საფრანგეთის ღია პირველობის ხუთგზის ჩემპიონმა რაფა ნადალმა, მერვედფინალში დამაჯერებლად სძლია ხორვატ ივან ლუბიჩიჩს და მის გულშემატკივრებს იმედი ჩაესახათ, რომ მალიორკელი კიდევ ერთხელ მოახერხებს “როლან გაროსის” მოგებას. მეოთხედფინალში ესპანელის ოპონენტი შვედი რობინ სოდერლინგი იქნება და მიუხედავად იმისა, რაფა კარგ ფორმაში რომაა, აცხადებს, რომ სკანდინავთან შეხვედრის თავის არიდება ერჩივნა.
- რაფა, მერვედფინალში ძალიან კარგად ითამაშეთ. ტურნირის სტარტთან შედარებით უკეთესი ფორმა აკრიფეთ, რაც ლუბიჩიჩთან დაპირისპირებისას აშკარად ჩანდა...
- შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩის წინ მიზნად სამ სეტში მოგება დავისახე და ამოცანა წარმატებით შევასრულე. ამის მიუხედავად, სტაბილურობას ბოლომდე მაინც ვერ მივაღწიე. პირველი სეტში 4:3-ს ვიგებდი, როდესაც საკუთარი მოწოდება დავთმე. მთლიანობაში კარგად ვთამაშობ, მაგრამ გარკვეულ მომენტებში შეცდომებს ვუშვებ. საფრანგეთის ღია პირველობის დონის ტურნირზე ამგვარი ლაფსუსების დაშვებამ შესაძლოა გამოუსწორებელ შედეგამდე მიმიყვანოს.
- მას შემდეგ, რაც ფაბიო ფონინიმ შეჯიბრების გაგრძელება იუარა, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავტომატურად გავიდა ნახევარფინალში, ამასთან, ოთხდღიანი პაუზა ექნება. ეს კარგია თუ ცუდი?
- ამ მესმის, რატომ უნდა იყოს ცუდი?
- შესაძლოა, სერბი სათამაშო რიტმიდან ამოვარდეს...
- მოთამაშე, რომელმაც წლეულს ზედიზედ 40 მატჩი მოიგო, ოთხი დღით დასვენება არათუ რიტმიდან ამოაგდებს, პირიქით, უფრო ძლიერ თამაშსაც შეძლებს.
- “როლან გაროსის” მსვლელობისას თავისუფალი დროც გაქვთ. როგორ იყენებთ არასათამაშო დღეს?
- პარიზში პირველად ხომ არ ვარ, ამიტომაც აქ ახალს არაფერს ვაკეთებ. როგორც კი დროს გამოვნახავ, ნაცნობ ადგილებს მივაშურებ ხოლმე. საფრანგეთის დედაქალაქში ხშირად ვარ, ამიტომაც პარიზში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის ერთსა და იმავე სასტუმროში ვჩერდები, საყვარელ ქუჩებში ვხეტიალობ და გულშემატკივრებს ვესაუბრები. აქ ყოფნა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
- როგორი განწყობით ელოდებით რობინ სოდერლინგთან ჩასატარებელ მეოთხედფინალს?
- წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. მითუმეტეს, შვედი ჩოგბურთელის სახით, ურთულესი მოწინააღმდეგე შემხვდა. რობინს უკვე ორჯერ აქვს ნათამაშები “როლან გაროსის” ფინალში და ამ ტურნირზე ყოველთვის კარგად გრძნობს თავს. გითხრათ სიმართლე, სოდერლინგის ნაცვლად, სიმონთან შეხვედრა მერჩივნა, მაგრამ სირთულეს არასდროს გავურბი და მეოთხედფინალიდან კიდევ უფრო უკეთ თამაშს ვაპირებ.







