როგორც იცით, როინ კვასხვაძე ამ ზამთარს "ზესტაფონიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია. უბრალოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშობს. "მსოფლიო სპორტი" 24 წლის მეკარეს ესაუბრა:
- ჯერ არაა გადაწყვეტილი "ტორპედოში" ჩარიცხვა. მოლაპარაკებები იქნება და უნდა შევთანხმდეთ. ალბათ, დავრჩები "ტორპედოში".
- რაზეა დამოკიდებული?
- ჯერ კლუბის ხელმძღვანელობა არაა ჩამოყალიბებული, ვის რა პირობებს შესთავაზებენ. ბიუჯეტის დამტკიცებას ელიან.
- "ზესტაფონიდან" წასვლის მიზეზი რა იყო?
- 8 წელი ვიყავი "ზესტაფონში", კონტრაქტი დამიმთავრდა და სიმართლე გითხრათ, მქონდა სურვილი, რომ განახლებულიყო. თუმცა, ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შევთანხმდით.
- მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებთ თქვენთვის?
- "ზესტაფონში" მთლად დალაგებული სიტუაცია ვერ იყო, რადგან ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა. ფაქტობრივად, ახალი გუნდი გაკეთდა. შემდეგ, გია გეგუჩაძე როცა მოვიდა, გამოსწორდა სიტუაცია. ახლა უფრო კარგი გუნდია "ზესტაფონი".
- პირადად თქვენს თამაშს როგორ შეაფასებთ?
- კმაყოფილი არ ვარ. უკეთ შემეძლო. ვფიქრობ, ბოლო ტურებში უფრო ვიყავი ფორმაში.
- ნაკრებში ხშირად გიძახებენ, თუმცა თამაში იშვიათად გიწევთ.
- ალბანეთთან გასვლაზე და ესპანეთთან შინ შეცვლაზე ვითამაშე. ჩვეულებრივი რამ არის კონკურენცია და არ მწყინს.