სტატიები

15:27 | 14.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდა თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს?

ლიტვის პრესის ცნობით, გასულ კვირას,  წარსულში ცნობილმა არბიტრმა  რომუალდას იუშკამ, ვილნიუსში  ჟურნალისტებს მოუთხრო თავისი ბიოგრაფიის სხვადასხვა საინტერესო და დრამატულ ეპიზოდებზე. იუშკამ - იგი უკვე 70 წლისა - თავის ინტერვიუში ლიტველ ჟურნალისტებთან  ყურადღება გაამახვილა ორ ფაქტზე. 1) იმაზე, თუ როგორ იმსაჯა 1980-ან წლებში თურქეთში ერთ-ერთი მატჩი ტანკების თანდასწრებით სტადიონის ბილიკებზე. 2) იმაზე, თუ რა მოხდა თბილისში, "დინამოს" სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს, “დინამოსა” და ვოროშილოვგრადის "ზარიას" მატჩის ბოლოს სტადიონზე, რომელიც იმ დროს ატარებდა... ვ.ი.ლენინის სახელს . რ.იუშკას მიერ ლიტვაში გაკეთებული გამონათქვამების ნაწილი რუსეთის პრესაშიც დაიბეჭდა. მათ ყურადღება გამაახვილეს ამ ორ ეპიზოდზე - თურქეთსა და საქართველოში 1970-1980-ან წლებში მომხდარ მოვლენებზე. ესეც გასაგებია:1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე, საბჭოთა ცენზურის პირობებში, სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში, თბილისის სტადიონზე  მომხდარ  მოვლენასთან დაკავშირებით მასმედიაში არაფერი იწერებოდა. სამაგიეროდ, დასავლეთის რადიოსადგურები ჯერ კიდევ 1977 წლის ივლისში გადასცემდნენ თბილისში მომხდარ ინციდენტზე.  
მე, დღევანდელ დღესავით მახსოვს ის, რაც 1977 წლის 23 ივლისის გვიან საღამოს ხდებოდა „დინამოს“ სტადიონზე - ვესწრებოდი იმ შეხვედრას. მაშინ 17 წლის ვიყავი, დამთავრებული მქონდა დონეცკის უნივერსიტეტის პირველი კურსი და  აწ უკვე გარდაცვლილ მამაჩემთან, ბოჩიასთან ერთად სოხუმიდან თბილისში ჩამოვედი -მოვინახულეთ ნათესავები და მეგობრები და, რასაკვირველია, წავედით ფეხბურთზე. მამაჩემი ფეხბურთის დიდი ფანი იყო - 1960-80-იან წლებში, თითქმის მთელი სსრკ შემოიარა და და ესწრებოდა თბილისის „დინამოს“ ძალიან ბევრ გასვლით მატჩს, მათ შორის, 1964 წლის 18 ნოემბრის ისტორიულ შეხვედრას ტაშკენტში, სადაც თბილისის "დინამომ" ანგარიშით 4-1 დაამარცხა სახელგანთმული მოსკოვის "ტორპედო" დამატებით გადათამაშებულ მატჩში და  პირველად გახდა სსრკ-ს ჩემპიონი... თუმცა იმ დროს, მთელი საქართველო ფეხბურთით ცხოვრობდა, რომელიც იმ დროს ქართველებისთვის, არა მარტო სპორტი და სიხარული, არამედ, სამშობლოს წარმოჩენის საშუალებაც იყო.  
  დავუბრუნდეთ 1977 წლის  23 ივლისის მოვლენებს. იმ მომენტისთვის, თბილისის დინამოელები სსრკ-ს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყვნენ (პირველზე კიევის „დინამო“იყო). იმ თამაშს "ზარიასთან", დაახლოებით 60 ათასი კაცი  ესწრებოდა - მაშინ „დინამო“ 80 ათასამდე მაყურებელს იტევდა და 1970-ნი წლების ბოლოს, დასწრების საშუალო მაჩვენებლით (68 ათასი), სსრკ-ში პირველ ადგილს და ევროპაში კი, ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებდა. თბილისში მაყურებელი ყოველთვის გამოირჩეოდა ობიექტურობითა და სტუმრებისადმი პატივისცემით, მაგრამ იმ დღეს, მეორე ტაიმში, მთელი სტადიონი რამდენჯერმე, რამდენიმე წუთის მანძილზე ერთხმად სკანდირებდა რუსულად:  „სუდია, პიდ...», რადგან იმ მატჩის არბიტრი რომუალდას იუშკა, უბრალოდ “ვერ ამჩნევდა“ ყიფიანის, გუცაევის, მანუჩარ მაჩაიძის, დარასელიას, შენგელიასა და სხვა ჩვენი ფეხბურთელების მიმართ „ზარიას“ მცველების უხეშ მოქმედებებს, ასევე „ვერ შენიშნა“, რომ სტუმართა მცველებმა, მეორე ტაიმში, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ორჯერ ხელით ითამაშეს.
