ფეხბურთი

18:42 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" – ექსპრესი სწორი მენეჯმენტით

 

დომინანტი "იუვენტუსი"? "ნაპოლი" რაფა ბენიტესით და ბევრი ახალი ძლიერი ფეხბურთელით? "მილანი" მარიო ბალოტელით? "ინტერი" ვალტერ მაცარითა და ახალი ძალით? არა, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე – იტალიის სერია A-ში სულ სხვა გუნდი დომინირებს და ესაა "რომა". ამ სტატიას სწორედ "რომას" ვუძღვნით.

9 მატჩი, 9 მოგება, ბურთები 23:1. ასეთი რამ არ გაგვიკვირდებოდა შოტლანდიაში "სელტიკისგან", მაგრამ ეს იტალიაა და "რომასგან" მსგავს თამაშს მხოლოდ ზე-ოპტიმისტები თუ ელოდნენ. "პარმას" ფეხბურთელი ბიაბიანია ის ერთადერთი ბედნიერი, რომელმაც ამ სეზონში "ჯალოროსის" გოლი გაუტანა. ესეც თვენახევრის წინ მოხდა.

მდევრებს გუშინაც ნაცარში ჩაუვარდათ კოვზი, არადა, 66-ე წუთზე, როცა 0:0 იყო, უდინეს "ფრიულიზე" "რომა" 10 კაცით დარჩა, რადგან ბრაზილიელი მაიკონი გააძევეს. თუმცა შემოვიდა ამერიკელი ბრედლი და ოთხ წუთში საჯარიმოს გარედან შეასრიალა ბურთი კარში. აქაც მოიგეს!

"ჩვენ ვართ "რომა" და სულერთია, ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ჩემი პარტნიორები ყველა მატჩში ამტკიცებენ, რომ ნამდვილი კაცები არიან. მადლობა "ტიფოზებს", რომლებიც უდინეშიც დიდად დაგვეხმარნენ. "უდინეზე" ხომ ის კლუბია, რომელსაც შინ წაგება არ ჰქონდა" – ეს ფრანჩესკო ტოტის სიტყვებია, რომელსაც "უდინეზესთან" ტრავმის გამო არ უთამაშია.

რას ნიშნავს ტოტი "რომასთვის", ეს რომ მოვყვეთ, იგივეა, რომ "ლიმონი ყვითელია" ან "თოვლი თეთრია" ვწეროთ. რომაელებს ასევე დაშავებული ჰყავთ კოტდივუარელი ჟერვინიო. რამდენიმე კვირის წინათ გამოქვეყნდა ფოტო, რომელშიც ჩანს, ტოტი სათადარიგოთა სკამზე ესაუბრება მწვრთნელ რუდი გარსიას. ბევრმა ისე გაიგო, თითქოს იქ მწვრთნელი არაფერს წარმოადგენს და ტოტი ასწავლის ჭკუას. მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია უცხოურ გუნდებში, კომუნიკაციის მაგალითია და არაფერია დასაძრახი იმაში, რომ ტოტისნაირი ვარსკვლავი თავის აზრს გამოთქვამდეს მწვრთნელთან. თუნდაც რაიმეს ურჩევდეს.

რუდი გარსია საფრანგეთში დაბადებული, ესპანური ფესვების მქონე კაცია. ფეხბურთელობისას არაფრით გამორჩეული ნახევარმცველი გახლდათ, მწვრთნელობა ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელობისას დაიწყო ერთ-ერთ სუსტ ფრანგულ კლუბში, 2001 წელს კი "სენ-ეტიენის" თავკაცი გახდა. ამ გუნდში დიდ ვერაფერს მიაღწია, სამაგიეროდ, 5 წელი "დიჟონში" იყო და გუნდი ერთი დივიზიონით ზემოთ აიყვანა, ამასთან, უმაღლესში გადასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

2007 წელს გარსია "ლე მანში" მიიყვანეს, როცა გუნდი უმაღლესში გამოდიოდა, 2008 წელს კი "ლილში" დაინიშნა და წლევანდელ ზაფხულამდე იქ მუშაობდა. გარსიამ "ლილში" ორი ტიტული მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა და თასის მფლობელიც. ამასთან, 2011 წელს ქვეყნის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

მაგრამ "ლე მანი" ვახსენეთ და სწორედ რუდის იქ მუშაობისას გადავიდნენ ამ კლუბში გიორგი მაკარიძე, ამირან სანაია და ვახტანგ ფანცხავა. მაკარიძემ უმაღლეს ლიგაშიც ითამაშა რამდენიმე მატჩი. "ლე მანი", რომელიც მესამე ლიგაში გავარდა და ახლა გაკოტრების გამო სამოყვარულო ლიგაშია, რუდი გარსიას მწვრთნელობისას უმაღლესში მეცხრეზე გავიდა. სწორედ ამან დააინტერესა გაცილებით ძლიერი "ლილის" შეფები.

