გელზენკირხენის ‘შალკეს” ფანობა სხვანაირი იმედებით ელის ბუნდესლიგის სეზონს. “ხუმარებს” ბოლო წლებში რამდენჯერმე ჰქონდათ ჩემპიონობის შანსი, მაგრამ სულ ბოლო მონაკვეთში ვერ აღწევდნენ საწადელს. ფელიქს მაგათის გუნდი, ამჯერად შარშანდელზე დაღვინებულია და თან, ჰყავს რაულ გონსალეს ბლანკო – მადრიდის “რეალის” ლეგენდა. რაულმა ესპანურ AS-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც “რეალიდან” წამოსვლის მიზეზებზეც საუბრობს:
- სამი კვირაა, გერმანიაში ხართ. ენას როგორ ითვისებთ?
- უკვე ვიცი “გამარჯობა”, “საღამო მშვიდობისა” და “ნახვამდის”. კიდევ, “მარჯვენა ფლანგი”, “ბურთი”. კვირაში ორჯერ მაქვს გერმანული ენის გაკვეთილები.
- ახალ გუნდში გატარებულ პირველ დღეებზე რას იტყვით?
- სასიამოვნო იყო. ჩვენ დიუსელდორფში ვნახეთ სახლი, სადაც ოჯახი კომფორტულად მეყოლება და ბავშვები სკოლაში ივლიან. გვინდა, ახალი ცხოვრებით დავტკბეთ.
- შვილებს “შალკეს” აკადემიაში არ ატარებთ?
- დიუსელდორფიდან გელზენკირხენამდე პატარა მანძილი არაა, ასე რომ, ალბათ, დიუსელდორფის რომელიმე გუნდში ჩავწერთ. გარდა ამისა, ჩოგბურთიც მიყვარს და კიდევ, აქ ჰოკეისაც ხშირად თამაშობენ.
- რატომ გაცვალეთ “რეალი” “შალკეზე”?
- “შალკე” გაიზარდა და ტიტულებისთვის მუდმივად იბრძვის. ფელიქს მაგათის მხრიდან ინტერესმაც გამაკვირვა. ბუნდესლიგა ერთ-ერთი უძლიერესია ევროპაში, ასე რომ, აქ ბედნიერი ვარ.
- შეგეშინდათ, რომ “რეალში” სათადარიგოთა სკამზე იჯდებოდით?
- მადრიდში დარჩენა თავისუფლად შემეძლო, ჟოზე მოურინიო მხარში მედგა, მაგრამ რაღაც სიახლის პოვნა მინდოდა და ახლა თუ არა, როდისღა ვიპოვიდი? “რეალს” ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა “შალკეში” ვარ და ამ გუნდისთვის ყველაფერი უნდა გავიღო.
- ახალმა თანაგუნდელებმა როგორ მიგიღეს?
- ფანტასტიკურად. ბრწყინვალედ მიმიღეს.
- ახლა “შალკეში” გსურთ ჩემპიონობა?
- დიახ. და ამისთვის ბევრს ვიმუშავებ. მწვრთნელთან, რომელმაც “ბაიერნი” და “ვოლფსბურგი” უკვე გახადა ჩემპიონი, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
- მთავარ კონკურენტად “ბაიერნს” თვლით?
- “ბაიერნი” ძალიან ძლიერია, მაგრამ სხვა პრეტენდენტებიც იქნებიან. მათ შორის, ჩვენც.
- ორი გოლიც და, ევროტურნირების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდებით.
- ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩემი აქ გადმოსვლისა. ბომბარდირობა მოტივაციას მმატებს, მაგრამ ასარჩევად რომ მიდგეს საქმე, ბუნდესლიგის ჩემპიონობა მირჩევნია.
- მართალია, რომ “ლივერპულს” სურდა თქვენი გადაყვანა?
- რამდენიმე ინგლისური კლუბისგან იყო დაინტერესება, მაგრამ “შალკესთვის” სიტყვა მქონდა მიცემული. გელზენკირხენელებს ყველაზე მეტად უნდოდათ ჩემი გადაბირება.
ილია ნანობაშვილი







