რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, რომ მადრიდის “რეალის” სიმბოლო რაულ გონსალეს ბლანკო, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კასტილიას დატოვებს და თამაშს აშშ-ს “მეიჯორ ლიგაში” გააგრძელებს. ინფორმაცია ერთ-ერთ გამოცემაზე დაყრდნობით გაუწყეთ, გუშინ კი, პლანეტის ყველაზე ტიტულოვენი გუნდის “შვიდიანმა” ეს ცნობა უარყო, ამასთან, მიკრო-ინტერვიუში პრიმერა დივიზიონის დასკვნით ნაწილსა და “ბარსელონას” მიერ ჩასატარებელ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
- პრესაში გავრცელებულ ხმას თუ ვერწმუნებით, სეზონის დასრულების შემდეგ, აშშ-ში გაემგზავრებით და კარიერას ოკეანესგაღმა გააგრძელებთ...
- ვერ გეტყვით, საიდან გავრცელდა ეს ამბავი. ჯერჯერობით, ევროპული კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ. ფეხბურთის თამაში უმაღლეს დონეზე მსურს და საამისოდ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვი.
- თქვენი აზრით, რამდენად რეალურია კიდევ ერთი საჩემპიონო ტიტული მოიპოვოთ?
- საამისოდ, პრიმერას დარჩენილი ხუთივე მატჩი უნდა მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ, წინა ტურის მსგავსად, “ბარსელონას” ფეხი კიდევ ერთხელ დაუცდება. თუკი, ასე არ მოხდა, პირველი მე მივულოცავ კატალონიელებს პირველობის დაუფლებას.
- როგორ გგონიათ, გვარდიოლას გუნდი, “სან სიროზე” განცდილი 1:3 მარცხის ამოქაჩვას, “კამპ ნოუზე” შეძლებს?
- ჩემი აზრით, ამ ნახევარფინალურ წყვილში ფავორიტი “ინტერია”. მილანში ძალიან საინტერესო შეხვედრის მომსწრენი შევიქენით, კიდევ უფრო დამაინტრიგებელი პაექრობის ცქერა გველის 28 აპრილს.