ახლახანს კი, ბატონმა იუშკამ ლიტვაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თამაშის ბოლოს მან ჩასტვინა, მაგრამ დინამოელებმა გააგრძელეს შეტევა და რევაზ ჩელებაძე საჯარიმო მოედანზე წაიქცა, შემდეგ დინამოელებმა პენალტი მოითხოვესო და ამით დაიწყოო მაყურებელთა უკმაყოფიელება და გამოსვლები“. არა, პატივცემულო რომუალდას: მაყურებლების უკმაყოფილება დაიწყო ჯერ კიდევ  მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა დინამოელებმა მოუმატეს ტემპს და მწვავედ შეუტიეს "ზარიას", სტუმრები კი ხშირად უხეშად არღვევდნენ წესებს და ბატონმა იუშკამ რამდენიმეჯერ ეს ვერ შეამჩნია "ვითომ". რაც შეეხება მატჩის ბოლოს - საჯარიმოში ერთ-ერთი დინამოელის დაცემის შემდეგ, იუშკამ  რატომღაც მისცა თამაშის დასრულების სასტვენი, თუმცა სათამაშო კიდევ 2 წუთი იყო დარჩენილი (ტაბლოზე ასე ეწერა). ამან აღაშფოთა მაყურებლი. სასტვენის ხმაზე მინდორზე გადმოხტა ერთი გულშემატკივარი და შეეცადა არბიტრისათვის დაერტყა, მაგრამ „დინამოს“ ფეხბურთელებმა და მილიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს ფანის მცდელობა.
რ. იუშკამ ლიტველ ჟურნალისტებს განუცხადა ისიც, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ, თითქმის ნახევარი სტადიონი დაიძრაო მოედნისაკენ. სინამდვილეში კი, მოედანზე, მაქსიმუმ, ხუთი ათასამდე მაყურებელი თუ გადავიდა პირველი იარუსიდან, დანარჩენი კი, მათ შორის მე და მამაჩემი, ტრიბუნებზე დავრჩით. მაყურებელი არა იმდენად კონკრეტულად ამ მსაჯის, იუშკას მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო იყო აღშფოთებული, არამედ, მათი თქმით, ეს მრავალჯერ მომხდარა, როცა მსაჯები ავიწროვებდნენ თბილისის დინამოელებს და ქართველი ქომაგების გარკვეული ნაწილი ამას აღიქვამდა საკავშირო ფედერაციისა და მოსკოვის ჩინოვნიკების მითითება-მცდელობად: არ დაეშვათ თბილისელების გამარჯვება სსრკ-ს ჩემპიონატში.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები და მსაჯები მილიციის დაცვით გავიდნენ გასახდელში, მინდორზე გადმოსულ მაყურებელთა ნაწილი არ ტოვებდა მოედანს, არ იძვროდა ადგილიდან ტრიბუნებზე მყოფი ათიათასობით მაყურებელიც. სტადიონის ბილიკებზე და მოედანზეც მოხდა რამდენიმე ინციდენტი ფანებს და მილიციისა და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის, მაყურებელთა ნაწილი ბოთლებს ისროდა მათი მიმართულებით, რამდენიმე მილიციელი, ჯარისკაცი და ქომაგი დაშავდა - სხვადასხვა მონაცემებით, 20-40 კაცი. სიტუაციის დაძაბვის გამო, რადიოგადამცემით მაყურებელს ლეგენდარულმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ მიმართა. მან თქვა, რომ მატჩი გაპროტესტებულია და   სთხოვა მაყურებელს, დაეტოვებინათ სტადიონი,ბატონ კოტეს, პატივისცემის ნიშნად ტაშიც დაუკრეს, მაგრამ ხალხი არ ტოვებდა მოედანსა და ტრიბუნებს. შემდეგ, მოედანზე გამოვიდა ქომაგების კერპი, დავით ყიფიანი, მაგრამ ფანებმა იგი ხელში აიტაცეს და ფრთხილად და თბილად გაიყვანეს მოედნიდან გასახდელისკენ. მაყურებელი ითხოვდა შეხვედრის გადათამაშებას და მსაჯების დისკვალიფიკაციას.
