მიუნჰენის ”ბაიერნის” ფრანგ ფეხბურთელ ფრანკ რიბერის, ორი გოგოს შემდეგ, ნანატრი ვაჟიშვილი შეეძინა. პატარა რიბერი ქვეყანას 15 სექტემბერს მოევლინა, თუმცა იმის გამო, რომ რიბერის ოჯახი ისლამურ ტრადიციებს იცავს, ეს ინფორმაცია საზოგადოებამ მხოლოდ მოგვიანებით, ისიც სრულიად შემთხვევით შეიტყო. ცოტა ხნის წინ ვწერდით, თუ როგორ ოცნებობდა რიბერი ვაჟიშვილის ყოლაზე და როგორც ხედავთ, ეს ოცნება ახლაღა აუსრულდა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რა სახელის დარქმევას აპირებს ფრანგი ფეხბურთელი თავისი შვილისათვის. თუმცა, ძველ ინტერვიუებში, როდესაც რიბერის ცოლი ორსულად იყო, “ბაიერნის“ გარემარბი ამბობდა, რომ ორი სახელი – მუჰამედი და შებირი უტრიალება თავში და აქედან ერთ-ერთს ალბათ დაარქმევდა კიდეც თავის შვილს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რიბერის შვილი წონით 3 კილო და 300 გრამი, სიგრძეში კი 53 სანტიმეტრი დაიბადა.
ალბათ უკვე იცით, რომ რამდენიმე წლის წინ, თავისი არაბი ცოლის ხათრითა და ჩაგონებით, ფრანკ რიბერიმ კათოლიციზმი დაუტევა და ისლამი მიიღო. ამის გამო ფეხბურთელს თავისი მრავალი ნათესავი შემოსწყრა და ფეხბურთის არაერთი ფრანგი ქომაგი გაანაწყენა. ამის მიუხედავად, რიბერი თავის ქალიშვილებს მაინც ისლამურ ყაიდაზე ზრდის და მისი ახალდაბადებული ვაჟიშვილის სახელიც სავარაუდოდ არაბული იქნება.