წლეულს კი "ოლიმპიკოზე" წარადგინეს 54 წლის ფრანგი. და რამდენიმე კვირის წინათ, ბრწყინვალე შედეგის გამო, ხელფასი გაუორმაგეს. აი, რას ამბობს "ჯალოროსის" მარცხენა მცველი ფედერიკო ბალძარეტი:

"გარსიამ დაგვაჯერა, რომ გუნდში დარჩენა უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. ბევრ ფეხბურთელს უნდოდა "რომადან" წასვლა, მაგრამ ახლა ისინი სხვა აზრისანი არიან. გარსიამ თავდაჯერება შეგვმატა, ის ხშირად ცვლის ტაქტიკას და განსწავლული მწვრთნელია, რომელთანაც მუშაობა სასიამოვნოა".

"რომა" იტალიის 3-გზის ჩემპიონია. ბოლოს ფაბიო კაპელოს ხელში მოიპოვა სკუდეტო (2001 წელს) და მას შემდეგ ორჯერ ჰქონდა შანსი, ორივეჯერ ლუჩანო სპალეტის თავკაცობისას და ორივეჯერ ბოლო ტურამდე მისდევდა "ინტერს". სპალეტის შემდეგ "რომა" ხან ვის ჩააბარეს, ხან ვის – კლაუდიო რანიერი, ვინჩენცო მონტელა, ლუის ენრიკე, ზდენეკ ზემანი და აურელიო ანდრეაცოლი ვერაფერს გახდნენ. აი, გარსიას ვარიანტი კი "ათიანში" მოარტყეს.

ჯერ არავინ იცის, გახდება თუ არა "რომა" ჩემპიონი, მაგრამ ფაქტია, "ჯალოროსის" ეს ექსპრესული სვლა მრავლისმეტყველია. და კალენდარი? ძალიან ხელსაყრელი. ფაქტობრივად, ყველა წამყვან იტალიურ კლუბს უკვე ეთამაშა რომაული გუნდი.

დიდი ფული? არა. "რომა" განსაკუთრებულად დიდძალი ბიუჯეტისა არასოდეს ყოფილა და არც ამ ზაფხულს გადარეულა სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა სწორად წარმართა სელექცია. მაგალითად, ჰოლანდიელი საყრდენი კევინ სტრუტმანი გადაიბირეს პსვ-დან, არადა, ამ ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული. უბრალოდ, მანკუნიანელებმა გააჭიანურეს საქმე და ბოლოს "რომამ" იყოჩაღა. მშვენიერი შენაძენია სერბი ადამ ლიაიჩი და თითქოს მეორედ დაიბადა მაიკონიც. ის ისეთი ვეღარაა, როგორც "ინტერში" იყო 2008-2010 წლებში, მაგრამ პრემიერლიგური ჩავარდნა უკან მოიტოვა. მაიკონი და ბალძარეტი კარგად ერთვებიან შეტევებში, დაცვის ცენტრში კი ბრაზილიელი ლეანდრო კაშტანისა და მაროკოელი მეჰდი ბენატიას დუეტი დგას.

მეკარეზე: 36 წლის დე სანქტისი საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში. ის ძალიან ემოციურია და უდინეს "ფრიულიზე" მოგება ისე გაუხარდა, ტიფოზებისკენ გაიჭრა და კინაღამ დამცავი ბადეები ჩამოგლიჯა. 

ნახევარდაცვაში მთავარი ფიგურა, რა თქმა უნდა, დანიელე დე როსია. ის დღესდღეობით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია სერია A-ში (წლიური 7 მილიონი ევრო). ბოსნიელი მირალემ პიანიჩი აქამდეც ამტკიცებდა, რომ ნიჭიერი შუახაზელია. ლიაიჩზე და სტრუტმანზე უკვე ვთქვით. ბევრი სარგებელი მოაქვთ ახალგაზრდა ფლორენცისა და ბრაზილიელ მარკიონიოს.

ერთი, რაც აშკარად ჩანს: "რომა" არაა თავდასხმაში ერთ-ორ კაცზე დამოკიდებული. 23 გოლი აქვთ გატანილი და აქედან საუკეთესო შედეგი ფლორენცის აქვს 4 გოლით. "რომაში" ყველას შეუძლია გატანა, მათ შორის ისეთ ფეხბურთელს, რომელიც 10-კაციან გუნდში შეცვლაზე შედის ბოლო წუთებზე – ბრედლიზე ვამბობთ.

ვარსკვლავური გუნდი? არანაირად. ეს გუნდი-ვარსკვლავია. ძნელია, კაპელოს დროინდელ საჩემპიონო გუნდს ფეხბურთელების კონტიგენტით შეადარო – მაშინ "რომას" ჰყავდა ტოტი, გაბრიელ ბატისტუტა, ემერსონი, კრისტიან პანუჩი, ვენსან კანდელა, ვინჩენცო მონტელა, კაფუ.

კაპელოს იმ გუნდმა ასევე საწყის 9 ტურში მოიგო ზედიზედ და მეათეში დამარცხდა "მილანთან". გარსიამ რეკორდი გაიმეორა და დიდი ალბათობით, მოხსნის კიდეც – "რომა" მომდევნო ტურში "კიევოს" მასპინძლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128739