მაყურებელს დაშლის თხოვნით  მეგაფონით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმდროინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ არავინ ტოვებდა არც მოედანს და არც ტრიბუნებს. ჩემს გვერდით, მეორე იარუსზე მჯდომებმა თქვეს, რომ ალბათ, ჯარის დამატებით ნაწილს შემოიყვანენო სტადიონზე. მამაჩემმა მითხრა, ჯობია წავიდეთ, რადგან მას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტის მოვლენები თბილიშსი, როცა საბჭოთა ჯარის და სპეცნაზის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ აპროტესტებდნენ ნიკიტა ხრუშოვის  ინიციატივით მიღებულ გადაწვეტილებას იოსებ სტალინის წინააღმდეგ, მერე კი ითხოვდნენ საქართველს დამოუკიდებლობას. ეს იყო 1956 წლის 9 მარტს და მამაჩემს და უფროს თაობას ახსოვდა ეს. ამიტომ, 1977 წელს სტადინზე მყოფი უფროსი თაობის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ მოსკოვი კვლავ გამოიყენებდა ჯარს ხალხის დასაშლელად. როცა დინამოს სტადიონზე მყოფი მაყურებელთა ნაწილი ფიქრობდა ასეთ ცუდ შესაძლო სცენარზე, ბევრისთვის მოულოდნელად, შევარდნაძემ დატოვა სამთავრობო ლოჟა, გადავიდა ტრიბუნებზე, შემდეგ მინდორზე და მაყურებელს სიტყვით მიმართა - ის სთხოვდა მათ, დაშლილიყვნენ. ეს მოულოდნელი და გასაკვირი იყო, რადგან იმ დროს სსრკ-ში, მათ შორის საქართველოშიც, არ იყო მიღებული კომპარტიის ლიდერების მოულოდნელი გამოსვლა მასაში და კიდევ იმიტომ, რომ შევარდნაძეს იმ დროსაც ყავდა ბევრი პირადი მტერი იმის გამო,რომ 1973-1975 წლებში, ე.წ. "ნეგატიური მოვლენების" (მექრთამეობა, მიწერები, სოციალისტური ქონების მიტაცება და ასე შემდეგ) წინააღმდეგ ბრძოლის" მოტივით, საქართველოში დაიჭირეს რამდენიმე გავლენიანი სახელმწიფო და პარტიული მუშაკი, ბიზნესმენი (იმ დროს "ცეხოვიკებს" ეძახდნენ მათ) და ათასობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანი. ზოგს ეს მოსწონდა, ზოგს - არა, მაგრამ ბევრი იყო განაწყენებული შევარდნაძეზე. ის 1972 წლის სექტემბერში დანიშნეს პირველ მდივნად და  რამდენიმე თვეში დაიწყო ეს კამპანია ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ. ამიტომ, ამ სიტუაციში მისი მოედანზე გადასვლა, ყველასთვის მოულოდნელი იყო.
"დინამოს"  სტადიონის მოედანზე გამოსვლის ეპიზოდი, შევარდნაძემ მოგვიანებით, 2006 წელს თბილისში ქართულ ენაზე გამოცემულ თავის მემუარებში, „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ აღწერა. ის წერს: „ვნებათაღელვა მსაჯის შეცდომებმა გამოიწვია. ამას ისიც დაემატა, რომ მან, თამაშის დასასრულს მოწინააღმდეგის კარში პენალტი არ დანიშნა. არ ვიცი, განზრახ გააკეთა ეს, თუ უნებლიედ, მაგრამ სტადიონის ტრიბუნები თითქოს ჩამოინგრა. ათასობით მაყურებელი მინდვრისკენ გაიჭრა, რომ არბიტრი დაესაჯა. ძლივს მოვახერხეთ მსაჯის  დამალვა სტადიონის მიწისქვეშა ოთახში და მაშინ გულშემატკივრების რისხვა წესრიგის დამცველებს დაატყდა თავს. ქვებს ესროდნენ სამთავრობო ტრიბუნასაც,სადაც მე ვიჯექი. ორჯერ მივმართე მაყურებელს მეგაფონით, შევპირდი, რომ ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ ამაოდ. არავითარი არგუმენტი აღარ ჭრიდა. საჭირო იყო შოკისმომგვრელი მოქმედება. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი (ეს, უფრო გადახტომა იყო), ამას ნამდვილად არავინ ელოდა. რამდენიმე თანამშრომელი გამომყვა. ჩემთვის მოულოდნელად, მაყურებელმა გზა მომცა და პირდაპირ მინდორზე გავედი. მთელი მოედანი ახალგაზრდებით იყო სავსე. “ბიჭებო - მივმართე მათ, -ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით”, - ეს ვთქვი და გასასვლელისკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად, ეს უზარმაზარი მასა მე გამომყვა. გაგანია ზაფხული იყო და დიდი სიცხე იდგა, თან  "გამცილებელთა" ცხელი სუნთქვა მდევდა, სული მეხუთებოდა. ჩემი ტანსაცმელი ოფლით ისე გაიჟღენთა, რომ იტყვიან, გასაწური იყო. ნახევარი კილომეტრი ვიარე სტადიონიდან, მეტი აღარ შემეძლო, სუნთქვა მიჭირდა და გარშემომყოფთ მივმართე: „გამიგეთ, უბრალოდ, ცუდად ვარ, სადაცაა წავიქცევი“.... ეტყობა, ადამიანის ფერი  აღარ მედო. ახალგაზრდებმა წრე გააკეთეს და ამოსუნთქვის საშუალება მომცეს. შემდეგ თანდათანობით დამშვიდდნენ და ნელ-ნელა დაიშალნენ კიდეც. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა: იმ დღეს, სტადიონზე დიდი სისხლისღვრა ავიცილეთ“.
