმა გამოკვლევის შედეგად ფეხბურთელს გაცილებით დამაიმედებელი დიაგნოზი დაუსვეს - Football Italia-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ ფლეიმექერს კუნთი აქვს დაჭიმული და მოედანზე დაბრუნებას იგი ერთ კვირაში შეძლებს.
"საშიში არაფერია, რონალდინიოს მხოლოდ კუნთი აქვს დაჭიმული და მისი მკურნალობა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ფეხბურთელს უბრალოდ დასვენება სჭირდება. ფეხბურთთან მისი განშორება დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდება", - წერია "მილანის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მართალია, რონალდინიოს სარეაბილიტაციო კურსის ვადა შეუმცირდა, მაგრამ ლონდონში გასამართი "ემირეიტსის თასის" გათამაშების გამოტოვება მას მაინც მოუწევს. შეგახსენებთ, რომ არაბული კომპანია "ფლაი ემირეიტსი" წელს "მილანის" სატიტულო სპონსორი გახდა და "როსონერიც" აღნიშნულ წინასასეზონო ტურნირზე ამის გამო მიიწვიეს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იტალიური გრანდის გარდა, ლონდონის ოთხთა ტურნირში "არსენალი", "სელტიკი" და "ლიონი" ითამაშებენ.









