რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიაში მოეწყო საქველმოქმედო აქცია. აქციის ორგანიზატორებს სახელდახელოდ მოწყობილ ბაზრობა-აუქციონზე გამოტანილი ჰქონდათ ცნობილი ბრაზილიელი სპორტსმენების მაისურები, შორტები, ბუცები და სპორტული ამუნიციის სხვა ელემენტები. ამუნიციის გაყიდვიდან შემოსული ფულით, ბრაზილიაში მცხოვრებ ღარიბებს უნდა დახმარებდონენ და ამ კეთილშობილ აქციაზე თავისი მაისური თუ შორტი არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა გააგზავნა, ანდა თავად მიიტანა.
ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს – რომაროს (რომელიც ამჟამად, ბრაზილიის პარლამენტის წევრია) აქციის ორგანიზატორები არ დაკავშირებიან. იგი უბრალოდ მივიდა აღნიშნულ ღონისძიებაზე და ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც სხვა მაისურებთან ერთად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ძველ მაისურზე მისი გვარიც ეწერა. რომარიო ამბობს, რომ წინააღმდეგი სულაც არაა, თუკი მისი მაისური გაიყიდება და ფული გაჭირვებულებს მოხმარდება, მაგრამ ფეხბურთელი აქციის ორგანიზატორებს აფერისტობასა და ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს, რადგან მაისურზე, რომელსაც მისი გვარი აწერია, რომარიოს მტკიცებით, არასოდეს სცმია და უბრალოდ, უსინდისობაა ადამიანების ამ მეთოდით მოტყუება.
”შემიძლია დავიფიცო, რომ მაისური გაყალბებულია და იგი არასოდეს მცმია. იმ წლებში, როდესაც ბრაზილიელ ფეხბურთელებს ამ ტიპის მაისურები ეცვათ, მე ჯერ პატარა ბიჭი ვიყავი და მხოლოდ ვოცნებობდი ”სელესაოში” მოხვედრაზე. მიმაჩნია, რომ თუკი კეთილი მიზნები გამოძრავებს და ხალხის დახმარება გინდა. არასწორია, როდესაც ფულს ადამიანების მოტყუებით შოულობ” – განაცხდა რომარიომ, რომელიც თავად გახლავთ ერთ-ერთი სოლიდური საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი და საქველმოქმედო საქმიანობა მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა.