ეს არის, რაც ედუარდ შევარდნაძემ დაწერა მემუარებში 2006 წელს. მანამდე კი, 1997 წლის ივლისში, აღნიშნული ინციდენტის 20 წლისთავზე, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიაში, მაშინდელი პრეზიდენტის, შევარდნაძის ჩვეულებრივი, ყოველკვირეული პრესკონფერენცია ტარდებოდა. მე მას ვკითხე: „ამბობენ, რომ მაშინ, 1977 წელს, თქვენ სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროში გამოგიძახეს და საყვედური  მოგცეს იმისთვის, რომ დაარღვიეთ ინსტრუქცია და მოედანზე გახვედით, სადაც გამწარებული მაყურებელი იყო. ეს მართალია?“ შევარდნაძემ ასე მიპასუხა: „კი, სსკპ ცკ-ს პოლიტბიუროზე იყო ამ თემაზე ლაპარაკი, ზოგიერთები ითხოვდნენ ჩემს დასჯას, მაგრამ ლეონიდ ბრეჟნევმა (სკკპ ცკ გენერალური მდივანი) შეაჩერა ისინი და უთხრა: „შესაძლოა, ედუარდ ამბროსიჩმა დაარღვია ინსტრუქცია, მაგრამ მან თავიდან აიცილა სისხლისღვრა“. პოლიტბიუროს სხვა დანარჩენმა წევრებმა ბრეჟნევს მხარი დაუჭირეს, თუმცა ზოგიერთს ჩემი დასჯა ერჩივნა.“
არ ვიცი, მართლაც ასეთ ჭრილში იყო თუ არა საუბარი პოლიტბიუროს სხდომაზე, მაგრამ შევარდნაძემ პრესკონფერენციაზე ამგვარად მიპასუხა. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე მე, როგორც ჟურნალისტს, ბევრჯერ  გამიკრიტიკებია ედუარდ  შევარდნაძის პოლიტიკა დამოუკიდებელი საქართველოს  მისი ხელმძღავნელობის პერიოდში(ის იყო ქვეყნის მეთაური 1992 წლის მარტიდან, 2003 წლის ნოემბრამდე) იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო, ან არ მოინდომა საქართველოს უმთავრესი პრობლემების გადაწყვეტა და ქვეყანა მიიყვანა დიდ კრიზისამდე, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თბილისში, დინამოს სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს,  საკმაოდ გონივრულად და გაბედულად მოიქცა.
რაც შეეხება ბატონ რ.იუშკას, ასეთ გამოცდილ არბიტრს, 35 წლის შემდეგ შეეძლო, ნაწილობრივ მაინც ეღიარებინა თავისი უხეში შეცდომები, რომელმაც სამწუხაროდ, დაძაბა სიტუაცია თბილისის სტადიონზე. ბუნებრივია, მე არ ვემხრობი მაყურებლების ფეხბურთის მოედანზე არასანქცირებულ გადასვლას და მსაჯების ფიზიკურ ანგარიშსწორებას, სადაც არ უნდა იყოს ეს: თბილისში, ვილნიუსში, მადრიდში, მიუნხენსა თუ სხვაგან, მაგრამ გამოცდილი მსაჯების უხეშ შეცდომებს არანაირი გამართლება არ აქვს და მით უფრო, მათ მცდელობას, 20-35 წლის შემდეგ იმართლონ თავი და შეცდომები არ აღიარონ. მითუმეტეს, რომ იმ მატჩის შემდეგ, შესაბამისმა საკავშირო საფეხბურთო ინსტანციებმა დისკვალიფიკაცია მისცეს რ.იუშკას 1977 წლის ბოლომდე, მაგრამ მატჩი "ზარიასთან" გადათამაშებული არ ყოფილა და ძალაში დარჩა ფრე, 0-0. 1978 წლიდან, იუშკა კვლავ მსაჯობდა სსრკ უმაღლესი ლიგის მატჩებს და ევროპის საკლუბო ტურნირებისა და ევროპის ჩემპიონატის ნაკრებების შეხვედრებს, თუმცა მას აღარ ნიშნავდნენ არბიტრად თბილისში ჩასატარებელ მატჩებზე. ესეც გასაგებია.
მიუხედავად იმისა, რომ "ზარიას" ვერ მოვუგეთ, 1977 წელს თბილისის დინამოელები სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონები, ხოლო 1978 წელს ჩემპიონები გახდნენ. ეს იყო იმ გუნდის აღმავლობის მეორე წელი (1976 წელს დინამომ პირველად მოიგო სსრკ თასი, დაამრცხა რა ფინალში ერევნის "არარატი"), აღმავლობისა გუნდისა, რომელმაც 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს. ..
 
რაც შეეხება იუშკას და მის ამასწინანდელ განცხადებებს, სამი დღის წინ, მე დავუკავშირდი ლიტვის ერთ-ერთ პოპულარულ გამოცემას, რომელშიც დაიბეჭდა იუშკას მიერ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გაკეთებული განცხადებები 1977 წლის 23 ივლისში თბილისში ჩატარებულ ზემოაღნიშნულ მატჩზე. ვუთხარი კოლეგებს ლიტვაში, რომ ვარ ამ მატჩის თვითმხილველი და ჟურნალისტი, რომელსაც ამ თემაზე მანამდეც ჩაუტარებია გარკვეული კვლევა. ლიტველმა კოლეგებმა შემომთავაზეს დამეწერა სპეციალურად მათთვის, შედარებით მცირე მოცულობის მასალა 1977 წლის 23 ივლისის მატჩზე. მე გავუგზავნე მათ შესაბამისი ტექსტი და ისინი დამპირდნენ, რომ თარგმნიან ლიტვურ ენაზე და  აუცილებლად დაბეჭდავენ ამ მასალას. ვუთხარი მათ "აჩუ"   - ეს, ლიტვურად მადლობას ნიშნავს და ვთხოვე, ჩემი მასალის დაბეჭდვის შემდეგ გამოეგზავნათ ის ინტერნეტით. ამ ეტაპზე, გასაგები მიზეზების არ ვასახელებ რომელ ლიტვურ გაზეთში, ან სპორტპორტალში დაიბეჭდება ეს მასალა, მაგრამ როცა მივიღებ ლიტვიდან შეტყობინებას ამ მასალის დაბეჭდვის შესახებ, ამასაც შეგატყობინებთ. ლიტვა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ამიტომაც, იქაურმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ბატონი იუშკა, უბრალოდ, თავს იმართლებს და ცალმხრივად აღწერს  1977 წლის 23 ივლისს თბილისის "დინამოს" სტადიონზე მომხდარ მოვლენებს.
 
მკითხველს ვთავაზობთ იმ მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობებს.
 "დინამო" თბილისი - "ზარია" ვოროშილოვგრადი - 0: 0

"დინამო": გოგია, ხიზანიშვილი, კანთელაძე (დარასელია, 25),  ხინჩაგაშვილი, კოსტავა, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი (შენგელია, 58), ყიფიანი, ჩელებაძე
 
"ზარია": ტკაჩენკო, პინჩუკი, მალიგინი, იგნატენკო, რაბოჩი, ჟურავლიოვი, კუზნეცოვი, ანდრეევი, სოროკალეტი(კობზარევი, 78), კუკსოვი, სემიონოვი.

1977 წელს "ზარია" არ იყო იმ სიძლიერის გუნდი, როგორც 1972 წელს, როცა ის სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, მაგრამ 1977 წელსაც არ იყო იოლად დასამარცხებელი კლუბი და შემადგენლობიდან ჩანს, რომ მათ რიგებში გამოცდილი და რამდენიმე ნაჩემპიონარი ფეხბურთელიც გამოდიოდა...
 
 

თენგიზ პაჭკორია, სპეციალურად  www.worldsport.ge-თვის

 

P.S. ლიტვის ერთერთმა ინტერნეტპორტალმა გამოაქვეყნა ის მასალა,რომელიც თ.პაჭკორიამ გაუგზავნა მათ რუსულ ენაზე ზემოხსენებული მატჩის შესახებ.ლიტველმა კოლეგებმა თარგმნეს ის მასალა და განათავსეს საიტზე.დააჭირეთ ლინკს. 

http://bendraukime.lrytas.lt/-13474382191345844349-kas-%C4%AFvyko-tbilisio-stadione-1977-metais.htm


 

0.117406